კვირა, დეკემბერი 14, 2025

შალვა პაპუაშვილი: თითოეული მოქალაქე უნდა აცნობიერებდეს, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები ვართ, მხოლოდ ერთი დროშა გვაერთიანებს, ის დროშა, რომელიც თქვენს ხელში ამაყად ფრიალებს

გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! საქართველოს თავდაცვის ძალებს გაკისრიათ განსაკუთრებული მისია, ფხიზლად იდგეთ წინა ხაზზე და დაიცვათ ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი მტრისაგან, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას შეიძლება ემუქრებოდეს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვაზიანში, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მისივე თქმით, ეს მისია კიდევ უფრო აქტუალურია იმ პირობებში, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ორი რეგიონი, ევროპაში უკვე სამი წელია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, ჩვენს გარშემო კი კონფლიქტები არათუ იკლებს, მრავლდება.

„კომპლექსურ დროში კომპლექსური პასუხებია საჭირო. შეშლილი სამყაროს შემხედვარე, მხოლოდ სიბრძნე, წინდახედულება და საზოგადოების ერთიანობა გადაგვარჩენს. ასე იყო ისტორიულად და ასეა დღესაც. ამიტომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ ჯართან ერთად სახელმწიფოს დაცვა ევალება საზოგადოებასაც, განსაკუთრებით კი დღევანდელი ჰიბრიდული ომების ეპოქაში. ჯარისა და ხალხის, ერისა და ბერის, მთელი საზოგადოების ერთსულოვნება არის უმთავრესი საწინდარი ქვეყნის სიმტკიცის, მთლიანობის, ბრძოლისუნარიანობისა და წინააღმდეგობის გზაზე. თითოეული მოქალაქე უნდა აცნობიერებდეს, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები ვართ; რომ ჩვენ მხოლოდ ერთი დროშა გვაერთიანებს, ის დროშა, რომელიც თქვენს ხელში ამაყად ფრიალებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართული სახელმწიფო მტკიცედ ადგას მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკას. დღევანდელ რთულ ვითარებაში მშვიდობა განსაკუთრებულ ძალისხმევას, სიბრძნეს და მოხერხებულობას საჭიროებს.

„სახელმწიფოს ძალისხმევას თავიდან აირიდოს ომის საფრთხე და პროვოკაცია, ზურგს უმაგრებს ქართული ჯარის სიმტკიცე, ურყეობა, გაბედულება, ყველგან და ყოველთვის, თავგანწირვითა და გმირობით დაიცვას საკუთარი სამშობლო, მხარდამხარ იბრძოლოს და შეასრულოს ყველა დაკისრებული მისია. ჩვენ ვგრძნობთ ამ სულისკვეთებას, ამ ზურგს და ამ მზაობას. ჩვენთვის თითოეული ჯარისკაცი ძვირფასი და მოსაფრთხილებელია. განვლილი სამი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ინტერესი და მცდელობა, საქართველო ომის ასპარეზად ქცეულიყო დიდი ქვეყნების ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში. ეს მკაფიო მაგალითი ყველამ კარგად უნდა გაისიგრძეგანოს, ზუსტად გაიგოს, თუ რა ავირიდეთ თავიდან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიმართა.

„თავდაცვის ძალების დღეს ასევე პატივს მივაგებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს. მათ თავისი გმირობით შემოავლეს ზღუდე ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობის ციხესიმაგრეს. მინდა, მივმართო მათ მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს – თქვენი შვილები, თქვენი მამები, თქვენი მეუღლეები ჩვენი საერთო სიამაყეა. ქედს ვიხრით მათი სიმამაცის და თავგანწირვის წინაშე.

კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, თავდაცვის ძალების ეროვნულ დღეს და გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყნის, სამშობლოს და სახელმწიფოს თავდაცვა იყოს მთელი საზოგადოების საერთო საზრუნავი. საქართველოს დაცვა ჩვენი საერთო საქმეა.
ვამაყობთ თქვენით და მადლობას გიხდით ღირსეული სამსახურისთვის. ღმერთმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო!“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა მესამე შვილს ელოდებიან – კადრები სქესის გაგების ცერემონიიდან

ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მისი მეუღლე, ლიზა ჩიჩუა, მესამე შვილს, გოგონას ელოდებიან.სქესის გაგების ცერემონიიდან კადრებს ლიზა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.წყვილმა 2022 წელს იქორწინა, მათ ორი შვილი, გიორგი და ნინა ჰყავთ.

თოვლის გამო მოძრაობა აიკრძალა! – ინფორმაცია მძღოლებისთვის

თოვის გამო, გუდაური (ფოსტა) -კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.„თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი), დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანტონიუ კოშტა – ევროკავშირის ლიდერებმა ოქტომბერში აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული იქნებოდა, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს ომს და არ აანაზღაურებს ზიანს, დღეს შევასრულეთ...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა ეხმაურება ევროკავშირის გადაწყვეტილებას რუსული აქტივების უვადოდ გაყინვასთან დაკავშირებით.„ოქტომბერში ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული იქნებოდა, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს და არ აანაზღაურებს მიყენებულ ზიანს. დღეს ჩვენ შევასრულეთ ეს ვალდებულება“, – წერს კოშტა სოციალურ ქსელში.კოშტას თქმით, შემდეგი ნაბიჯი უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფაა 2026-2027 წლებისთვის.ცნობისთვის, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის შესახებ, ვიდრე რუსეთი სრულად არ გადაიხდის რეპარაციებს უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება 25 ხმით მიიღეს, ორმა ქვეყანამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. მანამდე უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ იდეას არ ეთანხმებიან.

მარიამ ქვირივიშვილი – ჩვენი მოტივაციაა ენერგეტიკის სექტორის ხელშეწყობა, აქედან გამომდინარეობს მილიარდი ლარის ჯარიმის პატიება, თუმცა ეს არ მოხდა უპირობოდ, ვალდებულება თუ დაირღვევა, ჯარიმა სრულად...

ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის გამორჩეულად პრიორიტეტულ სექტორს წარმოადგენს. ენერგეტიკას, გარდა იმისა, რომ აქვს უდიდესი შესაძლებლობა, მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები, ყველაზე დიდი ღირებულებას აქვს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების კუთხით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.ქვრივიშვილს გადაცემის წამყვანმა კითხვა დაუსვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ყველა ენერგოკომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება ჯარიმები, რომლის მოცულობა მილიარდი ლარია. ჟურნალისტმა მარიამ ქვრივიშვილს მიმართა, რა სტიმულს მისცემს ამ ტიპის ინიციატივა მთლიანად სისტემას, რაზეც ქვრივიშვილმა განაცხადა:„ბოლო თვეების განმავლობაში დიდი ყურადღება დავუთმეთ და ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ, რომ უშუალოდ ჩვენსავე სამინისტროში გაგვეკეთებინა ძირეული რეფორმა, ისევე როგორც ყველა უწყებაში ენერგეტიკის ოპტიმიზაცია. დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 349 მილიონი ლარის ოპტიმიზაცია მოხდა უშუალოდ ჩვენს სამინისტროში შემავალ უწყებებში გატარებული ღონისძიებებით, რეორგანიზაციით. მათ შორის მიმდინარე პროექტების ოპტიმიზაციით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმიზაციის შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით 25 მილიონი ლარის დანაზოგი აქვს ბიუჯეტს, რაც მეტწილად განპირობებულია საკადრო ოპტიმიზაციით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ დაზოგილი თანხა სრულად მოხმარდება ამავე უწყებების და უშუალოდ ენერგეტიკის სექტორების გაძლიერებას. მეორე მხრივ, ჩვენ საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ კერძო სექტორთან, მეწარმეებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო თუ შიდა ინვესტორებთან კომუნიკაციას. ფაქტობრივად, ყოველდღიურად გვაქვს მათთან საუბარი დარგში დაგროვებული გამოწვევების შესახებ. ამაზე ერთმანეთთან გულწრფელად, გულახდილად, გამჭვირვალედ ვსაუბრობთ. ნამდვილად არის რიგი გამოწვევები, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა“.„არსებობს რამდენიმე გარემოფაქტორი. ერთი მხრივ, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ჩვენს ნაწილსაც ვაანალიზებთ. იცით, რომ სამწუხარო ფაქტიც არსებობს, კურატორი, მინისტრის მოადგილე დღეს, ფაქტობრივად, ციხეში იმყოფება და უწევს, გარკვეული პასუხები გასცეს მიმდინარე გამოძიებას. მეორე მხრივ, კერძო სექტორსაც ჰქონდა დიდი გამოწვევები. ზოგადად, როდესაც ენერგეტიკის სექტორზე ვსაუბრობთ, ყველა პროექტს, ინვესტორსა და მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, თან სდევს ვალდებულება, პროექტი განხორციელდეს ვადებში. ვხედავთ, რომ გამონაკლისის გარდა, ფაქტობრივად, არ არსებობს პროექტი, რომელსაც არ ჰქონდეს ვადაში დაგვიანება. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს პირგასამტეხლოს, ჯარიმების დარიცხვას და ასე შემდეგ. ასევე ობიექტურები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ არსებობდა რიგი ობიექტური გარემოებები –  ქართველ, ასევე საერთაშორისო ინვესტორებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, დათქმულ ვადაში განეხორციელებინათ პროექტები. ამავდროულად, არსებობს რიგი არაობიექტური გარემოებები. ბევრი ინვესტორი თუ პროექტის შემთხვევაში არ ხდებოდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ფაქტობრივად, იყო ეგრეთ წოდებული დარეზერვებული დაერთების ნებართვები, თუ მემორანდუმები, რათა ერთ ინვესტორს გადაეყიდა მეორე პოტენციური ინვესტორისთვის. შესაბამისად, ვერ ხორციელდებოდა დათქმულ ვადებში ან იმ ვადებში, როდესაც სახელმწიფო ელოდება პროექტების ექსპლუატაციაში შესვლას. არსებული მემორანდუმის მფლობელი რეალური ინვესტორი არ გახლდათ და ის იყო უბრალოდ გადამყიდველი“.მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ისაუბრა, როგორ უნდა მოხდეს ამის პრევენცია და როგორ უნდა აღმოიფხვრას პრობლემა.„ვიტყოდი, რომ ყველაფერს ჰქონდა სისტემური ხასიათი. ალბათ ეს არის, როგორც შეიძლება, საწყის ეტაპზე შეფასდეს. მეორე მხრივ, ჩვენ უკვე გავატარეთ რიგი ღონისძიებები, რის საფუძველზეც ზუსტად ვიცით და იდენტიფიცირებულია ყველა ის პროექტი, რომლებიც ნამდვილად განხორციელდება და იდენტიფიცირებულია ყველა პროექტი, რომელიც ეგრეთ წოდებული გადამყიდველის ხელშია. პირველ ეტაპზე, ეკონომიკის სამინისტრომ დაახლოებით 1700 მეგავატის ხელშეკრულება გააუქმა, რათა არ მომხდარიყო დაერთების ნებართვების დაბევება და კეთილსინდისიერ ინვესტორს ჰქონდეს შესაძლებლობა, დროულად დაიწყოს გენერაციის პროცესი. ეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, მინდა, განვმარტო, რომ ჩვენ ძალიან ბევრი საუბრის, ხანგრძლივი დისკუსიების შედეგად, იდენტიფიცირება გავუკეთეთ რიგ ბიუროკრატიულ საკითხებსაც, რომლებიც შესაძლებელია, ჩვენი მხრიდანაც მაქსიმალურად აჩქარდეს, რათა დავეხმაროთ ინვესტორებს, უფრო სწრაფად მიიღონ სახელმწიფოს მხრიდანაც რიგი ნებართვები. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობა. ეს არის პირველი, რისი პასუხისმგებლობაც აიღო სახელმწიფომ. მთავარი საკითხი, რაც გულისხმობს ერთი მილიარდი ლარის ჯარიმის პატიებას, ზუსტად აქედან გამომდინარეობს. ჩვენი მოტივაციაა ენერგეტიკის სექტორის ხელშეწყობა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მარიამ ქვრივიშვილმა ასევე განმარტა, რა აძლევთ იმის გარანტიას, რომ კეთილსინდისიერად იმოქმედებენ კომპანიები.„სწორედ ეს არის აღნიშნული ჯარიმების პატიების წინაპირობა. ჯარიმების პატიება არ მოხდა უპირობოდ. პირველი, რაზეც ვთანხმდებით, მოხდება თითოეული პროექტის გადახედვა. საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვრული იქნება შესრულების ახალი ვადები, ორივე მხარე აიღებს პასუხისმგებლობას შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის, პერიოდების, პროცესის შესახებ. მეორე მხრივ, თუ ინვესტორი თანხმდება ახალ ვადას და ამბობს, რომ გარკვეულ პერიოდში სრულად მოახდენს პროექტის ექსპლუატაციაში შეყვანას, ამ შემთხვევაში, პატიება უპირობოა. აღნიშნული ვალდებულება თუ დაირღვევა, ნაპატიები ჯარიმა სრულად აღუდგება ინვესტორს, ისევე როგორც დაერიცხება ახალი პირსაგამტეხლო, საურავი, რომელიც დაკავშირებული იქნება ახალი ვადის დარღვევაზე.მესამე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არის პროცესის აქტიური მონიტორინგი, კონტროლი. ეს სახელმწიფოსთვის ბევრ ფუნქციურ ბერკეტთან არის დაკავშირებული. ვაპირებთ, მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის ზედამხედველობით უზრუნველვყოთ, რომ მუდმივად გვესმოდეს, სად არის პროექტები, რა სტატუსია, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ არ აღმოვაჩინოთ, რომ, მათ შორის რომელიმე სტრატეგიული პროექტი დათქმული ვადებით, გეგმა-გრაფიკით არ მიიწევს წინ. ჩვენ გვინდოდა, პროცესი ყოფილიყო გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ვაკეთებთ უპირობო პატიებას, რომელსაც თან სდევს პირობიანი პატიება. მეორე მხრივ, ჩვენთვის, ამ შემთხვევაში, უფრო მეტად კერძო სექტორისთვის, მცირე, საშუალო მსხვილი მეწარმეებისთვის ეს იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა, რამდენადაც ისინი აღნიშნულ თანხებს სრულად მოაბილიზებენ, რათა მოახმარონ უშუალოდ ენერგეტიკული პროექტების განვითარებას, აჩქარდეს ენერგეტიკის სექტორში დადგმული სიმძლავრეები. ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ შემცირებული იყო  ტენდენცია, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა. ბოლო სამი წლის მაგალითი რომ ავითოთ, დაახლოებით 105 მეგავატი სიმძლავრეა შესული ექსპლუატაციაშ, მიმდინარე წელს იქნება 109 მეგავატამდე. საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენი ამოცანაა  თვითმყოფადობა. განსაკუთრებული ღირებულება აქვს ენერგეტიკის სექტორს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენივე ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოუსაფრთხოება. მეორე ეტაპზე დიდი ყურადღება დაეთმობა ჩვენი ქვეყნის ენერგოსაექსპორტო შესაძლებლობას. მესამე, რასაც ტრადიციულად ჩვენი ქვეყანა აკეთებს და გააგრძელებს, ეს არის ტარნზიტული შესაძლებლობა, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში. აქედან გამომდინარე იქნა მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ენერგეტიკის სექტორიც სიხარულით შეხვდა ამ გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, ურთიერთთანამშრომლობით, პასუხისმგებლობით კერძო სექტორი და სახელმწიფო შევძლებთ, მალე გვქონდეს ხელშესახები შედეგები“, – განაცხადა ქვირვიშვილმა.

გაშვილებულმა ტყუპებმა ერთმანეთის პოვნის შემდეგ ძმასაც მიაკვლიეს

ტყუპებმა, ანანო სართანიამ და თამარ ხვიტიამ, რომლებმაც ერთმანეთი წლების შემდეგ უპოვეს, დაკარგულ ძმასაც მიაკვლიეს.ამის შესახებ ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე პოდკასტში „ვეძებ“ საუბრობს.ნახეთ გადაცემის ანონსი ⇓

ბოლო სიახლეები