სამშაბათი, მაისი 13, 2025

ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს.

„რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. თუმცა, პასუხი ჩვენს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მიგვიღია. მეტიც, დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის.

აღნიშნული დუმილი გასაკვირია ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის რამდენიმე მიზეზის გამო:

– პირველ რიგში, უკვე მრავალი წელია, საქართველო არის აშშ-ს ყველაზე საიმედო პარტნიორი ჩვენს ურთულეს რეგიონში, რომელსაც აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საქართველო მხარში ედგა აშშ-ს ყველაზე ცხელ წერტილებში, მათ შორის ერაყში და ავღანეთში, სადაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი. მხოლოდ ამ ორ მისიაში მონაწილეობით, ჩვენმა პატარა ქვეყანამ აშშ-ს 2.5 მილიარდი დოლარი დაუზოგა, რაც აშშ-ს ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გაწეულ რეალურ (!) დახმარებას მრავალჯერ აღემატება (რეალურ დახმარებაში არ ვთვლით თანხებს, რომელიც აშშ-ს ბიუჯეტიდან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად გამოიყო 2008-11 წლებში, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა „დიფ სთეითის” დავალებით რუსეთთან ომი დაიწყო; რეალურ დახმარებაში, ასევე, არ ვთვლით თანხებს, რომელიც ამერიკის საელჩოს, USAID-ის, NED-ის, სოროსის ფონდის და სხვა არხებით, საქართველოში რადიკალიზმისა და სიძულვილის გასაღვივებლად, რევოლუციების მოსაწყობად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმიჯის შესალახად, რელიგიური ექსტრემიზმის წასახალისებლად, სახელმწიფო ინსტიტუტების დასასუსტებლად, გენდერული და ლგბტ-პროპაგანდის საწარმოებლად და სხვა მსგავსი მიზნებით გამოიყოფოდა). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველო მრავალი წლის განმავლობაში აშშ-სთვის ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორად რჩებოდა და ამგვარი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობას დღესაც გამოხატავს, ახალი ადმინისტრაციის დუმილი როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის გასაკვირია;

– საერთაშორისო რეიტინგების თანახმად, საქართველო არის ლიდერი რეგიონში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის, კორუფციის სიმცირის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. საქართველოს ლიდერობას ადასტურებენ ისეთი ინსტიტუტებიც, რომელთა მიმართ თქვენს ადმინისტრაციას განსაკუთრებული ნდობა აქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იმ ფონზე, რომ თქვენ არაერთ, თუნდაც, ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოსთანაც აწარმოებთ აქტიურ დიალოგს და კომუნიკაციას, საქართველოსთან დაკავშირებით თქვენს დუმილს ჩვენთვის ლოგიკური ახსნა არა აქვს;

– რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ დავაკვირდებით ჩვენი ხელისუფლებისა და თქვენი ადმინისტრაციის საჯარო რიტორიკას, თვალშისაცემია სრული ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრა ჩვენს ხედვებს შორის. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით „დიფ სთეითის“, USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი სუბიექტების დანაშაულებრივ საქმიანობაზე რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე თქვენ იდენტურ განცხადებებს გააკეთებდით. ჩვენ გვაქვს სრულიად იდენტური შეფასებები უკრაინის ომთან, გენდერულ და ლგბტ-პროპაგანდასთან და მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებით. ამგვარი ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე, ქართველი ხალხის პირვანდელი მოლოდინი იყო, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც თქვენი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა. ამგვარი ინტერესი თქვენ გამოხატეთ რუმინეთისა და გერმანიის მიმართ, სადაც ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით, არადემოკრატიული აქტები განხორციელდა. თუმცა, ქართველი ხალხის და ჩვენდა გასაკვირვად, საქართველოსთან მიმართებით ამგვარი ყურადღება თქვენ დღემდე არ გამოგიჩენიათ.

მეტიც, კვლავაც ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესმა მიიღო აბსურდული კანონი – ე.წ. „მეგობარი აქტი“, რომელიც არის მტრულად გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. სიტყვა „მეგობარის“ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს კანონი გვახსენებს ჯორჯ ორუელის მოდელს, რომლის მიხედვითაც ომი არის მშვიდობა, მტერი კი – მეგობარი. სხვადასხვა პარლამენტისგან აბსურდული აქტების მიღებას ჩვენ ბოლო პერიოდში მიჩვეული ვართ და ამდენად, „მეგობარი აქტზე“ საერთოდ არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ის გარემოება, რომ ამ აქტს არაერთი სუბიექტი თქვენს ადმინისტრაციას მიაწერს. ამ აღქმას ამყარებს ის გარემოებაც, რომ თქვენს ადმინისტრაციას „მეგობარი აქტზე“ არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ყველაფრის გამო, ეს კანონი ამცირებს ქართველი ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის მიმართაც, რომელსაც ქართული საზოგადოება სხვაგვარი იმედით შეჰყურებდა.

ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები „დიფ სთეითის“ დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი. ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ. თუმცა, ჩვენი ხელისუფლება საჯარო განცხადებებში კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას რეალურად შეძლებს, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება. რეალურადაც, ამის ძალზე დიდი იმედი გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავაც გაგრძელდება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაგეგმილი რევოლუციური სცენარის მოქმედება.

შეგახსენებთ, რომ USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბება ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ „დიფ სთეითს“ რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია.

როგორც უკვე აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კითხვები კითხვებს ემატება, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითთან“ თქვენი დაპირისპირება გულწრფელია და ის „დიფ სთეითის“ დამარცხებით დასრულდება. საქართველოს ხელისუფლება მოთმინებით ელოდება ამ მომენტს, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ჩვენს ქვეყნებს შორის.
წარმატებებს გისურვებთ ამ ბრძოლაში!

ამერიკის შეერთებულ შტატებს ვუსურვებთ სიმტკიცეს და კეთილდღეობას!“ – აღნიშნულია ღია წერილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ძალიან მარტივად და პრაგმატულად უნდა შევხედოთ ჩვენ პოლიტიკას – ეს არის მშვიდობის შენარჩუნება ყველანაირ ფასად და ეკონომიკის განვითარებისთვის ბრძოლა – სოზარ სუბარი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის პოლიტიკას მარტივად და პრაგმატულად უნდა შეხედოს.მისი განმარტებით, საქართველომ ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნოს მშვიდობა და, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის განვითარებასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე იზრუნოს."ძალიან მარტივად და პრაგმატულად უნდა შევხედოთ ჩვენ პოლიტიკას. ეს არის მშვიდობის შენარჩუნება ყველანაირ ფასად და ვიბრძოლოთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაზე, საბოლოოდ, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე და არა იმაზე, თუ რა განცხადებას გააკეთებს რომელიმე ევროპარლამენტარი, რომელიმე ელჩი საქართველოში ან რა რეზოლუციას მიიღებენ ევროპარლამენტში, აშშ-ის კონგრესში თუ რომელიმე ევროპულ პარლამენტში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სალომე ზურაბიშვილი – ცხადია, „ქართული ოცნების“ წრეში დიდი ნერვიულობაა და ეს წერილიც ამისი გამომჟღავნებაა, არ ვიცი, ოდესმე წაიკითხავს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი, ალბათ, დღეს...

ცხადია, „ქართული ოცნების“ წრეში დიდი ნერვიულობაა და ეს წერილიც ამისი გამომჟღავნებაა, არ ვიცი, ოდესმე წაიკითხავს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი, ალბათ, დღეს ნაკლებად სცალია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსისადმი ირაკლი კობახიძის გაგზავნილ ღია წერილში ხელისუფლების სრული სასოწარკვეთილება ჩანს.„მოვუწოდებ საზოგადოებას, წაიკითხოს ე.წ. პრემიერის წერილი აშშ-ის პრეზიდენტთან გაგზავნილი. ეს არის, პირველ რიგში, სამარცხვინო, რადგან აქ დაცული არ არის არცერთი, არც პროტოკოლური, არც მეგობრული ურთიერთობების არანაირი ნიშანი არ გააჩნია ამ წერილს. არ ვიცი, ვინ დაუწერა, არ ვიცი, რა განწყობით დაიწერა ეს წერილი, მაგრამ აქ ჩანს სრული სასოწარკვეთილება ხელისუფლებისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა, ვერც ვერაფერს დაალაგებს, ვერც „მეგობარი აქტის“ შედეგებს ვერ დაალაგებს. ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ წრეში ძალიან დიდი ნერვიულობაა და ეს წერილი ამისი გამომჟღავნებაა. ძალიან მაინტერესებს, ოდესმე წაიკითხავს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი, ალბათ, დღეს ნაკლებად სცალია, თუმცა ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხარო არის. სამწუხარო იმიტომ, რომ ეს იქნება ძალიან გამაოგნებელი, იმ ქვეყნიდან წამოსული წერილი, რომელსაც 30 წელზე მეტია, ამერიკა ყველა კუთხით და ფორმით ეხმარება.ამერიკა, რომელმაც ჩვენ პრაქტიკულად ჯარი მოგვცა, ყოველ შემთხვევაში, მოამზადა, რომ ჰქონოდა დღევანდელი თანამედროვე სტანდარტები; ამერიკა, რომელიც მოგვეხმარა, რათა ქართული ეკონომიკა იყოს თავის ადგილას. 30 წელი ჩვენ ვიყავით ამერიკული დახმარების ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარი მსოფლიოში მოქალაქის მიხედვით. ეს არის ჩვენი პასუხი, ეს არის ქართული ტრადიციული მადლიერება. ჩვენი ტრადიციები სად იკარგება არ ვიცი, მაგრამ ეს არის მაჩვენებელი ხელისუფლების მორალურად და პოლიტიკურად ჩამოშლის. ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს უნდა დავინახოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

სადამდე გაიზრდება ინფლაცია?წლიური ინფლაცია, ზედიზედ მეორე თვეა, 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება, ხოლო მიმდინარე წლის აპრილში 3.4% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს მიზნობრივზე მცირედით მაღალი ინფლაცია ჯერ კიდევ შარშან ჩვენს საბაზო სცენარს წარმოადგენდა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინფლაციური წნეხი შედარებით გაზრდილია. კერძოდ, სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული თვიური ინფლაცია ბოლო 6 თვეში, წინა პერიოდებთან შედარებით, საკმაოდ მაღალია. გარდა ამისა, ნაწილობრივ ამოწურვის მიუხედავად, წლიური ინფლაციის მაჩვენებლებზე ჯერ კიდევ შემცირების მიმართულებით მოქმედებს ფასების ერთჯერადი ცვლილების ეფექტები რიგ პროდუქტებზე. ჩვენი მოლოდინით, ინფლაცია წლის განმავლობაში მცირედით კვლავ გაიზრდება და დეკემბრისთვის, დაახლოებით, 4%-ს მიაღწევს.2025 წლის პირველ ოთხ თვეში საშუალო ინფლაციამ 2.8% შეადგინა. შედარებისთვის, 2024 წელს საშუალო ინფლაცია 1.1% იყო. რასაკვირველია, ინფლაციის აჩქარება, გარკვეულწილად, შარშანდელი დაბალი საბაზო ეფექტითაც არის განპირობებული. 2024 წლის საშუალოსთან შედარებით, ინფლაცია ყველაზე მეტად შერეულ პროდუქტებზეა გაზრდილი, ხოლო იმპორტულ პროდუქციაზე ინფლაცია, პირიქით, შემცირებულია. პარალელურად, ადგილობრივ პროდუქტებზე ფასების ზრდა, უკვე სამი თვეა, მიზნობრივ მაჩვენებელს აჭარბებს. აღნიშნულში საკუთარი წვლილი მარტსა და აპრილში პურის გაძვირებამაც შეიტანა, თუმცა ადგილობრივი ინფლაცია ამ ეფექტის გარეშეც მიზნობრივზე მაღალი იქნებოდა. ფასების დინამიკა ადგილობრივ პროდუქციაზე საყურადღებო ინდიკატორია, რადგან იგი შედარებით ხისტია და უკეთ ასახავს ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ტენდენციებს.ამავდროულად, ადგილობრივად წარმოებული პროდუქცია შუალედური მოხმარებისთვის იმპორტის საკმაოდ მაღალ კომპონენტსაც მოიცავს. შესაბამისად, ჩვენი აზრით, ინფლაციური მოლოდინებისა და გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის ყველაზე შესაფერისი მომსახურების ინფლაციაა, რადგან იგი ნაკლები მერყეობითა და იმპორტული კომპონენტის შედარებით მცირე წილით ხასიათდება. ინფლაციის ამ კუთხით ანალიზი აჩვენებს, რომ 2025 წელს ჯამური ინფლაციის აჩქარება მთლიანად საქონლის ინფლაციის ზრდით იყო განპირობებული, მაშინ როდესაც მომსახურების ინფლაცია ფაქტობრივად არ შეცვლილა. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ინტერნეტის გადასახდელის შემცირების ერთჯერადი ეფექტი, რომლის გარეშეც მომსახურების ინფლაცია აპრილში მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე მცირედით მაღალი იქნებოდა. საყურადღებოა, რომ მომსახურების ინფლაციაში აჩქარება შეინიშნება სეზონურად შესწორებულ თვიურ ჭრილში, რაც, თუ ეკონომიკური ზრდის მიმდინარე შეფასებას გავითვალისწინებთ, ამ არხიდან ფასებზე გადაცემის მექანიზმთან თანხვედრაშია. რაც შეეხება საქონლის ინფლაციას, ზრდაში ერთ-ერთი მსხვილი წვლილი საკვებზე ფასების მატებამ შეიტანა.თავის მხრივ, საკვებზე ფასების ზრდა განპირობებულია როგორც ადგილობრივი, მათ შორის ზემოაღნიშნული პურის ფასების, ასევე გლობალური ფაქტორებით. მიუხედავად იმისა, რომ სამომხმარებლო კალათაში საკვები პროდუქციის უმრავლესობა ადგილობრივად წარმოებულად არის კლასიფიცირებული, როგორც ზემოთ ითქვა, მრავალი პროდუქტი იმპორტულ კომპონენტებს მოიცავს. რაოდენობრივი შეფასებით, ვლინდება მჭიდრო კავშირი სურსათზე გლობალურ ფასებს, ლარის გაცვლით კურსსა და ადგილობრივ ბაზარზე სურსათის ფასებს შორის. თავისთავად, ცალკეული საკვები პროდუქტის შემთხვევაში ეს კავშირი კიდევ უფრო ძლიერია. რასაკვირველია, გლობალური ფასებისა და გაცვლითი კურსის გადაცემის მექანიზმი ძალზე გამოკვეთილია სრულად იმპორტული პროდუქტების მაგალითზე, როგორიცაა საწვავი. აპრილში ბენზინის ფასების კლებამ წლიური ინფლაციის შემცირებაში 0.2 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. თუ გლობალური ფასები არსებულ დონეზე შენარჩუნდა, ინფლაციის შემცირების კუთხით კონტრიბუცია პოტენციურად 0.5 პროცენტულ პუნქტს ან მცირედით მეტსაც კი მიაღწევს.რაც შეეხება ინფლაციის  უფრო ანალიტიკურ მაჩვენებლებს, როგორიცაა სხვადასხვა მეთოდით გაანგარიშებული საბაზო ინფლაცია, ბოლო 6 თვის განმავლობაში აჩქარება ამ კუთხითაც შეინიშნება, თუმცა აპრილში, წინა თვეებთან შედარებით, ინფლაციური ზეწოლა ნაკლებად გამოკვეთილი იყო. გარდა ამისა, გამოვყოფთ მწარმოებელთა ფასების ინდექსის დინამიკას, რომელიც ხშირად სამომხმარებლო ფასების წინმსწრები მაჩვენებელია და, მარტის მდგომარეობით, შედარებით მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.საერთაშორისო ფასების კუთხით, აღსანიშნავია, რომ, მარტის მდგომარეობით, გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის ფასების ინდექსები. ამავე დროს, საერთაშორისო ბაზრებზე ბოლო პერიოდში ფართო მოხმარების საქონელი კლების ტენდენციით ხასიათდება, რაც ინფლაციაში, სავარაუდოდ, სრულად ჯერ არ ასახულა. რაც შეეხება ლარს, მართალია, დოლარის გლობალური გაუფასურების ფონზე ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა, თუმცა კიდევ უფრო მეტად გამყარდა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები. ამდენად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, შეწონილი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების მიმართ, პირიქით, გაუფასურდა. გრძელვადიან ტრენდზე დაკვირვებით, ლარი მიმდინარე პერიოდში წონასწორულთან შედარებით მცირედით გაუფასურებულია, რაც იმპორტული პროდუქციის გაძვირების გარკვეულ რისკს შეიცავს. დასასრულს, გამოვყოფთ ორ შედარებით უფრო სტრუქტურულ საკითხს. პირველი; მიმდინარე მდგომარეობით, შრომის ბაზრიდან ინფლაციაზე ზეწოლა არ იკვეთება. მიუხედავად ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ეკონომიკაში რეალური ხელფასების მნიშვნელოვანი მატებისა, გაზრდილია შრომის პროდუქტიულობის მაჩვენებელიც, რის გამოც წარმოების ერთეულზე სახელფასო ხარჯი რეალურ გამოსახულებაში განსაკუთრებულად არ შეცვლილა. შესაბამისად, ამ კუთხით ინფლაციური ზეწოლის წარმოქმნის წინაპირობა რეალური ხელფასების მხოლოდ დამატებით გამოკვეთილი ზრდა შეიძლება გახდეს. მეორე; ფართო რეგიონის ქვეყნების ინფლაციის მონაცემთა რაოდენობრივი ანალიზით ვლინდება, რომ როგორც საქართველოში, ასევე რეგიონის ქვეყნებში ბოლო ათი წლის განმავლობაში ინფლაციის დინამიკას ძირითადად საერთო რეგიონული ფაქტორები განსაზღვრავდა, ხოლო ადგილობრივ ფაქტორებზე შედარებით მცირე წვლილი მოდიოდა. კერძოდ, საქართველოს შემთხვევაში, ინფლაციის, დაახლოებით, 75% სწორედ ამ საერთო ფაქტორებით აიხსნება. იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30006832-macro-update-georgia

მამუკა ხაზარაძე – პოლიტიკური გადატვირთვის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება

ბიძინას „ოცნება“ აგონიაშია, კობახიძეს ღია წერილებს აწერინებს მას მერე, რაც ორბანმა არ გაუმართლა და ე.წ ვიცე-პრემიერს ამერიკაში არავინ შეხვდა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.ხაზარაძე დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსისასდმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილს ეხმაურება.„დიფ სთეითი“ თუ სადმეა, ეს ბიძინა და მისი მარიონეტები არიან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამერიკის „დიფ სთეითს“ ებრძვის თურმე ბიძინა, რომელსაც ქვეყნის ყველა დემოკრატიული ინსტიტუცია მიტაცებული აქვს, მოპარული აქვს არჩევნები და ქვეყანას კომუნისტური, მასიური კორუფციული სისტემით მართავს. მალე დამთავრდება ეს მარაზმი ქვეყანაში, ვერ დაალაგეთ და ვერც დაალაგებთ ვერავისთან! ქვეყანა იზოლაციაში მოაქციეთ და განვითარების პერსპექტივა დაუკარგეთ. ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – ეს არის პოლიტიკური გადატვირთვის ერთადერთი გზა!“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერის თანამდებობა დატოვა

არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჩიქოვანმა სოციალურ ქსელში დაწერა.„მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ.განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად“, – წერს არჩილ ჩიქოვანი.

ბოლო სიახლეები