ვინც ცოტას აზროვნებს, გასაგებია, რომ გახარია არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, არც პარლამენტიდან გამოსვლაზე იყო თანახმა, ამომრჩევლის მოტყუების პრიმიტიული ხერხი იყო, რომ ბევრი სადღეგრძელო ეთქვათ და კონკრეტულად თავისი პოზიცია – არა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიას პარტია ერთგვარი ინტელექტუალური ტესტია ქართველი ამომრჩევლისთვის.
„პარტია, რომელიც სულ იტყუება და არასდროს ლაპარაკობს ღიად, არ აყალიბებს მკაფიოდ თავის პოზიციებს და დიდ მხარდაჭერას იღებს ჩვენს საზოგადოებაში, ეს ცუდად მეტყველებს ამომრჩეველზე. იმედია, ამ არჩევნებზე ასეთი არათანმიმდევრული, არაპრინციპული პოზიციები, ტყუილები, რომელიც ბევრჯერ გაჟღერდა, სათანადოდ დაფასდება ამომრჩევლის მიერ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, არჩევნებში,ზოგადად, პარტიებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა, არამარტო გიორგი გახარიას პარტიამ.
„ამაში მათ არ ვაკრიტიკებ, მაგრამ, როდესაც ამბობ, ცესკო არალეგიტიმურია, მთავრობა არალეგიტიმურია, პარლამენტი არალეგიტიმურია და ამ ცესკო-ს, მთავრობის მიერ ჩატარებულ და დანიშნულ არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა – ორპირობა ახასიათებს ამ ე.წ. ბარიერგადალახულ პარტიებს, განსაკუთრებით გახარიას. გახარიას და დანარჩენი 4,5,9,25 პარტიების რაღაც გაერთიანების ურთიერთობები ძალიან სპეციფიკურია. მაზოხისტურ ურთიერთობებს უფრო ჰგავს, როდესაც გახარია ლანძღავს ამ ხალხს და ეს ხალხი ამბობს, ჩვენ ერთად ვართ, ხმა ვისაც გინდათ იმას მიეცითო. ეს იმიტომ ხდება, რომ არანაირი იდეა ამ პარტიებს არ გააჩნიათ და რეალურად ბელადების პარტიაა. ვიღაცას ერთი ადამიანი მოსწონს, მეორეს, მეორე და რადგან ბელადების დონეზე, რაღაც ტიპის გაერთიანება არსებობს, აზრთა სხვადასხვაობის გამო დაბალ დონეზე კონფლიქტები ჩნდება, მაგრამ ფაქტია, ეს ოთხი პარტია დღემდე ერთად პოზიციონირებს, ერთად მოძრაობენ. მათ ერთნაირადაც მოიხსენიებენ – პროდასავლური კოალიცია და ა.შ. შიგნით რა ტიპის ურთიერთობებია და რატომ ლანძღავს ვიღაცას ვიღაცა – ჩემი საქმე არ არის“, – გნაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.