ბადრაგის სამი ცვლა იყო და ყველა მათგანი წამებაში მონაწილეობდა, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ადამიანი მოხუცი თუ ახალგაზრდა იყო, რა მუხლით იყო დაკავებული – ავარიით მოუვიდა რაღაცა, თუ ძალადობრივი მუხლით, აბსოლუტურად ყველას სცემდნენ, სახელს და გვარსაც არ ეკითხებოდნენ, შემოყვანისთანავე იწყებოდა ცემა, – ამის შესახებ ე.წ. ზილების რევოლუციის საქმეზე გასამართლებულმა ლევან ტერაშვილმა პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.
მისი თქმით, გლდანის ციხის ერთ-ერთ ბლოკში 15 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც ყოველდღიურად შემოყვანილი ადამიანების წამებას აყურებინებდნენ.
„ამ ბლოკში ვიყავი 15 დღე და ღამე, არ ამიყვანეს დიდ საკანში და ამ 15 დღის განმავლობაში ყველაზე დიდი უბედურება და სატანჯველი იყო, რომ საკუთარი თვალებით ვუყურებდი, როგორ აწამებდნენ ყოველდღე ხალხს. ეს იყო იმაზე უფრო რთული, ვიდრე როდესაც შენ გაყენებენ შეურაცხყოფას და გცემენ. საკანი, რომელშიც ვიმყოფებოდი ფეხის ზომით გავზომე. 39 ზომა ფეხი მაქვს და 5 ნაბიჯი მეტეოდა სიგრძეში და სამი სიგანეში, ეს იქნებოდა, ალბათ სიგრძეში 1,30 მეტრი და 0,70 სანტიმეტრი სიგანეში. სიმაღლე ნორმალური იყო, ალბათ ორ მეტრამდე. ასეთ მდგომარეობაში 15 დღე გავატარე. იქ ძილს ვერ ვახერხებდი, მუდმივად იყო შესვლა-გამოსვლა, პატიმრების გამოყვანა, წამება. საკნის წინ იყო დაახლოებით ორი კვ.მეტრის სიგრძის მაგიდა, რაზეც პატარა ნაცრისფერ კამერას დებდნენ და იღებდნენ. ის კადრები, რაც შემდეგ გამოვიდა, მე საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, საკნის კარი დახურული არ იყო. შეგნებულად ვყავდი იქ, ამ ყველაფრისთვის რომ მეყურებინა. ბადრაგის სამი ცვლა იყო და ყველა მათგანი წამებაში მონაწილეობდა. არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ადამიანი მოხუცი იყო, ახალგაზრდა იყო, რა მუხლით იყო დაკავებული – ავარიით მოუვიდა რაღაცა თუ ძალადობრივი მუხლით, აბსოლუტურად ყველას სცემდნენ. სახელს და გვარსაც არ ეკითხებოდნენ, შემოყვანისთანავე იწყებოდა ცემა. ერთხელ ადამიანი მიაბეს. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ თავის დროზე თურმე იქ საგიჟეთი ყოფილა. ის ადამიანი ცემისგან, იქ ყოფნით შეიშალა. მოიტანეს სქელი რეზინის ქუდი, ჩაფხუტივით, იმიტომ რომ ეს ადამიანი ისე გაამწარეს, რომ გამორბოდა და თავით ეხეთქებოდა კედლებს, თავის მოკვლას ცდილობდა. ვიხვეწებოდი, ექიმი მოუყვანეთ, რამე ქენით, წამალი დაალევინეთ, არავინ მიგდებდა ყურს. და ამ ყველაფრის მაგივრად, ეს ადამიანი კარეე მიაბეს, ხელბორკილები დაადეს და 24 საათის განმავლობაში იყო ასეთ მდგომარეობაში მიბმული, თავზე ის ჩაფხუტი წამოაფარეს, რომ არ მიერტყა თავი. და ასე ხუმრობდნენ, ერთობოდნენ. 15 დღის განმავლობაში უამრავ ასეთ რაღაცას ვუყურე“, – განაცხადა ლევან ტერაშვილმა.