დიპლომატს არავითარი უფლება არ აქვს, ჩაერიოს შესაბამისი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. თუ არ ვცდები, სამი ქვეყნის ელჩი ესწრებოდა სასამართლო სხდომას, რაც არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.
კერძოდ, კობახიძეს კითხვა დაუსვეს, „ვნახეთ კადრები, როგორ ესაუბრება საქართველოში გერმანიის ელჩი ბათუმში აქტივისტებს, რომლებიც აქტიურად იბრძვიან ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა კითხვებზე პასუხს არ სცემს არცერთი მათგანი, როცა გვაინტერესებს, რა არის მათი საუბრების თემა. რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს დიპლომატის ასეთ აქტიურობას და აქტივისტებთან ასეთ შეხვედრას?“.
„ერთმანეთში რასაც განიხილავენ, ბუნებრივია, იმ თემებზე გაუჭირდებათ საჯაროდ საუბარი ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არის პირდაპირ ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. დიპლომატს არავითარი უფლება არ აქვს, ჩაერიოს შესაბამისი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, მით უმეტეს, ნახეთ, რომ კონკრეტული დიპლომატები, თუ არ ვცდები, სამი ქვეყნის ელჩი, ესწრებოდა სასამართლო სხდომას, რაც არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში, მართლმსაჯულებაში. რა თქმა უნდა, ესეც არის როგორც ვენის კონვენციის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება რეაქცია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველ ჯერზე უნდა გამოვხატოთ საკუთარი პრინციპული დამოკიდებულება ასეთ უხეშ აქტებზე. ელჩს ჩარევის უფლება არ აქვს არც შიდა პოლიტიკურ საკითხებში, მით უმეტეს, უფლება არ აქვს, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კიდევ ერთ კითხვაზე, რას გულისხმობდა პრემიერი რეაქციაში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პირველ რიგში ამაში გულისხმობს საჯარო განცხადებებს.
„პირველ რიგში, ვგულისხმობ საჯარო განცხადებებს და შეფასებას იმისას, რასაც კონკრეტული ადამიანები აკეთებენ. ისინი არღვევენ ვენის კონვენციას, უხეშად არღვევენ არა მარტო საქართველოს კონსტიტუციას, არამედ, ზოგადად, სამართლებრივ კონსტიტუციურ პრინციპებს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. სხვათა შორის, ამ სამიტზე დღეს ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო უცხოური ჩარევა სხვადასხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, არჩევნებში. ჩვენ გავაცანით პარტნიორებს ის მდგომარეობა, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. თუ ვინმეს არ მოსწონს, მაგალითად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გარე ჩარევა, იქნება ეს საარჩევნო პროცესებში თუ ზოგადად, შიდა პოლიტიკურ საკითხებში, ჩვენ იმავეს ვხედავთ საქართველოში, ოღონდ ევროპელი ბიუროკრატების და დიპლომატების მხრიდან. ეს კატეგორიულად მიუღებელია. როგორც გახსოვთ, არჩევნების წინ პირდაპირი ჩარევა იყო არჩევნებში და ახლა ვხედავთ პირდაპირ ჩარევას არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ საქმეებში, არამედ ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რაც პრინციპულად მიუღებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის“, – აღნიშნა კობახიძემ.