სალომე ზურაბიშვილმა ძალიან მკაფიო წინადადება წარადგინა – ეს არის ახალი და არა არსებული წესებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის წინადადებაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან ალტერნატივა არ გახმოვანებულა
„გუშინ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქვეყანა არის სერიოზულ ჩიხში, საიდანაც სალომე ზურაბიშვილმა გამოსავალი წინააღმდეგობის პლატფორმის სახელით თქვა – ეს არის ახალი და არა არსებული წესებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, ან საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, თვითმმართველობის არჩევნები და არა – პირიქით, ანუ, თვითმმართველობის არჩევნებამდე, საპარლამენტო არჩევნები. 4 ოქტომბერს რაც იგეგმება, ეს არჩევნები არ არის და მე სრულად ვიზიარებ ამ წინადადებას. საპირისპიროდ არაფერი არ მომისმენია „ქართული ოცნების“, ივანიშვილი-კობახიძის დაჯგუფებისგან, რომ რამეს სთავაზობს საზოგადოებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, პოლონეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერაა.
„საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი პირდაპირ მკაფიოდ ამბობენ, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროინტეგრაციის გზა, „ქართულმა ოცნებამ“ ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე უარი უნდა თქვას და ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ. ჩიხიდან და კრიზისიდან, რომელიც შექმნა ივანიშვილ-კობახიძის დაჯგუფებამ, ჩვენ ძალიან მკაფიო, სალომე ზურაბიშვილმა ძალიან მკაფიო წინადადება წარადგინა. „ქართული ოცნების“ მხრიდან ალტერნატივა არ მომისმენია. მხოლოდ და მხოლოდ დაჭერა? გეგმა უნდა დადოს იმან, ვინც ეს კრიზისი გამოიწვია. „ქართული ოცნება“ პასუხისმგებელია იმ უმძიმეს ჩიხზე და კრიზისზე, რაც დღეს ქვეყანაშია. ერთი სიტყვა მაინც თუ გსმენიათ მათგან. იმედი მაქვს, ზუსტად იმავე მონდომებით დაუსვამთ კობახიძეს კითხვას, ჩვენ არ გვაქვს მასთან კონტაქტი, თქვენ, პროპაგანდისტულ მედიას გაქვთ კონტაქტი, შეგიძლიათ, დაუსვათ კითხვა. არჩევნებში ვხედავთ კრიზისიდან გამოსავალს. ისინი რას ხედავენ? ერთხელ მაინც გაბედავთ? დღეს მიტაცებული აქვთ ძალაუფლება, ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია. თვალებს თუ გაახელთ და პროპაგანდისტულად არ შეხედავთ ამ ყველაფერს და რეალობას არ გააყალბებთ, ამას თქვენც დაინახავთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.