თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას “კოალიცია ცვლილებისთვის” თანათავმჯდომარე, ნიკა მელია ეხმაურება. მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა ის, რაც ჩათვალა, რომ უნდა გაეკეთებინა.
“ირაკლი ოქრუაშვილმა, ჩემი აზრით, გააკეთა ის, რაც მან ჩათვალა, რომ გასაკეთებელი იყო. წარმოიდგინეთ, წულუკიანი გიბარებს არალეგიტიმურ პარლამენტში, არალეგიტიმური შექმნილი კომისიის ფარგლებში, სადაც შავით თეთრზე უწერიათ, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიის ნახევარი წევრები ოპოზიციონერები უნდა იყვნენ, მხოლოდ მაშინ ექნება ამ კომისიას ძალა და არც ერთი ოპოზიციონერი იქ არ არის”, – აცხადებს ნიკა მელია.
ცნობისთვის, სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა – ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს გამართულ პროცესზე გამოაცხადა. მანამდე პატიმრობის შუამდგომლობა სხდომაზე პროკურორმა დააყენა, რომელმაც თქვა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო შეფარდებული 20 ათას ლარიანი გირაო არ გადაიხადა. ოქრუაშვილს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან.