კონკრეტული ქვეყნების ინტერესია, საქართველოში რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა იყოს, რადგან ასეთ პირობებში ინტერესების გატარება უკეთ შეეძლებათ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკი რამდენიმე დღის წინ 9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„9 აპრილი არის არა მხოლოდ თარიღი, არამედ იდეა ერის ერთიანობისა. 9 აპრილს ერი და ბერი როცა გაერთიანდა, ყველა პოლიტიკური შეხედულების ადამიანი ერთად დადგა და საქართველოს დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. სამწუხაროდ, ასეთი აღტკინებით საქართველოს ისტორია აღარ გაგრძელდა, მაგრამ, ფაქტია, რომ 9 აპრილი წმინდა თარიღად რჩება, რომელიც დღემდე ხელშეუხებელი იყო და ამ დაბინძურებას გარკვეულმა პირებმა, უცხო ქვეყნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა შეუწყვეს ხელი. ეს არა მხოლოდ გულსატკენია, არამედ დასკვნის საშუალებასაც გვაძლევს. კონკრეტული ქვეყნების ინტერესია, საქართველოში რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა იყოს, რადგან ასეთ პირობებში მათ ინტერესების გატარება უკეთ შეეძლებათ, მაგრამ ამისგან როგორც 90-იან წლებში, ასევე 2008 წელს და ახლაც ის ქვეყანა სარგებლობს, რომელსაც საქართველოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. საზოგადოებაში რაც მეტი იქნება ანტაგონიზმი, რომელსაც რუსი ბანი, მომღერალი თუ რუსეთიდან დაფინანსების მიმღები ადამიანები უზრუნველყოფენ, ეს მათთვის მოხერხებული პოლიტიკური პოზიცია იქნება. რადიკალიზმი სჭირდებათ, რათა ის პოლიტიკური ძალა გამეფდეს, რასაც გლობალურ ომის პარტიას ვეძახით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.