თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაკავებული პირები არიან: ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და გიორგი გიორგაძე.
სხდომაზე დღეს მსჯელობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე გაიმართა.
ამასთან, დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლეს ბრალდებულებმა. მათი თქმით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, რომლითაც მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდება.
როგორც პროკურორმა ვაჟა თოდუამ აღნიშნა, დაცვის მხარეს დღევანდელ სხდომაზე არ წარმოუდგენია ახალი გარემოება, რაც ზეგავლენას მოახდენდა ბრალდებულების მიმართ შერჩეულ აღკვეთ ღონისძიებაზე.
„სასამართლომ როდესაც უკვე არაერთხელ განიხილა ეს საკითხი, მიუთითა, რომ რაიმე ახალი არსებითი გარემოება არ იყო წარმოდგენილი არცერთი მხარის მიერ და ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობა დატოვა ძალაში. მოცემულ შემთხვევაში, არც დღევანდელ სხდომაზე არ აქვს დაცვის მხარეს რაიმე ახალი გარემოება წარმოდგენილი , რაც ზეგავლენას მოახდენდა ბრალდებულების მიმართ შერჩეულ აღკვეთ ღონისძიებაზე“, – აღნიშნა პროკურორმა.
სხდომაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ვეფხია კასრაძემ განაცხადა, რომ „დღეს რაც დარბაზში ხდება, ბოროტებაა“. ამასთან მან პატრიარქსაც მიმართა.
„მინდა, მივმართო ჩემს პატრიარქს, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, გამოგზავნეთ თქვენი წარმომადგენლები, დაესწრონ ჩვენს სასამართლოებს. სად უნდა მივიმალოთ, ვის უნდა მივემალო? მე მქონდა მაგის შესაძლებლობა, მაგრამ არ გამოვიყენე. რას გავქცეოდი? როდესაც მართალი ვარ, რატომ უნდა დავიმალო? ისიც მეყოფა, რომ უდანაშაულოდ ვისჯები“, – განაცხადა ვეფხია კასრაძემ.
საქმეზე ბრალდებულ რვა პირს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. პროცესის პარალელურად, დაკავებულებისთვის სოლიდარობის ნიშნად სასამართლოს ეზოში მათი მხარდაჭერებიც შეიკრიბნენ.