კოშმარულ სიზმარში მეგონა თავი, ისეთი დასჯა და დაუნდობელი ცემა, ანგარიშსწორება დაიწყო, მეგონა, სხვაგან ვიყავი. ჩემს თვალსაწიერზე გაიარა, როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ ყველას, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ვეტერანმა მოჭიდავემ, ლუკა კურტანიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
ლუკა კურტანიძის თქმით, ცნობადი ადამიანების სამაგალითოდ დასჯა ხდებოდა, რათა დანარჩენი ხალხისთვის ეს ყოფილიყო მაგალითი, რომ არავის დაინდობდნენ.
ლუკა კურტანიძე ამბობს, რომ 26 მაისის აქციაზე ხალხი პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდა.
„ყველა სფერო მოიცვა იმ შიშმა, იმ რეჟიმმა, რომელიც მაშინ სუფევდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა არ მაინტერესებდა, იმხელა პროტესტი მქონდა, სხვანაირად შეუძლებელი იყო ცხოვრება. ამიტომ მქონდა ბედნიერება, საქართველოსთვის სამართლიანობისთვის მებრძოლა და ნაციონალური რეჟიმის დასასრულისთვის ჩვენი სიტყვა გვეთქვა. აქცია 21 მაისს დაიწყო, მანამდე წინ უძღოდა მთელი საქართველოს მასშტაბით შეხვედრები, შემდეგ 25-ში გადმოინაცვლა პარლამენტის წინ. მიუხედავად ინფორმაციისა, რომ იქნებოდა სადამსჯელო სპეცოპერაცია, უამრავი ადამიანი გადაცმულფორმიანი მოდიოდა და გვაფრთხილებდნენ, რომ დაშლილიყო აქცია, მაგრამ ათასობით ადამიანი დარჩა. ლიდერებს, რომლებიც იქ ვიყავით, გვქონდა უდიდესი პასუხისმგებლობა, ამ აქციაზე ბოლომდე ვყოფილიყავით. როცა მოსაღამოვდა, უფრო და უფრო დაიძაბა ვითარება და 25 მაისის მიწურულს, თორმეტს აკლდა 10 წუთი, მერიიდან ერთ-ერთი წარმომადგენელი, დოლიძე მობრძანდა, წაიკითხა, რომ უნდა დავშლილიყავით, თორემ დაიწყებოდა სპეცოპერაცია.
ხალხს, რომელიც იქ ვიყავით, გვქონდა პასუხისმგებლობა და ვიდექით ჩვეულებრივად, ყოველგვარი დესტრუქციული ნაბიჯების გარეშე, ატრიბუტებს, რომლებიც მოწყობილი იყო 26 მაისისთვის, ყველა ვუფრთხილდებოდით, ყველაფერს ვიცავდით, რომ რამე არ დაზიანებულიყო.
ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალს იმ მარაზმს, რაც ხდება, როდესაც ბორდიურზე გადასვლა კი არა, იწვის პოლიციის მანქანები, ზოგიერთი პოლიტიკოსი ხელით ეხება პოლიციას და ა.შ. შედარება არ შეიძლება, მაშინ ჩვენ ვიცავდით იმ პროტოკოლს, რასაც მშვიდობიანი დემონსტრაცია ჰქვია. 26 მაისის პირველ წუთებზე დაიწყო შემოტევა სხვადასხვა მხრიდან და რკალი ნელ-ნელა შეიკრა.
მხუთავი საშუალება იყო გამოყენებული, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი, დაიწყო დარბევა, დასჯა მომიტინგეების და სასტიკი გასწორება, რომელიც ყველამ ვიცით.
მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვემსახურებოდი საქართველოს და საქართველოს სახელით უმაღლეს კვარცხლბეკზე თვალცრემლიანი ვიდექი, რადგან ერს და სამშობლოს ვემსახურებოდი. კოშმარულ სიზმარში მეგონა თავი, ისეთი დასჯა და ისე დაუნდობელი ცემა, ანგარიშსწორება დაიწყო, მეგონა, სხვაგან ვიყავი. ჩემს თვალსაწიერზე გაიარა, როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ ყველას. აქ იყო მაგალითი, რომ გაგანადგურებთ ყველას და ამ ხალხს, ვინც თქვენთვის მაგალითია. პირველ რიგში, ისინი ისჯებოდნენ სამაგალითოდ, რომ შიში, რომელიც სუფევდა, უფრო გაღრმავებულიყო“, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.