კვირა, ივნისი 8, 2025

შალვა პაპუაშვილი – ელჩები უნდა იყვნენ თავიანთი ქვეყნის წარმომადგენლები და არა მასპინძელი ქვეყნის მენტორები, ქართველმა ხალხმა საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება დააგროვეს, რათა უცხოური ჩარევა დანახვისთანავე ამოიცნოს

ვინაიდან, ბოლოს და ბოლოს, მშვიდობა კვლავ ხდება რეგიონული და მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე სასურველი მიზანი, ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა კვლავ უნდა აქციონ დიპლომატია ურთიერთგაგების, მშვიდობის დამყარებისა და თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს საშუალებად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში დიპლომატია გამოიყენება მისი რეალური მიზნის სრულიად საპირისპირო შედეგების მისაღწევად – პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, მათი გაღვივებისთვის.

„სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ხშირად ვხედავთ, რომ დიპლომატია გამოიყენება არა როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ინსტრუმენტი, არამედ როგორც პროპაგანდის, შიდა საქმეებში ჩარევისა და ხელისუფლების გარედან შეცვლის საშუალებაც კი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დიპლომატია გამოიყენება მისი რეალური მიზნის სრულიად საპირისპირო შედეგების მისაღწევად – პრობლემების გაღვივებისთვის და არა მათ გადასაჭრელად.

სახელმწიფოებს მრავალი საშუალება აქვთ თავიანთი პოლიტიკური პრეფერენციებისა და უკმაყოფილების გამოსახატავად, მაგრამ როდესაც დიპლომატია არა უთანხმოების გადასაწყვეტად, არამედ მის გასაღრმავებლად გამოიყენება, ჩვენ ვართმევთ შანსს მშვიდობასა და თანამშრომლობას, რამაც მსოფლიო უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს.

როდესაც ვხედავთ, რომ აკრედიტებული დიპლომატები ცდილობენ მასპინძელი ქვეყნის საშინაო საქმეებში ერთი კონკრეტული პოზიციის მხარდაჭერას, პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას, იდეოლოგიური მიზნებისთვის ექსტრემიზმის წაქეზებას, მთავრობაზე ზეწოლას ომში ჩასათრევად, და “რევოლუციის” გზით ხელისუფლების შეცვლის ხელშეწყობასაც კი, გვახსენდება საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკა, რომელიც ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის დიპლომატიის გამოყენებით, “მსოფლიო რევოლუციის” წახალისებას ისახავდა მიზნად.

როდესაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩები თავიანთ უფლებამოსილებებს აჭარბებენ, ჩვენი ერთადერთი გზა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა. ქართველებს, საბჭოთა პერიოდიდან, ჯერ კიდევ კარგად გვახსოვს კომუნისტური პარტიის ე.წ. მეორე მდივნის ინსტიტუტი, რომელიც ექსკლუზიურად მოსკოვიდან ინიშნებოდა და საქართველოს შიდა საქმეებში გადამწყვეტი სიტყვა ჰქონდა. ამ მტკივნეული გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ, „მეორე მდივანს“, დანახვისთანავე ვცნობთ.

გარდა ემოციური განზომილებისა, არსებობს აღნიშნული საკითხის სამართლებრივი ასპექტიც: „ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“ ხაზს უსვამს დიპლომატების უფლებებსა და მოვალეობებს, როდესაც განსაზღვრავს, რომ „დიპლომატიური მისიების ყველა წარმომადგენლის მოვალეობაა… პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს. მათ, ასევე, აქვთ ვალდებულება, არ ჩაერიონ ამ სახელმწიფოს შიდა საქმეებში“, – წერს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რასაც ბოლო რამდენიმე წელია ვუყურებთ, ღიად ეწინააღმდეგება ვენის კონვენციას, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.

,,კონკრეტული პოლიტიკოსებისადმი პირდაპირი მხარდაჭერის გამოხატვა, პოლიტიკური პარტიების საქმიანობის დაფინანსება, პოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობასთან დაკავშირებით მოსაზრებების გამოთქმა და საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობის პრეტენზიის გამოხატვა – ეს არის იმ საქმიანობის არასრული სია, რომლებიც საქართველოში ზოგიერთი უცხოური მისიისა და დიპლომატისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

არ არსებობს პრივილეგია პასუხისმგებლობის გარეშე. როდესაც უცხოელი დიპლომატები მოქმედებენ როგორც ადგილობრივი პოლიტიკოსები, ისინი მზად უნდა იყვნენ, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე, რაც მათ კრიტიკის ლეგიტიმურ სამიზნედ აქცევს. ასეთი კრიტიკა კი ვერ იქნება განხილული „თავდასხმად“. ადგილობრივი პოლიტიკოსების პოლიტიკური დღის წესრიგის კოპირებითა და მათი გზავნილების გამეორებით, დიპლომატებმა თავი არ უნდა გააიგივონ ადგილობრივ პოლიტიკოსებთან. ქართველმა ხალხმა საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება დააგროვა, რათა უცხოური პოლიტიკური მიკერძოებულობა და ჩარევა დანახვისთანავე ამოიცნოს.

ელჩები უნდა იყვნენ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლები, და არა მასპინძელი ქვეყნის მენტორები. პირადი დამოკიდებულებებისა და პროფესიული მოვალეობების აღრევა დიპლომატიური ურთიერთობების არსს ეწინააღმდეგება. როგორც ვენის კონვენციაშია აღნიშნული, „მიმღებ სახელმწიფოსთან ყოველგვარი ოფიციალური საქმიანობა, რომელიც მისიას წარმგზავნი სახელმწიფოს მხრიდან ევალება, უნდა განხორციელდეს მიმღები სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ან მისი მეშვეობით“. როდესაც დიპლომატები, მათი საეჭვო ქმედებების გამო, ვერ ახერხებენ მასპინძელი ქვეყნის ოფიციალურ ინსტიტუტებთან სათანადო კომუნიკაციას და, სანაცვლოდ, პროპაგანდას ეყრდნობიან, ეს სხვა არაფერია, თუ არა დიპლომატის როლზე უარის თქმა და მასპინძელი საზოგადოების საკუთარ გემოვნებაზე მორგების მცდელობა.

ისტორიის ამ ტურბულენტურ პერიოდში, დიპლომატიის თავის კუთვნილ ადგილას დაბრუნება უდიდეს სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ისე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს,“- წერს პაპუაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სეისმური მონიტორინგის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

სეისმური მონიტორინგის ცენტრი განცხადებას ავრცელებს.„დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, სეისმური მონაცემების მუდმივი გადმოცემის პროცესისა და მიწისძვრის რეაგირების სისტემის მუშაობის შესაძლო, დროებითი შეფერხება მოხდეს.დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ცენტრი გაცნობებთ, რომ ქვეყანაში არსებული სეისმური და გეოდეზიური ქსელის მონაცემების გადმოცემაში შესაძლოა დროებითი შეფერხება წარმოიშვას, რაც მიწისძვრის რეაგირების სისტემის ფუნქციონირებაზე მოახდენს გავლენას.სერვისის გაუმჯობესების მიზნით, კომპანია მაგთიკომი განახორციელებს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას 2025 წლის 9 ივნისს, 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე. აღნიშნულ პერიოდში მობილური მომსახურება, მათ შორის მონაცემთა გადაცემა (GPRS), შესაძლოა შეფერხდეს. შესაბამისად, დროებით შეწყდება სეისმური სადგურებიდან მონაცემთა შეუფერხებელი გადმოცემა.ამან შესაძლოა შეფერხება გამოიწვიოს მიწისძვრის რეაგირების სისტემის მუშაობაში, რაც დამოკიდებულია სეისმური სადგურებიდან მონაცემების უწყვეტ მიღებაზე. ჩვენი გუნდი, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, მიწისძვრის ხდომილების შემთხვევაში, შეფერხებით, მაგრამ მაინც ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას ეპიცენტრისა და მაგნიტუდის შესახებ.დამატებით ინფორმაციას ქსელის ფუნქციონირების სრულად აღდგენის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კორი გაუფი როლან გაროსის ჩემპიონი გახდა

დასრულდა როლან გაროსის ქალთა ტურნირი, რომლის ფინალში ამერიკელმა კორი გაუფმა სამ სეტში დაამარცხა მსოფლიო კლასიფიკაციის პირველი ნომერი არინა საბალენკა – 6:7(5), 6:2, 6:4.ეს ამ ჩოგბურთელების მე-11 შეხვედრა იყო პროფესიულ ტურში – როლან გაროსის ფინალამდე მათ 5-5 გამარჯვება გაცვალეს.ფინალი უკეთ საბალენკამ დაიწყო და 20 წუთში 4:1 და 40:0 დაწინაურდა, მაგრამ გაუფმა შეძლო სიტუაციის გამოსწორება. პარტიის ბოლოს საბალენკამ ორჯერ ვერ შეძლო სეტზე ჩაწოდება და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ამერიკელი 4:1-სა და 5:3-ს იგებდა, მაგრამ მისმა მეტოქემ სეტი ზედიზედ ოთხი ქულის მოგებით დახურა.მეორე სეტის დასაწყისი პირველს ჰგავდა, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად 4:1 გაუფი დაწინაურდა. ამერიკელმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.მესამე სეტში გაუფმა ზედიზედ სამი გეიმი აიღო და 3:1 გავიდა წინ. ამერიკელს უპირატესობის განვრცობაც შეეძლო, მაგრამ საბალენკამ ბრეიკ-პოინტები მოიგერია და ანგარიში გაათანაბრა – 3:3. თუმცა, ამის შემდეგ, რეიტინგის ლიდერმა ნულზე წააგო საკუთარი მოწოდება, უკუბრეიკი ვეღარ შეასრულა და გაუფმა კარიერაში პირველად მოიგო როლან გაროსი.შეხვედრა 2 საათი და 42 წუთი გაგრძელდა, რომლის დროსაც გაუფმა 21 ბრეიკ-პოინტიდან 9 გამოიყენა, საბალენკამ – 13-დან 6. ამერიკელს „ვინერსებისა“ და არააუცილებელი შეცდომების რაოდენობა თანაბარი ჰქონდა (30/30), მისმა მეტოქემ კი 37 „ვინერსი“ შეასრულა და 70 (!) არააუცილებელი შეცდომა დაუშვა.ახლა, 21 წლის კორი გაუფი „დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ჩემპიონია. მანამდე მან 2023 წელს აშშ-ის ღია პირველობა მოიგო და მაშინაც ფინალში საბალენკა დაამარცხა. სულ ამერიკელს კარიერაში WTA-ის დონეზე 10 ტიტული დაუგროვდა.როლან გაროსზე გამარჯვებისთვის გაუფმა 2.9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ჯეი დი ვენსი – მე ყოველთვის პრეზიდენტის ერთგული ვიქნები და იმედი მაქვს, საბოლოოდ ილონ მასკიც დაუბრუნდება

უბრალოდ ვფიქრობ, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის მხრიდან უდიდესი შეცდომაა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანთან ომი, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.ვენსის თქმით, არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა ილონ მასკი დონალდ ტრამპის კეთილგანწყობის დაბრუნებას.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მასკის მხრიდან აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმა „დიდი შეცდომა“ იყო.„მე ყოველთვის პრეზიდენტის ერთგული ვიქნები და იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ილონიც დაუბრუნდება. შესაძლოა, ეს ახლა შეუძლებელია, რადგან ის ძალიან ფეთქებადი გახდა. ის და პრეზიდენტი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ თუ დაუპირისპირდებიან, რაც მთავარია, ეს ქვეყნისთვის ცუდი იქნება, მაგრამ არ მგონია, ეს ილონისთვისაც კარგი იყოს“, – განაცხადა ჯეიმს დევიდ ვენსმა.

დავით ქაჯაია „ევრონასკარის“ ბრიტანეთის ეტაპზე „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ისტორიაში პირველად ქართველი მრბოლელები დავით ქაჯაია და სანდრო თავართქილაძე „EuroNASCAR“-ზე ასპარეზობენ. „NASCAR“-ის ევროპის სერიების ბრიტანეთის ეტაპზე, დავით ქაჯაიამ „ჩელენჯერის თასზე“ პირველი ადგილი დაიკავა.დავით ქაჯაია „პრო“ დივიზიონში ასპარეზობს, სანდრო თავართქილაძე კი „ღია“ კატეგორიაში, რომელიც, ასევე, დღეს იასპარეზებს.„ევრონასკარის“ ფარგლებში სულ შვიდი ეტაპი იმართება. ქართველმა მრბოლელებმა „NASCAR“-ის ევროპის სერიებში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც იტალიაში კრემონას ავტოდრომზე 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ვილი სანიოლი – კაბო ვერდეს ნაკრები ფარერებზე ძლიერია და მეტი კონცენტრაცია დაგვჭირდება

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კაბო ვერდესთან ამხანაგურ შეხვედრამდე ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.„ვფიქრობ, კაბო ვერდეს ნაკრები ფარერებისგან განსხვავებული სტილისაა და უფრო ძლიერი მეტოქეა. ჩვენს ფეხბურთელებს მეტი მონდომება და კონცენტრაცია დასჭირდებათ. საკუთრ მოედანზე ვთამაშობთ და ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებმაც ფარერებთან ითამაშეს, კიდევ დავაკვირდები და შევეცდები, თავის გამოჩენის შანსი მაქსიმალურად ბევრს მივცე.ივნისი ფეხბურთელებისთვის რთული პერიოდია, მაგრამ შეკრებაზე გამოძახებული მოთამაშეების მიდგომით კმაყოფილი ვარ. მათ დამოკიდებულებაში დისციპლინა და ამბიცია იგრძნობა. საერთოდ, 2022 წლის ერთა ლიგიდან მოყოლებული, ნაკრებში შექმნილი ატმოსფეროთი კმაყოფილი ვარ.მატჩის მასპინძელი ქალაქის შერჩევაში არ ვმონაწილეობ, მაგრამ ეროვნული ნაკრები მთელ ქვეყანას ეკუთვნის და ფედერაციის სტრატეგიაა, რომ რეგიონებშიც ვითამაშოთ, ქუთაისში თამაშის დანიშვნა მეც ძალიან მომწონს.…ფარერებთან პირველი ნახევარი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ შესვენების შემდეგ ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვერ დავრჩი. მთავარია, შეცდომები ხვალ აღარ გავიმეოროთ, ვიმეორებ, კაბო ვერდე უკეთესი გუნდია და მასთან წარმატების მისაღწევად მეტი კონცენტრაციაა აუცილებელი“.

ბოლო სიახლეები