ჩვენი პარტია ზოგადად განსხვავდება სხვა ოპოზიციური პარტიებისგან იმით, რომ ჩვენ ძალიან მკაცრად მივყვებით ჩვენს გეგმას, გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ჩვენ პარტიაზე არ მოქმედებს არცერთი ოპოზიციური პარტიის, ასევე ე.წ. მთავრობისა და პარლამენტის მოწოდებები და ჩვენ მკაცრად მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს. რა თქმა უნდა, ერთადერთი შეთანხმება, რომელიც ჩვენი მხრიდან ხორციელდება, ეს არის ჩვენ ამომრჩევლებთან, ჩვენ მხოლოდ მათ ვუთანხმებთ საკუთარ დღის წესრიგს. ეს დღის წესრიგი დღესდღეობით, არის ის ნაბიჯები, რომლებსაც ყოველდღიურად ვდგამთ, რათა საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ პროცესში, რა პროცესშიც დღესდღეობით ჩვენი ქვეყანაა „ოცნების“ ე.წ. ხელისუფლების პირობებში და არცერთი ოპოზიციური ფლანგის, პარტიის მხრიდან, არც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, არც „ოცნების“ რიტორიკის გათვალისწინებით არ ვთვლით ჩვენს გეგმებს“, – განაცხადა ხვედელიანმა.
„დღესდღეობით, ჩვენთვის ნომერ პირველი სასაუბრო საკითხი ეს არის პოლიტპატიმრების მდგომარეობა ქართულ ციხეებში, ასევე, მათი უპირობო გათავისუფლება, რა თქმა უნდა, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და ევროპული მომავლის გაცოცხლება“, – განაცხადა ხვედელიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რისთვის ემზადება პარტია „გახარია საქართველოსთვის“, რადგან მათი კოლეგები მაგალითად, „გირჩიდან“ აცხადებენ, რომ პარტია, ან არჩევნებისთვის უნდა ემზადებოდეს, ან რევოლუციისთვის და თუ მათი გუნდი ნამდვილად არ ემზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მაშინ რატომ არ ტოვებენ მანდატებს, რაშიც ოპოზიციონერი კოლეგები დებენ ბრალს, ტატა ხვედელიანმა აღნიშნა, რომ ზოგადად, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ყოველთვის მზად უნდა იყოს ნებისმიერი არჩევნებისთვის და აქედან გამომდინარე, მათი პოლიტიკური ძალაც მუდმივად მზად არის ნებისმიერი არჩევნებისთვის.
„დღესდღეობით, ნომერ პირველი ჩვენს დღის წესრიგში ეს არის ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ არჩევნების გზით, რა თქმა უნდა, საარჩევნო გარემოს გაჯანსაღების პირობებში და იმ პირობებში, რა პირობებშიც შესაძლებელია, არჩევნებმა ასახოს ქართველი ხალხის ნება, ჩატარდეს არჩევნები და ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა ხვედელიანმა.
შეკითხვაზე, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გუნდი მზად არის, როგორც ახალი არჩევნებისთვის, ისე თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თუ ამ კონტექსტში განვიხილავთ, ტატა ხვედელიანმა განაცხადა: „ჩვენი პოლიტიკური ძალა, ზუსტად ისევე, როგორც ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, დარწმუნებული ვარ, მზად არის ნებისმიერი არჩევნებისთვის და აქ ჩვენ რაღაც შერჩევითად რომელიმე არჩევნებისთვის არ ვართ მზად“.
ტატა ხვედელიანმა ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, თუ მის ნებისმიერ დანაყოფთან რამე სახით ერთიანობის შექმნა პრობლემაა მათთვის და ასევე ეს პრობლემაა მათი ამომრჩევლისთვის.
მისივე თქმით, 2024 წლის არჩევნები, მათი აზრით, არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას და შესაბამისად, არჩევნების მეორე დღიდანვე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გარკვეულ პარტიებში ზეიმი და გამარჯვებებზე საუბარი მიმდინარეობდა, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ მაშინვე თქვა, რომ ეს არჩევნები არ ასახავდა ხალხის ნებას.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ ამბობს უარს პარტია მანდატებზე, თუ არჩევნები ხალხის ნებას არ ასახავდა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა, რომ მათთვის დღევანდელი პარლამენტი არის არალეგიტიმური, რასაც ისინი ამტკიცებენ იმით, რომ არ ეწევიან საპარლამენტო საქმიანობას და არ შედიან ამ ეტაპზე პარლამენტში.