საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინიციატივით, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, ფაკულტეტების ჩართულობით და სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან პარტნიორობით, მასშტაბური ფორუმი – „დასაქმების კვირეული – 2025“ გაიხსნა, რომელშიც 170-მდე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია, სტუ-ის ყველა ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ასევე, პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობენ.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, დასაქმების ფორუმით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აგრძელებს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების მხარდაჭერას. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დასაქმების კვირეულზე ყველა ის ახალგაზრდა მიიწვია, ვინც წელს სტუ-ის კურსდამთავრებული ხდება, ასევე ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები.
საუნივერსიტეტო „დასაქმების კვირეული – 2025“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ პირველ სასწავლო კორპუსში გახსნა და სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და დამსაქმებელ ორგანიზაციებს წარმატებები უსურვა.
რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიზანია, დასაქმებისა და კარიერული ზრდის მიმართულებით, ქმედითი მხარდაჭერა აღმოუჩინოს ახალგაზრდებს და ისინი საქართველოს შრომის ბაზარზე მოქმედ ავტორიტეტულ ორგანიზაციებსა და ბიზნესკომპანიებთან საუნივერსიტეტო სივრცეში დააკავშიროს.
„რამდენიმე წელია დასაქმების ფორუმმა შთამბეჭდავი მასშტაბები შეიძინა და ეფექტიანი საუნივერსიტეტო პლატფორმა გახდა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა მხარდასაჭერად, ასევე, უნივერსიტეტს, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და ინდუსტრიებს შორის პარტნიორობის გასაღრმავებლად. მოხარული ვართ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმზე ქართული კომპანიების ასეთი სიმრავლეა. დასაქმების კვირეული დღეს გაიხსნა და ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სასწავლო კორპუსში, ფაკულტეტების აქტიური ჩართულობით გაგრძელდება. საუნივერსიტეტო ფორუმზე დამსაქმებელი ორგანიზაციების ასეთი სიმრავლე ოპტიმიზმის რეალურ საფუძველს გვაძლევს. კვირეულზე ველით ქვეყნის შრომის ბაზარზე მოქმედ 170-მდე ავტორიტეტულ ორგანიზაციას და ბიზნესკომპანიას, რომლებიც ახალგაზრდებს აქტიურ ვაკანსიებსა და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამებს შესთავაზებენ. ეს პროფესიის მიხედვით დასაქმების უნიკალური შესაძლებლობაა. სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა და მასთან დაკავშირებული მიდგომების საუნივერსიტეტო სივრცეში გააქტიურება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. თავისთავად, აღნიშნული პროცესი მომავალი თაობის პროფესიონალ სპეციალისტებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და ამავდროულად, მიზნად ისახავს უმაღლესი თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, დამსაქმებელ ორგანიზაციებთან უწყვეტი კავშირის შენარჩუნებას და მათი რიგების შევსებას იმ ახალგაზრდა პროფესიონალებით, რომელთაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრეს. ორგანიზაციებსა და ინდუსტრიებს სწორედ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ კვალიფიციურ კადრებზე დაყრდნობით შეაქვთ უდიდესი წვლილი საქართველოს ეკონომიკის აღმავლობაში. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და ყველა ორგანიზაციას, რომელიც საუნივერსიტეტო დასაქმების ფორუმში მონაწილეობს“, – აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.
როგორც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე ამბობს, დასაქმების ყოველწლიური მასშტაბური ფორუმის ჩატარება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე ტრადიციად იქცა. ფორუმი, რომელმაც მიმდინარე წელს კვირეულის ფორმატი შეიძინა, საუნივერსიტეტო სივრცეში უკვე მეოთხედ ტარდება.
„სხვა პრიორიტეტებთან ერთად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს ჯანსაღი ამბიცია, ააშენოს ხიდი სტუდენტებსა და დამსაქმებელ ორგანიზაციებს შორის. უნივერსიტეტის ერთ-ერთი და უმთავრესი საზრუნავი, მაღალხარისხიანი სასწავლო პროცესის წარმართვის გარდა, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული ზრდა და მათი ღირსეულად დასაქმებაა. ვფიქრობთ, საუნივერსიტეტო სივრცეში კარიერული განვითარების მიმართულებით მძლავრი და ქმედითი პლატფორმა მოქმედებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ძალისხმევას არ იშურებს, ყველა ახალგაზრდას განვითარებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობები შეუქმნას. აღნიშნულის ნათელი დადასტურება წლევანდელი საუნივერსიტეტო ფორუმიც არის, რომელიც ამჯერად, მასშტაბების გაფართოების გათვალისწინებით, უკვე კვირეულის სახით შევთავაზეთ ჩვენს ახალგაზრდებს. ვიმედოვნებთ, საუნივერსიტეტო ღონისძიება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მრავალ სტუდენტსა და კურსდამთავრებულს გაუკვალავს გზას და ღირსეულად დასაქმებაში მხარდაჭერას აღმოუჩენს”, – აღნიშნავს ნატო ქათამაძე.
„დასაქმების კვირეული – 2025“-ს ვიცე-რექტორები, თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ფაკულტეტების დეკანები და აკადემიური პერსონალი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე, დამსაქმებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სტუ-ის ინფორმაციით, დასაქმების კვირეული, რომელშიც ჩართულია ყველა ფაკულტეტი, 23 მაისის ჩათვლით, მონაცვლეობით ტარდება სტუ-ის სასწავლო შენობებში: 19 მაისს – პირველ კორპუსში; 20 მაისს – მე-6 კორპუსში; 21 მაისი – მე-11 კორპუსში; 22 მაისს – მე-3 კორპუსში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული დასაქმების ფორუმის ფარგლებში, 170-მდე სხვადასხვა პროფილის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციის სტენდი იქნება განთავსებული. დამსაქმებელი ორგანიზაციები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, საერთო ჯამში, 1500-ზე მეტ ვაკანსიასა და სტაჟირების ანაზღაურებად პროგრამებს შესთავაზებენ. ახალგაზრდები ამომწურავ ინფორმაციას თუ კონსულტაციებს უშუალოდ ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მიიღებენ, სასურველ ვაკანსიებს შეარჩევენ და განაცხადებს ადგილზე შეავსებენ. 23 მაისს კი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაცია „დასაქმების კვირეული – 2025“-ის შედეგებს შეაჯამებენ.