უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერმა, სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთს.
„ეიბისი ნიუსთან“ საუბარში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტს რუსეთზე ზეწოლის ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს: სანქციები, ეკონომიკური ბლოკადები, იარაღის პაკეტები უკრაინისთვის და ევროპელი ლიდერების ერთიანობა მის გარშემო.
„და ამიტომ პრეზიდენტ ტრამპს ყოველივე ეს შეუძლია. ასე ვფიქრობ. მე მსურს, მადლობა გადავუხადო სენატსაც. ვიცი, რომ არსებობს დადებითი სიგნალები სენატორებისა და კონგრესმენების მხრიდან სანქციების პაკეტთან დაკავშირებით, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ამზადებს… ეს კარგი, ძლიერი ნაბიჯებია. თორემ როგორ უნდა ვისაუბროთ ადამიანებთან, რომლებიც ძალის გარდა სხვა არაფერს იგებენ?“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ვატიკანში ტრამპთან გამართულ მოლაპარაკებებზე. მისი თქმით, სწორედ ეს შეხვედრა დაეხმარა მას ამერიკის პრეზიდენტთან ურთიერთობის უკეთესობისკენ შეცვლაში. ზელენსკის შეფასებით, ოვალურ კაბინეტში 28 თებერვალს გამართული შეხვედრა რთული იყო, ხოლო ვატიკანში ხანმოკლე შეხვედრა კარგი და პროდუქტიული.
„მსურს, მჯეროდეს, რომ დონალდ ტრამპთან ნორმალური, პროფესიონალური ურთიერთობა გვაქვს. მე არ მაქვს საკმარისი კონტაქტები პრეზიდენტ ტრამპთან, რომ ვთქვა, თუ რა სახის ადამიანური ურთიერთობა გვაქვს. საჭიროა დრო, საჭიროა შესაძლებლობები. 15 წუთმა ვატიკანში იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ოვალურ კაბინეტში ადამიანების დიდ წრეში შეხვედრამ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.