ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ძირითად პარტნიორებთან დიალოგი და ურთიერთობების გადატვირთვა, რადგან, ამ შემთხვევაში, ღიად უნდა ვისაუბროთ, რომ აშშ-თან ურთიერთობები სასურველ ნიშნულზე არ იყო, განსაკუთრებით წინა ადმინისტრაციის ბოლო პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა აშშ-ში ვიზიტის შესახებ საუბრისას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
ლევან დავითაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ეს ვითარება შეიცვალოს, გამოსწორდეს და ასევე მნიშვნელოვანია, რომ, როგორც საქართველო, ისე აშშ-ი პრაგმატულად დაინტერესებულია, ეს ურთიერთობები იყოს უფრო მეტად მჭიდრო და ურთიერთხელსაყრელი.
„ჩვენ ზუსტად ამაზე გვქონდა აქცენტი. დიალოგი ამ თემის გარშემო მიმდინარეობს ჩვენს პარტნიორებთან, რომ თანამშრომლობა გავხადოთ უფრო მეტად ურთიერთხელსაყრელი და ეს რაციონალური და პრაგმატული მიდგომა აბსოლუტურად მისაღებია ახალი ადმინისტრაციისთვის. აშშ-ში ჩვენი ვიზიტი ძირითადად იყო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში. ეკონომიკური ბლოკი ვიყავით წარმოდგენილი. ეროვნულ ბანკთან ერთად გვქონდა პარტნიორებთან საინტერესო შეხვედრები. ეს არის საგაზაფხულო სესიები, როგორც წლიური შეხვედრები, რომლებიც ყოველთვის საინტერესოა, რადგან ჩვენ ვიგებთ მიმდინარე წლის ძირითად ტენდენციებს, რაც საერთაშორისო საფინანსო სისტემაში ხდება. ასევე, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პრიორიტეტებზე შეგვიძლია, მივიღოთ მეტი ინფორმაცია. მათ მიიღონ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ პროცესებზე ობიექტური ინფორმაცია, უმაღლესმა გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა, რათა ეს თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან იყოს კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტიანი.
ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს მაღალი ეკონომიკური ზრდა და პოზიტიური დინამიკა ეკონომიკაში შევინარჩუნოთ, დაფინანსების მუდმივი და პროგნოზირებადი წყაროები საქართველოს გააჩნდეს საინტერესო პრიორიტეტული პროექტებისთვის. რა თქმა უნდა, ამაზე ძალიან ბევრი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა მოხდა მთელი კვირის განმავლობაში. ჩვენ როდესაც ვიზიტი გვაქვს აშშ-ში და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არიან წარმოდგენილი, აუცილებელია ორმხრივი შეხვედრები და ორმხრივი შეხვედრები გვქონდა ასევე ეკონომიკურ ბლოკთან. გვქონდა ვაჭრობის სამინისტროში, სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში, ფინანსთა სამინისტროში. ასევე თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში. მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, ეს დიალოგი არის ძალიან პოზიტიური, ძალიან ბევრ საკითხში ახალ ადმინისტრაციასთან არის პოზიციების თანხვედრა და ვფიქრობ, ახალ ადმინისტრაციასთან გვაქვს თანამშრომლობის ძალიან დიდი პერსპექტივა. მე ამის იმედი მაქვს. ვისაუბრეთ ძალიან კონკრეტულ ეკონომიკურ ინიციატივებზე, რომელიც უნდა იყოს ურთიერთხელსაყრელი და ზუსტად ამაზე კეთდება აქცენტი, რომ ჩვენ გვექნება უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და ეს იქნება საქართველოსა და ამერიკის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.