პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შუალედურ ანგარიში მოისმინა. კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, კომისიამ 13 თებერვლიდან 17 სხდომა გამართა, 55 პირი გამოიკითხა, საიდანაც 30-მდე დაზარალებული იყო.
დღესვე, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, კომისიის უფლებამოსილება კიდევ ერთი თვით, ივნისამდე გაგრძელდეს.
“აგვისტოს ომთან დაკავშირებით ეს იქნება ერთ-ერთი ძირითადი თავი ჩვენი დასკვნის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვეუბნებით ჩვენს საზოგადოებას, პირველ რიგში, ჩვენს ჯარს, რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ქართული ჯარისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიმართლე დაამტკიცა, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სასამართლოში – ჰააგაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში – სტრასბურგში. 2008 წლის აგვისტოს ომი ისე აწარმოეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებმა, რომ არ გაითვალისწინეს სამხედროების აზრი.
თითქმის ყველა შემთხვევაში, სადაც ხდებოდა ბიზნესის რეკეტი და საკუთრების დარღვევა, ამ დარღვევების კასკადს თან ახლდა პატიმრობა, არაადამიანური მოპყრობა, წამება და, ზოგ შემთხვევაში, მკვლელობაც კი.
პირადი და ოჯახური უფლების დარღვევა არის ერთ-ერთი თემა, რომელზეც ვმუშაობთ, თუმცა აქვე უნდა იცოდეთ, მოცულობითი ვერ იქნება გასაგები მიზეზის გამო. ვერ იქნება მოცულობითი, რადგან ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ ის ადამიანები, ვისაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაურღვიეს, საძინებლებში შეუვარდნენ, გადაუარეს, შემდეგ ეს მასალა იყო შანტაჟის იარაღი მათ წინააღმდეგ.
ჩვენი კომისიის მუშაობისა და დასკვნის გამოქვეყნების შედეგად, გამორიცხულია, რომ ხელმეორედ განვაცდევინოთ ის, რაც მათ განიცადეს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.