პარასკევი, ივნისი 26, 2026

დაუდარაჯდნენ სოფლის მაცხოვრებლები და ნახეს, რომ შუაღამისას კარი თავისით ვარდებოდა, ამიტომაც უწოდეს “კარუგდებელი”

ლეგენდა წმინდა გიორგის კარუგდებელზე
6 მა­ისს ყო­ველ გა­ზა­ფხულ­ს ამ დღე­სას­წა­ულს გა­მორ­ჩე­უ­ლად იმე­რეთ­ში, სო­ფელ გოგ­ნ­ში, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ლო­ცავ “კა­რუგ­დე­ბელ­ში” აღ­ნიშ­ნა­ვენ.
ყო­ველ გი­ორ­გო­ბას ტა­ძარ­ში მრევ­ლი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნი­დან ჩა­დის.
თერ­ჯო­ლა-ტყი­ბუ­ლის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ცენ­ტ­რა­ლუ­რი გზი­დან სა­ლო­ცა­ვამ­დე 4 კი­ლო­მეტ­რამ­დეა. ეს ადგილი არა მხოლოდ სილამაზითაა გამორჩეული, სალოცავი დიდი მადლის მატარებელიც ყოფილა. ტაძარში მისული მომლოცველი უდაოდ იგრძნობს ნუგეშს.

ლეგენდის მიხედვით, სოფელ გოგნში ყველა მამაკაცი დაღუპულა და მიზეზი ვერავის გაუგია. სოფლის ერთ მკვიდრს სიზმრად უნახავს, თქვენი უბედურების მიზეზი მდინარეში ეძებეთო. მართლაც, მდინარიდან წმინდა გიორგის ხატი ამოუბრძანებიათ და ურემზე დაუბრძანებიათ. ხარები ყველაზე მაღალ ადგილზე ასულან და იქ გაჩერებულან. სწორედ იმ ადგილზე საყდარი აუგიათ. იმასაც ამბობენ, რომ სალოცავს კარი რამდენჯერმე დაჰკიდეს, მაგრამ ყოველ ჯერზე ჩამოვარდა. სწორედ ამიტომ მას “კარუგდებელი” უწოდეს.

არსებობს მეორე ლეგენდაც: სოფელში ერთი დავრდომილი მოხუცი ცხოვრობდა, რომელსაც წმიდა გიორგი გამოეცხადა. წმინდანმა მას უთხრა, რომ მოფრინდებოდა ჩიტი, რომელიც ერთ-ერთი ქვისაკენ გაუძღვებოდა. დავრდომილი მართლაც წამოდგა და გაჰყვა ჩიტს, რომელმაც ეს ქვა აპოვნინა. მოხუცმა ქვა იმ ადგილზე მიიტანა, სადაც ჩიტი დაიღუპა. სწორედ ამ ადგილზე ააშენეს სალოცავი, თუმცა მოგვიანებით დაანგრიეს და ქვები კლდიდან გადაყარეს. სანამ დაანგრევდნენ, სალოცავს კარი ჰქონდა, რომელიც მუდამ ჩამოგდებული ხვდებოდათ. დაუდარაჯდნენ სოფლის მაცხოვრებლები და ნახეს, რომ შუაღამისას კარი თავისით ვარდებოდა, ამიტომაც უწოდეს “კარუგდებელი”. მოგვიანებით სოფლის ხუთმა მკვიდრმა ქვები კლდიდან ამოიტანა და ახალი, ოდნავ უფრო დიდი სალოცავი ააშენა. როცა წმინდა ადგილს მონადირე უახლოვდებოდა, იარაღს რამდენიმე მეტრით ქვემოთ ტოვებდა და ახლომახლო ტერიტორიაზე ნადირს არასოდეს კლავდა.

მოხდა ასეთი შემთხვევაც: კაცი ყავარჯნებით ამოვიდა, ილოცა და უკან ხელჯოხით გაბრუნდა. ტაძარს ბევრი მორწმუნე ცხვარსა და მამალს სწირავს, რომლებიც სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ისე დადიან, ნადირიც კი არ ჭამს, მაშინ როდესაც სოფლის მაცხოვრებლებს პირუტყვი ღამე გარეთ რომ დარჩეთ, დილით ნადირისგან დაგლეჯილი დახვდებათ. სალოცავის გვერდით დიდი ჯვარია აღმართული. იმ ჯვრის ძირში რამდენიმე ქვაა. სოფელში ერთი დავრდომილი ბიჭი ცხოვრობდა, გვარად რობაქიძე იყო, წლების განმავლობაში ვერ დადიოდა. მას წმინდა გიორგი გამოეცხადა და უთხრა, ამ ადგილზე ტაძარი უნდა აიგოსო. პირველი ლოდი თავად ამ დავრდომილმა ბიჭმა ამოიტანა და წმინდა გიორგის ძალით, სიარული შეძლო.

თამარ მეფის 1188 წლით დათარიღებულ სიგელში მოხსენიებულია გოგნის ციხის-თავი. 1778 წელს მეფე სოლომონ I-ის მეუღლემ, მარიამ დედოფალმა გოგნში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია ააგო და დააფუძნა მონასტერი. სოფლის ჩრდილოეთით, 3 კილომეტრში შემორჩენილია ბერციხის ნანგრევები.
ამჟამად კი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია აშენებული, რომელიც ქართული ჩუქურთმებით უნიკალურია საქართველოში.

წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი VII საუკუნეში აუშენებიათ. იყო პერიოდი, როცა გელათის მონასტერს ექვემდებარებოდა. აქ არის ძველი მონასტერი, რომელ-საც ნასაყდრალს ეძახიან და განდეგილი ბერების საცხოვრებელი ადგილი იყო. ამ-ბობენ, რომ ამ სალოცავში წმინდა გიორგის თავის ქალა იყო დაბრძანებული. დავით ულუსა და დავით ნარინის მეფობის პერიოდში შემოემატა წმინდანის მენჯის ძვალი. აქ წირვა წლების განმავლობაში აღევლინებოდა. მორწმუნეებმა წინაპრებიდან გადმოცემით იცოდნენ ტაძრის სასწაულმოქმედი ძალის შესახებ. აქ უშვილო წყვილებს, დავრდომილებს, დასაოჯახებელ ახალგაზრდებს ხშირად შეხვდებით. სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი ძველი ურთხმელია, გარკვეულწილად ესეც ამ სალოცავის სიძველეზე მიანიშნებს. იშვიათია, ურთხმელის ტყე ასეთი სახით სადმე იყოს შემორჩენილი, რადგან ურთხმელის მასალა ძვირად ღირებულია. ამ ტერიტორიას ვერ ეხებოდნენ.

სოფლის მცხოვრებლებმა მოინდომეს, ტაძრისთვის კარი დაეკიდათ, წვიმის დროს ტაძარში პირუტყვი თავშესაფარებლად რომ არ შესულიყო. კარი შეაბეს, მიუხედავად იმისა, იცოდნენ მას “კარუგდებელს” უწოდებდნენ. ერთხელ დაკიდეს, ჩამოვარდა, შემდეგ იგივე განმეორდა. დაუდარაჯდნენ, იქნებ კარს ვინმე აგდებსო, დაღლილებს წამიერად წასთვლიმათ. უეცრად, ხმა გაიგონეს, დაინახეს საყდარს კარი ჩამოვარდნოდა, გარშემო ყველგან დაიარეს და უცხო ვერავინ შენიშნეს. მოგეხსენებათ, საღამოს ლოცვის შემდეგ, ეკლესიები იკეტება. ამ სალოცავში ადამიანს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა მოვიდეს, წმინდა გიორგის შესთხოვოს მოილოცოს და გული მოიოხოს. “კარუგდებელის” დანიშნულება ეს არის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გაბრიელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვილის დედა ახალ ინფორმაციას აქვეყნებს

გაბრიელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა - ბავშვი უკვე 3.200 კილოგრამს იწონის, ანალიზები კარგია, ხოლო ჩატარებული კვლევის მიხედვით, მისი ნაწლავის სიგრძე 55 სანტიმეტრს აღწევს,- ამის შესახებ დედა, თაკო ბარბაქაძე, სოციალურ ქსელში წერს.„გაბრიელი უკვე 3.200 კილოგრამია. ანალიზები კარგი გვაქვს. ინტენსიურიდან ჩამოგვიყვანეს გუშინ და გადაგვიყვანეს პალატაში… ასევე მისი ნაწლავი კვლევით 55 სანტიმეტრია... როცა თურქეთმა აბსურდულად პატარა გვითხრა, 25 სანტიმეტრი… რაც რეალური არ იყო ზუსტად ვიცოდით, რადგან ბოლო ოპერაციაზე ქირურგმა გვითხრა, რომ 45 სანტიმეტრი იყო... ნაწლავი იზრდება და არ პატარავდება, ხომ?  ხო, ახლა გადავიდეთ კარგ ამბავზე, ის 10 სანტიმეტრით არის გაზრდილი, რაც ძალიან კარგია.რჩევის დონეზე ბევრს გირჩევთ აქ ჩამოსვლას, თუმცა, ისე არა, როგორც მე ჩამოვედი… გადმოაგზავნეთ საბუთები და დაეკონტაქტეთ კლინიკას… მე პირდაპირ ავიყვანე და ჩამოვიყვანე ბავშვი, დრო არ იცდიდა... და ეს იყო ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია,“ - წერს თაკო ბარბაქაძე.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერებაგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში მოსალდონელია სეტყვა.„26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში სეტყვა, 27-28 ივნისს – ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ილია თოფურია: “მიყვარხარ საქართველო! დიდი მადლობა.”

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "სიტყვის აკადემიის“ (Word Academy) მიერ მის მხარდასაჭერად მომზადებულ ვიდეორგოლს. კლიპში 200-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდა შეიკრიბა, რათა ჩემპიონისთვის სიყვარული და გვერდში დგომა გამოეხატა."ილია, შენი სამშობლო შენ გვერდითაა!“ - ვკითხულობთ ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე.ქართველმა მებრძოლი კი ამ ვიდეო რგოლს შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა:"მიყვარხარ საქართველო. დიდი მადლობა" - წერს ილია თოფურია.

გმირი ბიჭი ტყიბულიდან, რომელმაც 2 დღის წინ თბილისში, ლისის ტბაზე ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა 23 წლის თემო კუბლაშვილია.

23 წლის ტყიბულელმა თემო კუბლაშვილმა თბილისში, ლისის ტბაზე ახალგაზრდა დახრჩობას გადაარჩინა. შემთხვევა 2 დღის წინ, ღამის 11 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბავშვს წყალში ბურთი გადაუვარდა და ახალგაზრდა მის გამოსატანად შევიდა, თუმცა შუა ტბაში ძალა გამოეცალა და შველას ითხოვდა. მაშველების, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ადგილზე მისვლამდე ახალგაზრდის გადასარჩენად ტბაში თემო კუბლაშვილი გადახტა, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცს სიბნელეში მიაგნო და ნახევრად გონდაკარგული ნაპირზე გამოიყვანა. თემო კუბლაშვილი თბილისში ქირით ცხოვრობს და რესტორანში მუშაობს.

მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ბოლქვაძემ ბელგიელი ჟელინ ვანდრომი სამ სეტში – 6:4, 4:6, 6:3 დაამარცხა.პირველ სეტში ბოლქვაძემ გადამწყვეტი ბრეიქი მეშვიდე გეიმში შეასრულა, ხოლო თავისი ჩაწოდება არ დაუკარგავს. მეორე სეტში ბელგიელმა ორი ბრეიქის შესრულება შეძლო და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო გადამწყვეტ სეტში ბოლქვაძემ მეტოქეს სამჯერ აართვა ჩაწოდება.28 წლის ქართველი ჩოგბურთელისთვის დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში ეს მეორე გამოსვლა იქნება – პირველად მან 2019 წელს ამერიკის ღია პირველობაზე მოახერხა ძირითად ბადეში მოხვედრა და ერთი წრის გავლაც შეძლო.უიმბლდონის ძირითადი ეტაპი 29 ივნისს დაიწყება, მანამდე წილისყრა შედგება და ბოქლვაძე თავისი მეტოქის ვინაობას შეიტყობს.

ბოლო სიახლეები