ევროპული მომავლის საერთო ხედვა არ უნდა ეფუძნებოდეს ხელოვნურად შექმნილ იდეოლოგიურ წარმონაქმნებს, არამედ ცივილიზაციურ ფასეულობებს, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლო,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, ბუდაპეშტში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროპის მომავალზე მსჯელობა ორმხრივი მოძრაობა უნდა იყოს, და არა ერთი მხრიდან მომდინარე ქადაგება იმ ღირებულებებისა, რომლებიც ევროპის მხოლოდ ნაწილს ესმის და მხოლოდ ნაწილი იზიარებს.
„სამწუხაროდ, ეს არის ის, რასაც ჩვენ ზოგჯერ ვხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი წევრებისა და სტრუქტურების მიდგომაში ზოგიერთი წევრი ქვეყნისა და კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ამ მიდგომის პარადიგმა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი ქვეყანა ჯერ უნდა გამოიწვრთნას „ჭეშმარიტ ევროპელად“, იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც, განსაზღვრებითვე, არსებითად სადავოა. ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის პოლიტიკაში ახალბედა ქვეყნისთვის, აშკარად თვალში საცემია, რომ ევროკავშირში არსებობს „ევროპელობის“ გარკვეული იერარქია. არადა, წესით, ამ საკითხზე მონოპოლია არავის უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.