12 შტატი ტრამპის ადმინისტრაციას ნიუ-იორკში, აშშ-ს საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოში უჩივის და თეთრ სახლს „უკანონო“” ტარიფების დაწესებაში ადანაშაულებს, რომელიც აშშ-ს ეკონომიკაში „ქაოსს“ იწვევს.
სარჩელის თანახმად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გატარებული პოლიტიკა ექვემდებარება მის „ახირებებს და არა ლეგიტიმური უფლებამოსილების სათანადო განხორციელებას“.
ასევე ეჭვქვეშ არის დაყენებული ტრამპის მტკიცება, რომ „საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების შესახებ კანონის მიხედვით, მას შეუძლია თვითნებურად დააწესოს ტარიფები. სარჩელი შეიცავს სასამართლოსადმი თხოვნას, ტარიფები უკანონოდ გამოაცხადოს და მათი აღსრულება დაბლოკოს.
მოსარჩელე შტატები არიან: ორეგონი, არიზონა, კოლორადო, კონექტიკუტი, დელავერი, ილინოისი, მენი, მინესოტა, ნევადა, ნიუ მექსიკო, ნიუ იორკი და ვერმონტი.
არიზონას შტატის გენერალურმა პროკურორმა, კრის მეისმა ტრამპის სატარიფო რეჟიმს უწოდა „არა მხოლოდ ეკონომიკურად გაუმართლებელი, არამედ უკანონოც“.
სარჩელში ხაზგასმულია, რომ ტარიფების დაწესების უფლებამოსილება მხოლოდ კონგრესს აქვს და „საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების შესახებ კანონით მინიჭებული უფლებები პრეზიდენტს მხოლოდ მაშინ შეუძლია გამოიყენოს, როდესაც ქვეყანას საზღვარგარეთიდან „უჩვეულო და განსაკუთრებული საფრთხე“ დაემუქრება.