სამშაბათი, მაისი 6, 2025

დონალდ ტრამპი – ნავთობის ამჟამინდელი ფასის გათვალისწინებით, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად კარგ პოზიციაში ვართ, გრძელი გზა გავიარეთ და რაღაც შეიძლება, მოხდეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ნავთობის ფასების ბოლოდროინდელი ვარდნის შემდეგ, ვლადიმერ პუტინს რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობის დამყარებისკენ უფრო მეტი მზაობა აქვს, ვიდრე მანამდე.

მედიის ცნობით, ნავთობის ფასი, რომელიც რუსეთის ეკონომიკისთვის არის საკვანძო, წლის დასაწყისიდან ბარელზე, დაახლოებით 15 დოლარით დაეცა.

„ვფიქრობ, რუსეთთან, ნავთობის ამჟამინდელი ფასის გათვალისწინებით, და ფასიც დაეცა, შეთანხმების მისაღწევად კარგ პოზიციაში ვართ. მათ შეთანხმების მიღწევა სურთ, უკრაინას შეთანხმების მიღწევა სურს. გრძელი გზა გავიარეთ და რაღაც შეიძლება, მოხდეს, შესაძლოა, მოხდეს კიდეც“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ომში დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა. დონალდ ტრამპის თქმით, ომის არცერთი მხარე არ აქვეყნებს მსხვერპლის შესახებ განახლებულ მონაცემებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი – Credit Suisse-ის დანაყოფს, სულ მცირე, 475 ოფშორულ ანგარიშზე 4 მილიარდ დოლარზე მეტის დამალვის მიზნით შეთქმულებაში ედება ბრალი

შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის დანაყოფმა გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით მდიდარი ამერიკელების დახმარებაში ბრალი აღიარა და ჯარიმის სახით 510 მილიონ დოლარს გადაიხდის. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.თავად აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით კი, Credit Suisse Services AG-ს აშშ-ის შემოსავლების სამსახურისგან, სულ მცირე, 475 ოფშორულ ანგარიშზე 4 მილიარდ დოლარზე მეტის დამალვის მიზნით შეთქმულებაში ედება ბრალი.იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 2010 წლიდან 2021 წლის დაახლოებით ივლისამდე პერიოდში Credit Suisse AG გაურიგდა თანამშრომლებს, ამერიკელ მომხმარებლებს და სხვებს, რათა დაეხმაროს კლიენტებს აშშ-დან საკუთრების უფლების, აქტივების კონტროლისა და ბანკში არსებული თანხების დამალვაში. ამან კლიენტებს აშშ-დან მისცა საშუალება, თავი აერიდებინათ აშშ-ში საგადასახადო ვალდებულებებისგან რამდენიმე გზით.„სხვა თაღლითურ ქმედებებთან ერთად, Credit Suisse-ის ბანკირები აყალბებდნენ დოკუმენტებს, ამუშავებდნენ ფიქტიური შემოწირულობის დოკუმენტებს და ემსახურებოდნენ ანგარიშებს ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობით საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისობის დოკუმენტაციის გარეშე. ამით Credit Suisse AG-მა ჩაიდინა ახალი დანაშაულები და დაარღვია შეერთებულ შტატებთან 2014 წლის მაისის საპროცესო შეთანხმება“, – ნათქვამია იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.აღსანიშნავია, რომ 2014 წელს Credit Suisse გახდა ბოლო 20 წლის განმავლობაში უმსხვილესი ბანკი, რომელმაც აშშ-ში გადასახადებისგან თავის არიდებაში ამერიკელების დახმარების ბრალი აღიარა და 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდას დათანხმდა. 2023 წელს აშშ-ის სენატის ფინანსთა კომიტეტმა დაადგინა, რომ ბანკმა დაარღვია 2014 წლის საპროცესო გარიგება, რადგან გააგრძელა გადასახადებისგან თავის არიდებასთან დაკავშირებით კლიენტების ხელშეწყობა, რითაც მთავრობას 700 მილიონ დოლარზე მეტი დაუმალა. ბანკმა UBS-მა, რომელმაც 2023 წელს გაკოტრების პირას მყოფი შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკი Credit Suisse შეიძინა, განაცხადა, რომ Credit Suisse Services AG-მა დანაშაული აღიარა ბრალდების ერთი პუნქტით, კერძოდ, ყალბი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის დამზადებაში დახმარება. UBS აცხადებს, რომ კავშირი არ აქვს საქმესთან დაკავშირებულ ქმედებებთან. აღნიშნული დავა UBS ბანკის შეძენამდე დაიწყო.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის საბოლოო ვერსია შეიმუშავა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის საბოლოო ვერსია შეიმუშავა.როგორც „როიტერი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ამ პაკეტში გათვალისწინებულია ორმაგი დანიშნულების მქონე და მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტზე კონტროლის გამკაცრება.ევროკომისია ასევე გეგმავს, სანქციები დაუწესოს 50-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთა შორის ხუთი ჩინეთიდანაა. ასევე, 31 კომპანიას, რომლებიც ეხმარებიან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ან წვლილი მიუძღვით სანქციებისთვის თავის არიდებაში.რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ ბრძოლის ფარგლებში წარმოდგენილია წინადადებები, ე.წ. შავ სიაში შეიყვანონ 100-ზე მეტ ხომალდი.

გერმანიის ბუნდესტაგმა კანცლერის თანამდებობაზე ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

გერმანიის ბუნდესტაგმა მეორე მცდელობით, კანცლერის პოსტზე ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას 325 ხმით, 289-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.კენჭისყრაზე ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა, სამი ხმა კი, ბათილად იქნა ცნობილი.ბუნდესტაგში გამართულ პირველ კენჭისყრაზე ფრიდრიხ მერცმა კანცლერობისთვის საჭირო 316 ხმის მიღება ვერ შეძლო. მას ექვსი დეპუტატის მხარდაჭერა დააკლდა.ცნობისთვის, თებერვალში გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ კონსერვატიულმა ბლოკმა გაიმარჯვა. აპრილში ისინი „სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ თურქეთში გამართული საერთაშორისო სამოყვარულო თეატრალური ფესტივალის გრანპრი გადაეცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახემ“, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში გამართული საერთაშორისო სამოყვარულო ახალგაზრდული თეატრალური ფესტივალის - IFSAAT-2025 - მთავარი ჯილდო და სხვადასხვა ნომინაციებში პრიზები მოიპოვა.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, საერთაშორისო ფესტივალზე „მოდინახეს“ დასი სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორ ნუგზარ ბუცხრიკიძის მიერ ვაჟა-ფშაველას ცნობილი ნაწარმოებისა და ალექსანდრე ბასილაიას ამავე სახელწოდების მუსიკალური კომპოზიციის მიხედვით დადგმული სპექტაკლით - „ჩხიკვთა ქორწილი“ წარსდგა. საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდიის სტუდენტური დასის სპექტაკლმა ფესტივალის ჟიური უმაღლესი შეფასება - გრანპრი და პირველი ადგილი დაიმსახურა.მათივე ინფორმაციით, პრიზები ნომინაციებში - „საუკეთესო რეჟისორული ინტერპრეტაცია“ დასის სამხატვრო ხელმძღვანელსა და მთავარ რეჟისორ ნუგზარ ბუცხრიკიძეს, „საუკეთესო ქორეოგრაფია“ - სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის თანამშრომელს, ცისანა კობახიძეს, ასევე, „მოდინახეს“ დირექტორსა და რეჟისორს, გიორგი ჭანტურიას გადაეცათ, ხოლო სპეციალური პრიზი - „ფესტივალის აღმოჩენა“ გიორგი ჭანტურიამ მოიპოვა.როგორც საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი აღნიშნავს, სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა და საერთაშორისო მაყურებლის ფართო მოწონება დაიმსახურა.„ფესტივალ IFSAAT-2025-ზე მოპოვებული გამარჯვება გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი საუნივერსიტეტო დასის მთავარი გზავნილი ინტერნაციონალური მაყურებლის გულებს ჩასწვდა. ეს წარმატება ეკუთვნის არა მხოლოდ ნიჭიერ ახალგაზრდა მსახიობებს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს უჭერს თეატრალური ხელოვნების განვითარებას საქართველოს უნივერსიტეტებში. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას - სტუდენტურ დასზე ზრუნვისა და ქვეყნის გარეთ საუნივერსიტეტო შემოქმედების პოპულარიზაციის უდიდესი მხარდაჭერისთვის. მათ ხელშეწყობის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ „ჩხიკვთა ქორწილმა” ანშლაგით ჩაიარა და ფესტივალის მთავარი პრიზიც მოიპოვა“, - განაცხადა ნუგზარ ბუცხრიკიძემ.სტუ-ის ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ საერთაშორისო სამოყვარულო ახალგაზრდულ თეატრალურ ფესტივალში - IFSAAT-2025 - 20-ზე მეტი ქვეყნის ახალგაზრდულმა თეატრალურმა დასებმა მიიღეს მონაწილეობა.

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლა განახორციელეს

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობიდან 205 სამხედრო მოსამსახურე გათავისუფლდა, მათ შორის მარიუპოლის დამცველები.უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცები რუსეთის მრავალ რეგიონში იყვნენ მიმოფანტულნი.უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შუამავლებს ტყვეების გათავისუფლებაში დახმარებისთვის, განსაკუთრებით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.გათავისუფლებულ ჯარისკაცებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, კერძოდ, საზღვაო ძალების, სადესანტო-მოიერიშე ჯარების, ასევე უკრაინის ეროვნული გვარდიისა და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები.ტყვეების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედიაც, რომლის თანახმად, უკრაინამ რუსეთს 205 სამხედრო ტყვე გადასცა, რომლებიც ამჟამად ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ბოლო სიახლეები