აშშ-ისა და უკრაინის მთავრობებს შორის უკრაინულ-ამერიკული საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმება 57 მინერალს ეხება. დოკუმენტში ასევე საუბარია აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს, რომელიც დოკუმენტს გაეცნო.
გამოცემის ცნობით, ვაშინგტონში ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმება ადგენს ორი ქვეყნის მთავრობებს თანამშრომლობის პოლიტიკურ პარამეტრებს საბადოების დამუშავებაზე, წიაღისეულის გაყიდვაზე და ამერიკულ დახმარებაზე, მათ შორის სამხედრო დახმარებაზე, რომელსაც უკრაინა მომავალში მიიღებს.
ამასთან, როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, შეთანხმების ბევრი დეტალი განსაზღვრული იქნება ტექნიკურ შეთანხმებაში, რომელიც ამჟამად ჯერ არ არის მზად ხელმოსაწერად.
მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ 30 აპრილს გაფორმებული დოკუმენტი სულ 12 გვერდისგან შედგება მაშინ, როდესაც წინა პროექტი, რომელიც აშშ-მა უკრაინას მარტში გადასცა, 90-გვერდიანი იყო.
„ევროპეისკაია პრავდა“ ასევე წერს, რომ ხელმოწერილი შეთანხმების პარამეტრები შეესაბამება იმ ძირითად პუნქტებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა წინა დღეს გაასაჯაროვა. შეთანხმება ნამდვილად დეტალურად აღწერს გარანტიებს, რომ ის არ ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირთან გაფორმებულ შეთანხმებებს და უკრაინის მისწრაფებებს ევროკავშირის წევრობისკენ. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შეთანხმებასთან წინააღმდეგობის შემთხვევაში, შეერთებულ შტატებთან შეთანხმების დებულებები უნდა გადაიხედოს.
მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი უკრაინას არ უქვემდებარებს ამერიკულ სამართლებრივ სისტემას – დავები წყდება კონსულტაციების საფუძველზე. ასევე, დოკუმენტი არ ითვალისწინებს უპირატესობის უფლებას ამერიკული კომპანიებისთვის უკრაინაში მინერალური რესურსების მოპოვების ლიცენზიის მისაღებად. ამავე დროს, ამერიკულ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ წვდომა წიაღისეულის შესაძენად აუქციონებზე ან მოლაპარაკებებზე სხვა მყიდველებზე არანაკლები პირობებით.
დოკუმენტში შესულია იმ წიაღისეულის ჩამონათვალი, რომლის მოპოვებასაც ეხება შეთანხმება. სიაში 57 წიაღისეულია: ალუმინი, სტიბიუმი, დარიშხანი, ბარიტი, ბერილიუმი, ბისმუთი, ცერიუმი, ცეზიუმი, ქრომი, კობალტი, სპილენძი, დისპროზიუმი, ერბიუმი, ევროპიუმი, ფტორი, ფლუორიტი, გადოლინიუმი, გალიუმი, გერმანიუმი, ოქრო, გრაფიტი, ჰაფნიუმი, ჰოლიუმი, ინდიუმი, ირიდიუმი, ლანთანი, ლითიუმი, ლუტეციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, ნეოდიმი, ნიკელი, ნიობიუმი, პალადიუმი, პლატინა, კალიუმი, პრაზეოდიმი, როდიუმი, რუბიდიუმი, რუთენიუმი, სამარიუმი, სკანდიუმი, ტანტალი, ტელური, ტერბიუმი, თულიუმი, კალა, ტიტანი, ვოლფრამი, ურანი, ვანადიუმი, იტერბიუმი, იტრიუმი, ცინკი, ცრკონიუმი, ნავთობი, ბუნებრივი გაზი.
ამასთან, საუბარია მხოლოდ ახალ საბადოებზე, რომელთა დამუშავების ლიცენზიებს უკრაინა შეთანხმების ამოქმედების შემდეგ გასცემს. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია წიაღისეულის ჩამონათვალის გაფართოება.
შეთანხმება არ მოიცავს უკრაინული ინფრასტრუქტურიდან შემოსავლებს, როგორც ეს თავდაპირველად ამერიკული მხარის შემოთავაზებაში იყო. უკრაინა საერთო ფონდში ჩადებს ლიცენზიების გაყიდვიდან და წიაღისეულის მოპოვებიდან მიღებული გადასახადებისგან შემოსავლებს.
უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების ღირებულება ჩაითვლება კაპიტალის შენატანად, მათ შორის დახმარება შეიარაღების სისტემებით, საბრძოლო მასალებით, ტექნოლოგიებით ან წვრთნით.
ამასთან, როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცხადებული ზოგიერთი პუნქტი შეთანხმებაში გაწერილი არ არის. მაგალითად, მასში არ არის ნახსენები ფონდის მართვის პრინციპი, ასევე აშშ-ის ვალდებულება, არ გაიტანოს ფონდიდან შემოსავლები ათი წლის განმავლობაში, არამედ სახსრების 100 პროცენტი უკრაინის აღდგენაში დააბანდოს. აღნიშნული პუნქტები მომდევნო შეთანხმებაში უნდა გაიწეროს, რომლის ტექსტზეც მუშაობა მიმდინარეობს.