ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025

“ქართული ოცნების” დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა – ეს იყო დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობიანი განვითარებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქართველი ხალხის ღირსების დაცვისთვის უთანასწორო, მაგრამ მართალი და წარმატებული ბრძოლის 13 წელიწადი – კობახიძე

“ქართული ოცნების” პარტიულ ყრილობაზე ახალი თავმჯდომარე აირჩიეს – მმართველ პარტიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. პარტიის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას განცხადებით მიმართა.

ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს მხარდაჭერისთვისა და გამოცხადებული ნდობისთვის მადობა გადაუხადა.

“მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მივესალმები პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს, მივესალმები პარლამენტარებს, მთავრობის წევრებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ყრილობის თითოეულ დელეგატს, მივესალმები ჩვენი პარტიის წევრებს, მივესალმები საზოგადოებას. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობა, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამასთან ერთად, ბუნებრივია, არის ძალიან დიდი პატივი. მხარდაჭერისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში თავმჯდომარეობდა პარტიას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გასულ წელს ჩვენი პარტიის საარჩევნო წარმატებაში. ასევე, მადლობა მინდა მას გადავუხადო ყველა იმ დამსახურებისთვის, რომელიც ქვეყნისა და პოლიტიკური გუნდის წინაშე უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე მიუძღვის. ქალბატონებო და ბატონებო, ახლახან შესრულდა 13 წელი „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან. ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობიანი განვითარებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქართველი ხალხის ღირსების დაცვისთვის უთანასწორო, მაგრამ მართალი და წარმატებული ბრძოლის 13 წელიწადი. ამ ბრძოლას საფუძველი ჩაუყარა ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. მე თავს უფლებას მივცემ, თითოეული თქვენგანის სახელით, მას გადავუხდი უდიდეს მადლობას ქართული საქმის კეთებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა:სამშობლოსთვის თავდადებისთვის, უდიდესი სიბრძნით, შორსმჭვრეტელობითა და მოთმინებით ქართული საქმის კეთებისთვის, საქართველოში ავტორიტარიზმის დასრულებისა და ქვეყანაში დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების განმტკიცებისთვის. ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს ყავს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც, ჩვენს ქვეყანას ომი არ ჰქონია და ჩვენ გვქონდა უწყვეტი 13-წლიანი მშვიდობა. ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკური განვითარების სწრაფ ტემპს. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღეს ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს.

კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლობა თქვენ ამ ყველაფრისთვის. დღეს სამყარო ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას: ვხედავთ, როგორ ცდილობენ გავლენიანი ძალები, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი დაათმობინონ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებსაც კი; ვხედავთ, როგორ ანგრევენ მრავალი ქვეყნის ეკონომიკას; ვხედავთ, როგორ თელავენ ფეხქვეშ დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ელემენტარულ პრინციპებს იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ამ პრინციპების სამშობლოდ მიიჩნევიან; ვხედავთ, როგორ ცდილობენ ეროვნული და რელიგიური იდენტობა წაუშალონ უძველესი კულტურის მქონე ქვეყნებს; ვხედავთ, როგორ ებრძვიან ქრისტიანობას და სხვა ტრადიციულ რელიგიურ აღმსარებლობებს; ვხედავთ, როგორ ებრძვიან და აუფერულებენ კულტურის ყველა სფეროს; ვხედავთ, როგორ იყენებენ სხვადასხვა ქვეყანას საზარბაზნე ხორცად საკუთარი მანკიერი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად; ვხედავთ, როგორ ცდილობენ წაშალონ ადამიანების პიროვნული იდენტობა, როგორ უპირისპირდებიან მორალს და ტრადიციულ ღირებულებებს, ნერგავენ უამრავ მანკიერებას, რომელთა ნორმად წარმოჩენა, თუნდაც, 10-15 წლის წინ, თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან რთულად წარმოსადგენი იქნებოდა.

ბუნებრივია, ამ არაჯანსაღი გლობალური პოლიტიკური პროცესების მიღმა ვერც საქართველო აღმოჩნდებოდა და შესაბამისად, მთელი 13 წლის განმავლობაში, ჩვენ გვიწევდა და გვიწევს უკომპრომისო ბრძოლა: საქართველოს სუვერენიტეტისთვის, ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობისთვის; გვიწევს ბრძოლა: ქრისტიანობის დასაცავად, მშვიდობის შესანარჩუნებლად, ტრადიციული ღირებულებებისა და საზოგადოებრივი მორალის განსამტკიცებლად. ეს არის უთანასწორო ბრძოლა, სადაც უპირატესობის შენარჩუნების შესაძლებლობას მხოლოდ სიმართლე გაძლევს. ეს არის ურთულესი ბრძოლა, სადაც სიმტკიცის შენარჩუნების ძალას გაძლევს რწმენა, რომ ნებისმიერი სისუსტის გამოვლენა შენს ქვეყანას განადგურებად შეიძლება დაუჯდეს და შესაბამისად, ნებისმიერი უკან დახევა არის დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე. დიდი მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც გასული რამდენიმე წლის მანძილზე გამოავლინა განსაკუთრებული გამოცდილება და სიბრძნე და მყარად დადგა საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. სწორედ ქართველი ხალხის – საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა იყო მთავარი, რაც ჩვენ ყველაზე რთულ მომენტებში ყველაზე რთული გამოწვევების გადალახვის საშუალებას გვაძლევდა. ქართველი ხალხის მხარდაჭერით, შარშან ჩვენ გავიმარჯვეთ რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებში, რამაც საქართველოს მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობა შეუნარჩუნა.

დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს თითოეულ პატრიოტ თანამოქალაქეს საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცედ დაცვისთვის. „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც, როდესაც საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხებოდა, არასდროს არცერთი ნაბიჯით არ დაუხევია უკან. ჩვენი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, საქართველოს მთავრობაში და ადგილობრივ ხელისუფლებაში, ერთგულად და უშიშრად ემსახურებიან და იცავენ საქართველოს ინტერესებს ყველგან და ყოველთვის. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისათვის! ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. არჩევნებისთვის სამზადისი დაწყებული გვაქვს და რამდენიმე კვირაში უკვე ოფიციალურად გავხსნით საარჩევნო კამპანიას. პარტია სრულად იქნება მობილიზებული მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის და ეს გამარჯვება იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო წელში გამართული, კიდევ უფრო განვითარებული საქართველოსკენ. ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ჩვენ მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არცერთი დღით არ შეჩერდეს განვითარება და სრულად დავიცვათ საქართველოს თითოეული მხარის, თითოეული კუთხის ინტერესები. ჩვენ გვაქვს მკაფიო სახელმწიფოებრივი ამოცანები. ეს არის: დემოკრატიული სისტემისა და სამართლის უზენაესობის კიდევ უფრო განმტკიცება, საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, ქართული ეკონომიკის განვითარება, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამყარება, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება.

სახელმწიფოებრივ ამოცანებთან ერთად, ჩვენ გვაქვს ორი ეროვნული მიზანი – ორი ეროვნული, ქართული ოცნება: ჩვენი მიზანია კეთილდღეობა შევიდეს თითოეულ ქართულ ოჯახში. ამიტომ, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ გაგრძელდეს საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომელმაც გასული 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის გაორმაგების შესაძლებლობა მოგვცა; ჩვენი ეროვნული მიზანია საქართველოს გამთლიანება. გამთლიანებაში, ერთი მხრივ, ვგულისხმობთ ქართული საზოგადოების გაერთიანებას. ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობენ ქართველებს გარედან თავს მოგვახვიონ ერთმანეთის სიძულვილი, როგორ ცდილობენ დათესონ სიძულვილი ყველაფერი ქართულის – მათ შორის ქართული სახელმწიფოს და ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ. ქართული პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, დავიბრუნებთ გზასაცდენილ თანამოქალაქეებს და გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას. ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. ჩვენ ვერავის მივცემთ უფლებას, სიძულვილით გახლიჩოს ქართული საზოგადოება და გავაერთიანებთ ადამიანებს სიყვარულით ერთმანეთის და საკუთარი სამშობლოს მიმართ. მეორე მხრივ, გამთლიანებაში ჩვენ ვგულისხმობთ საქართველოს ფიზიკურ გაერთიანებას. აფხაზეთისა და აფხაზების, ცხინვალისა და ოსების დაბრუნებას ერთიან ქართულ სახელმწიფოში. გვჯერა, რომ მშვიდობით, პრინციპულობით, სიყვარულითა და მოთმინებით, აუცილებლად აღვადგენთ ნდობას და ნდობასთან ერთად, ერთიანობას და ამით, ავასრულებთ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ, ქართულ ოცნებას ერთიან საქართველოზე. ქალბატონებო და ბატონებო, სიძულვილს ძლევს სიყვარული, ბოროტებას ძლევს სიკეთე და სიცრუეს ძლევს სიმართლე. ჩვენ კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ, რადგან გვამოძრავებს სიყვარული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ, გვინდა მეტი სიკეთე ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის და ვართ მართლები სამშობლოსთვის ბრძოლაში. ღმერთმა გაგვაძლიეროს ყველა საქმეში, რომელიც საქართველოს წინსვლას ემსახურება. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს პრინციპულობისთვის და ერთსულოვნებისთვის. ღმერთი ფარავდეს საქართველოს!” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი კახიანი – არავის განადგურება არ გვინდა, ჩვენი მიზანია, მოქმედებდეს ძლიერი პარტიული სისტემა, რომლის ფარგლებშიც, ხელისუფლების გარდა, იქნებიან ძლიერი ოპოზიციური პარტიები

არავის განადგურება არ გვინდა. ჩვენი მიზანია, საქართველოში ძლიერი პარტიული სისტემა მოქმედებდეს, რომლის ფარგლებშიც, ხელისუფლების გარდა, ძლიერი ოპოზიციური პარტიები იქნებიან და რადიკალურ, დესტრუქციულ ჯგუფებს მონოპოლიზებული არ ექნებათ ოპოზიციური ფლანგი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.კახიანის თქმით, კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პარტია არაკონსტიტუციურ საქმიანობას თუ ეწევა, არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს.„სწორედ ამ მიზნით მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ სარჩელს, ინფორმაცია არ მაქვს, გასაჩივრებული რა აქვთ, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ მათი საქმიანობა კანონმდებლობით დარეგულირებადია და მათი დარღვევები იმას გამოიწვევს, რის მიღწევასაც საკონსტიტუციო სასამართლოს საშუალებით ვცდილობთ. რადიკალური ჯგუფებისთვის კანონმდებლობა მხოლოდ იმ ნაწილში არსებობს, რაც, მათი აზრით, შეიძლება, პარტიულ ინტერესებს შეესაბამებოდეს. ისინი არ აღიარებენ არც კანონმდებლობას და არც სხვა რამეს. ამ ძალისთვის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა არაფერი დგას. მზად არიან, ამ გზაზე ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლური ნაბიჯები გადადგან და მათ საქმიანობაში ღალატიც ყოფილა“, – განაცხადა კახიანმა.

შეიძლება თუ არა ბავშვის ბანაობა ვირუსული ინფექციის დროს – ივანე ჩხაიძე საუბრობს

მიმდინარე პერიოდში სეზონური ვირუსები აქტიურდება. მშობლებისთვის კი ეს განსაკუთრებული გამოწვევაა, რადგანაც ვირუსი საბავშვო ბაღსა და სკოლებში უფრო სწრაფად ვრცელდება.ხშირად მშობლები ბავშვს, რომელსაც ვირუსი აქვს და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, არ აბანავებს, უფრო თბილად აცმევს და ოთახსაც არ ანიავებს. ასევე, ანტიბიოტიკიც შესაძლოა, თვითნებურად გამოიყენოს - რამდენად სწორია ეს მიდგომა, რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმისათვის, რომ შვილის სწრაფად გამოჯანმრთელებას ხელი შეუწყოს და ზოგადად, რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს ახლა ქვეყანაში, თემაზე გადაცემაში "დღის პოსტი" იაშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ივანე ჩხაიძე საუბრობს:- ახლა ყველაზე აქტიური რინოვირუსია. ეს არის ვირუსი, რომელსაც გაციების სიმპტომების გამოწვევა შეუძლია. პაციენტს ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, მსუბუქი ყელის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა აღენიშნება. რინოვირუსს მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 50%-ზე მეტი რინოვირუსია. შემთხვევებმა მოიმატა. რინოვირუსი 5-7 დღე გრძელდება. თუმცა, პირველი 3-4 დღე უფრო მეტად გამოხატულია. მას მძიმე მიმდინარეობა, მაგალითად, ფილტვების ანთების განვითარება, ძალიან იშვიათად ახასიათებს.ანტიბიოტიკი ვირუსის წინააღმდეგ არ მოქმედებს. ზოგჯერ, სამწუხაროდ, არა მხოლოდ მშობლის, არამედ ექიმის რეკომენდაციაცაა, რომ თუ ბავშვს 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში აქვს სიცხე და ყელი ძალიან წითელი აქვს, ანტიბიოტიკი უნდა გამოიყენონ. არც ერთი ეს რჩევა რეალურ შედეგთან ახლოსაც არ არის. ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების დროს შეიძლება. სეზონურ ვირუსებთან საბრძოლველად, რაც არ უნდა კარგი, ძვირად ღირებული ანტიბიოტიკი გამოვიყენოთ, უშედეგო იქნება. სამწუხაროდ, ანტიბიოტიკი გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობითა და სიმძიმით, ერთ-ერთი გამორჩეული მედიკამენტია. ამიტომ, უნდა მოვერიდოთ და მისი დანიშვნის გადაწყვეტილება მხოლოდ ექიმმა უნდა მიიღოს. ექიმიც ამ გადაწყვეტილებას დიაგნოზის საფუძველზე იღებს. ეს შეიძლება, იყოს: ფილტვების ანთება, ყელის ჩირქოვანი პროცესი, ყურის ჩირქოვანი ანთება და ასე შემდეგ. ვირუსული ინფექციების დროს ანტიბიოტიკი უფრო მეტად მტერია, ვიდრე მოყვარე.ბანაობის აკრძალვა არასწორია. ასევე, ოთახის ხშირი განიავებისა და ფანჯრის გაღების შიში არასწორია. გარდა ამისა, ბევრი ტანსაცმლის ჩაცმაც არასწორია. პირიქით, როდესაც ბავშვს სიცხე აქვს, მას რაც შეიძლება, ნაკლები უნდა ჩააცვათ იმიტომ, რომ ამით სითბოს გაცემას ხელს უწყობთ, რაც ტემპერატურას ამცირებს.ოთახის განიავება აუცილებელია, რადგან თუ თქვენ ოთახში ხელოვნურად 24-25 გრადუსი გექნებათ შექმნილი, ბავშვის ტემპერატურა კიდევ უფრო მეტად მოიმატებს.ვირუსებს, რომლებიც ახლა ცირკულირებს, გაციების გამოწვევა შეუძლია. გაციება ზოგადი მდგომარეობის დამრღვევი დაავადება არ არის. თუ ბავშვს შესაძლებლობა და სურვილი აქვს, რომ გაისეირნოს, გავასეირნოთ. თუმცა, ასეთ დროს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არ არის. ბავშვმა, რომელიც გაციებულია, არ შეიძლება, ფეხბურთი ითამაშოს ან ვარჯიშზე წავიდეს.იხილეთ გადაცემა ვრცლად: 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – საჭიროა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისთვის სანდოობის დაბრუნება, სამართლიანი არჩევნების ორგანიზება

საქართველოში არსებული სიტუაციიდან გამოსავალი არის ის, რომ დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებს სანდოობა უნდა დაუბრუნდეს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე „ევროსკოპის“ კითხვაზე პასუხისას ჟურნალისტებს განუცხადა.„ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ ერთია, რასაც ერთი წლის წინაც მოვუწოდებდით. საჭიროა, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისთვის სანდოობის დაბრუნება, სამართლიანი არჩევნების ორგანიზება და ამის შემდეგ, შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ პროცესების დეგრადირებასა და დემოკრატიის უკუსვლას. ეს იმედგაცრუებას იწვევს. განსაკუთრებით იმ დიდი მოლოდინების ფონზე, რომლებიც ლიეტუველ ხალხს აქვს და ასევე მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის მოლოდინები, რაც მათ ევროპული პერსპექტივის მიმართ აქვთ. ჩვენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერები ვართ. მე ჯერ კიდევ მჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, მაგრამ ისინი ვერ ეწყობიან ამჟამინდელ მდგომარეობას და ზომები, რომელსაც ამჟამინდელი რეჟიმი იღებს პოლიტიკური ოპოზიციისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ აბსოლუტურად მიუღებელია. ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ ამ ტენდენციას ვხედავ“, - აღნიშნა მინისტრმა.მისი თქმით, იმედი აქვს, მომავალ წელს ევროკავშირი გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას და რომ „ქართული რეჟიმი შეცვლის პოზიციას და გადახედავს სტრატეგიას, სად არის საქართველოს ადგილი“.„როცა ასეთი გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება მსოფლიოში, ეს ახლა უდიდესი კითხვაა, მათ შორის თბილისშიც - სად ვართ ახლა. მსოფლიოს რომელ ნაწილს ვეკუთვნით", - აღნიშნა ბუდრისმა.

გია ვოლსკი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, აღარ არსებობს, არც მალავენ, რომ რევოლუციურ კომიტეტად გადაკეთდნენ, საკონსტიტუციო სარჩელი შეაქვთ, რათა სალაპარაკო ჰქონდეთ

პოლიტიკურ ველზე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა აღარ არსებობს. თავის თავს რაც არ უნდა უწოდონ, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, აღარ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სასამართლოში საკონსტიტუციო სარჩელი შეაქვს, რათა მათ სალაპარაკო ჰქონდეთ“.„არ შეიძლება, მუდმივად რევოლუციური სცენარი მოქმედებდეს. არც მალავენ, რომ პოლიტიკური სუბიექტებიდან რევოლუციურ კომიტეტად გადაკეთდნენ. საკონსტიტუციო სასამართლომ ამის კონსტატირება უნდა მოახდინოს. საკონსტიტუციო სარჩელი შეაქვთ, რათა სალაპარაკო ჰქონდეთ. თავადვე აღიარებენ და იმის დემონსტრირებას ახდენენ, რომ არ არსებობენ, როგორც პარტია და არსებობენ, როგორც რევოლუციური კომიტეტები. სტრასბურგის სასამართლოს თავად აქვს ნათქვამი, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა და მათი მეთოდებით ქვეყნის მართვა სისტემური იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ირაკლი ფავლენიშვილი – 4 ოქტომბერს ხალხი მშვიდობიანი პროტესტისთვის იყო მისული, თუმცა დახვდათ მორღვეული გალავანი, რამაც გამოიწვია პროვოკაცია და დაგვიმატა ახალი პოლიტიკური პატიმრები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობდა მშვიდობიანი აქციის გეგმა, თუმცა პროვოკაციებმა და ღალატმა გეგმები არია. ფავლენიშვილის თქმით, ამის შესახებ თავად 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებაში ჩართული პირები საუბრობენ.„არაერთხელ გვითქვამს, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობდა მშვიდობიანი აქციის გეგმები, როგორც საუბრობენ ის ადამიანები, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ აქციის გამოცხადებასა და სხვა პროცესებში. თვითონ ისაუბრეს, რა პროვოკაციები მოაწყვეს, რამაც არია მათი მშვიდობიანი აქციის გეგმები. ამიტომ ამ თემაზე უფრო კომპეტენტურ ხალხს აქვს გაცემული პასუხი, ჩემი დამატება არ არის საჭირო, ისედაც ისაუბრეს ბატონმა პაატამ და სხვა ადამიანებმა, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც მათ მიერ არ იყო გათვლილი და საქმე ჰქონდათ ღალატთან, რამაც არია მათი გეგმები, აქციის თავდაპირველი გეგმა ვერ აღსრულდა პროვოკაციული ჯგუფების გამო“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.ფავლენიშვილის თქმით, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორთა და მისი შეფასებაა, რომ პროვოკაცია უშიშროებამ მოაწყო.„ეს ადამიანები მისული იყვნენ მშვიდობიანი პროტესტისთვის. ორგანიზატორებიც ამბობდნენ, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც, მათი აზრით, მოაწყო უშიშროებამ. ჩემი აზრითაც, სხვას ვის უნდა მოეწყო? ამ პროვოკაციის მსხვერპლი გახდნენ ის ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანი მოტივაციით იყვნენ აქციაზე მისული. ეს ხალხი იმავე წარმატებით დადიოდა წლების მანძილზე აქციაზე და არასოდეს არ მიუღიათ მონაწილეობა ძალადობრივ ქმედებაში. ძალადობა რომ იყოს მათი გამოხატვის ერთადერთი ფორმა, მანამდეც იძალადებდნენ. მშვიდობიანი პროტესტისთვის იყვნენ მისული, თუმცა დახვდათ მორღვეული გალავანი და ამან გამოიწვია შემდგომში ეს პროვოკაცია, რამაც, სამწუხაროდ, ახალი პოლიტიკური პატიმრები დაგვიმატა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ბოლო სიახლეები