გიორგი ქოჩორაშვილი ემოციური სიტყვებით დაემშვიდობა „ლევანტეს“, რომელმაც ლა ლიგა 2-ის 2024/2025 წლის სეზონი გამარჯვებით დაასრულა. 25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გუნდის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებაში დიდი წვლილი შეიტანა. ის ახალი სეზონიდან ლისაბონის „სპორტინგში“ ითამაშებს.
ქოჩორაშვილმა მადლიერება გამოხატა „ლევანტეს“ გულშემატკივრებისა და კლუბის მიმართ:
„გამარჯობა, გულშემატკივრებო. უპირველესად, მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, რომლებმაც ვარჯიშის დროს ჩემი ვარდნები აიტანეს. მადლობა მწვრთნელსა და მთელ ტექნიკურ პერსონალს ბოლომდე მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, მადლობა ჩემს ოჯახს – მათ გარეშე ჩემი წინსვლა შეუძლებელი იქნებოდა.
მადლობა ყველას, ვინც „ლევანტესთან“ არის დაკავშირებული – 19 წლის ასაკში პატარა ბიჭი ჩამოვედი და კაცი მივდივარ. თქვენი დახმარება გადამწყვეტი იყო ჩემს განვითარებაში. ეს არ არის დამშვიდობება, აუცილებლად შევხვდებით მომავალში“, – აღნიშნა ქოჩორაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2025/2026 წლის სეზონში გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგთან“ ერთად უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.