საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა ევროკავშირი იმყოფება, საქართველოსთვის დამაკმაყოფილებელი არ არის.
მისი თქმით, ევროკავშირის მომხიბვლელობა დაწეულია.
„ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა არის ევროკავშირი, ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. რა თქმა უნდა, აქ მომხიბვლელობა დაწეულია. შევხედოთ ბალტიის ქვეყნებს. გუშინ, ლატვიის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, რომ სანამ უკრაინაში ომია, ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულიაო. ასე უყურებენ უკრაინელებს, უკრაინის ომს. უკრაინაში ომის გაწელვა სასარგებლოა ლატვიისთვის. ეს გვითხრა დაზვერვის ხელმძღვანელმა, რომ რაც უფრო დიდხანს იქნება ომი, მით უფრო მშვიდად იქნებიან. წარმოიდგინეთ რა მორალური კრიტერიუმებია ზოგიერთ ხელისუფლებაში, რომ ასე ლაპარაკობენ. ლატვიის პრეზიდენტი ჩვენ მოგვიწოდებდა სანქციების დაწესებას. თვითონ ნატოს ქოლგის ქვეშ არიან თბილად, ტკბილად და მშვენივრად და ჩვენ, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს, მოგვიწოდებდნენ რუსეთთან ესკალაციისკენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.