შაბათი, აპრილი 19, 2025

არმაზ ახვლედიანი – მე არ წარმოვადგენ ამ ოპოზიციას, მე მას ვემიჯნები, იმიტომ, რომ ასე როგორც იქცევა ახლა ოპოზიცია, ეს არის სირცხვილი და დანაშაულიც, ამათ ხელში ჩვენ ვართ შავ დღეში

“ტრიუკების“ დიდოსტატი ივანიშვილი ახალი არჩევნების „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით ჩატარებისთვის რახანია ემზადება. ის აუცილებლად დანიშნავს ახალ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და თუ საჭირო იქნება ივანიშვილიც შეიძლება აღმოჩნდეს „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში. თუ მას ეს დასჭირდა, ამაზეც წამსვლელია, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას აღნიშნა, რითაც „ქართული ოცნების“ წევრის, კახა კახიშვილის მიერ გადაცემა “360 გრადუსში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა 2026 წელს დაინიშნოს, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა „ნამდვილი ოპოზიცია“ შექმნას და თორნიკე რიჟვაძეს, გრიგოლ ლილუაშვილს და იმ ადამიანებს, რომელთაც საკადრო ცვლილებები შეეხოთ და „ისე დარჩნენ“, [ოპოზიციაში] თავისი შესაძლებლობების ჩვენების საშუალება მიეცეთ. ამავე კონტექსტში კახიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილიც ახსენა, რომელიც, მისი აზრით, „მოვა დრო და წავა „ქართული ოცნებიდან“.

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნულ ისეთ არჩევნებში, რომელიც სრულად „სათავისოდ მოწყობილი იქნება“, ოპოზიციამ შეიძლება ფიასკო განიცადოს.

“არჩევნების შემდეგ, ამ თვეების განმავლობაში, არაერთხელ მითქვამს, რომ ივანიშვილი აუცილებლად დანიშნავდა ახალ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ოღონდ არა ჩვენი, მოქალაქეებისა და ოპოზიციონერების დღის წესრიგით, არამედ საკუთარი დღის წესრიგით. ამას ის გააკეთებს მაშინ და ზუსტად მაშინ, როცა ჩათვლის, რომ ყველა საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ შეხვდეს ამ არჩევნებს შესაბამისად მომზადებული და მიიღოს მინიმუმ ის შედეგი, რაც მიიღო მიტაცებით გასული წლის ოქტომბერში. თუმცა მისი ამოცანაა, რომ ეს შედეგი გაიუმჯობესოს მნიშვნელოვნად. ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ ის არ დანიშნავს [ახალ არჩევნებს] მიმდინარე წელს და მეც მაქვს ვარაუდი, რომ სავარაუდოდ, მომავალ წელს დანიშნავს, იმიტომ არა, რომ ჩვენი მოთხოვნები გაითვალისწინა, ეს იქნება მისი დღის წესრიგის ნაწილი. „ტრიუკების“ დიდოსტატი ივანიშვილი ამისთვის რახანია ემზადება. ამით რას გააკეთებს: 1. ის აჩვენებს შიგნით და გარეთ ყველას, რომ ლეგიტიმურობა შეიძინა ბოლოს და ბოლოს, მისი აზრით. 2. სავარაუდოდ გაიუმჯობესებს შედეგს. 3. იტყვის: – რასაც ელოდით ამდენი ხანი, მიიღეთ. ხომ გინდოდათ არჩევები?- ა, ბატონო არჩევნები. სხვა საქმეა რა რეაქცია უნდა გვქონდეს ამაზე.

ივანიშვილსა და მის დღევანდელ უცნაურ პოლიტიკურ დაჯგუფებას ახასიათებს, რომ ხან ვისი და ხან ვისი მეშვეობით, რომ არ ელოდები ისეთი პირების მეშვეობითაც, გვეტყვის თავის სათქმელს. ხანაც ამ სათქმელს პირდაპირ გვეუბნება კობახიძე. მიმაჩნია, რომ ეს ამბავი უკვე ისე მომწიფდა, სათქმელად ღირდა. კახა კახიშვილი მართალია არ არის მოქმედი თანამდებობის პირი, მაგრამ წინა პარლამენტში ის იყო გუნდის აქტიური წევრი, კომიტეტის თავმჯდომარე და შესაბამისად, ის არის „ქართული ოცნების“ რეზერვში. კაცმა არ იცის, ხვალ სად იქნება, რა თანამდებობაზე. რომც არ იყოს, მაინც ის იქაურია და საკმარისად სარწმუნოდ მეჩვენება ეს მოსაზრება. ბიძინა ივანიშვილის მიერ ასე დანიშნულ არჩევნებში, რომელიც იქნება სათავისოდ მოწყობილი სრულად, ოპოზიციამ შეიძლება განიცადოს ფიასკო.

ყველა ის ცვლილება დაკავშირებული ლილუაშვილთან, რიჟვაძესთან, ცვლილებები რაც უახლოეს ხანებში იქნება, ერთადერთ რამეს უკავშირდება, ერთი მხრივ ივანიშვილი ერთგულ ადამიანებს, ჩვენთვის უცნაურად და ალოგიკურად ელევა არა იმიტომ, რომ მათ მონური ერთგულება აკლიათ, არამედ იმიტომ, რომ დღეს მას სჭირდება უფრო მეტად დაუნდობელი, რეპრესიულ მანქანაზე სრულად მორგებული, ცივსისხლიანი სახელმწიფო მოხელეები უმაღლეს თანამდებობებზე აჭარაში, სუს-ში. ასეთია ოხანაშვილი, თამაზაშვილი… მათ რეზერვში ამყოფებს. ივანიშვილს არ აქვს დიდი ადამიანური რესურსი და უხდება მისივე გუნდიდან ვიღაც გაამწესოს ოპოზიციაში. შესაძლოა, კახიშვილიც აღმოჩნდეს იმ ე.წ ოპოზიციაში. ლილუაშვილსა და რიჟვაძეს რამე კი არ დაუწუნეს, მათ სისუსტედ ჩაუთვალეს ის, სრულად ჯალათებად რომ ვერ ჩამოყალიბდნენ. არ აწყობდათ თუნდაც ასეთი ლოიალური რიჟვაძე – რიჟვაძე, რომელიც მზად იყო ნებისმიერი დავალება შეესრულებინა, მაგრამ იქ სჭირდებათ პირდაპირ პოლიციელი. მე მაქვს ასეთი მოლოდინი, აბსოლუტურად საფუძვლიანი, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე, ყველა საკვანძო თანამდებობაზე დაინიშნება პოლიციისა და სუს-ის წარმომადგენელი. ანუ ივანიშვილს სჭირდება არა უბრალოდ ყურმოჭრილი მონები, არამედ მას სჭირდება ისეთი ხალხი, ვინც მზად იქნება და იძალადებს ოპონენტებზე.

აბსოლუტურად დასაშვებად მიმაჩნია, რომ ღარიბაშვილიც და სხვებიც აღმოჩნდნენ ამ ე.წ. სატელიტ ახალ ოპოზიციურ გაერთიანებებში. თუ საჭირო იქნება ივანიშვილიც შეიძლება აღმოჩნდეს „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში, თუ მას ეს დასჭირდა, ამაზეც წამსვლელია. ამაზე მას ჩემთან უსაუბრია ბევრი წლის წინ. მას ჰქონდა ეს გეგმა. ეს მაშინ ხდება, როცა თითქოს მოღრუბლული ცა არ იყო ჩვენს თავზე ვიღაცებისთვის, ჩემთვის მაშინაც იყო ნამდვილად. რა პრობლემაა, ეტყვის ღარიბაშვილს, რიჟვაძეს, ლილუაშვილს და შეაქმნევინებს ნებისმიერი კონფიგურაციით ახალ სატელიტ ოპოზიციას“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

რაც შეეხება არსებულ ოპოზიციურ სპექტრს, ახვლედიანის შეფასებით, „დღეს ოპოზიცია იქცა განვითარების მუხრუჭად“.

„ასეთ მუხრუჭად ჩამოყალიბდა. რაც შეეხება მეხუთე პრეზიდენტს, 31 მარტის აქცია საკმარისად ცუდად დაიგეგმა. ადამიანები მოვედით გულანთებულები. მე ვარ უკმაყოფილო სალომე ზურაბიშვილის გზავნილებით და იმით, რაც მერე მოხდა. ხომ დაანონსდა რომ ხვალიდან ვიწყებთ? რა დაიწყეს და რა გააკეთეს? ჩავარდნა არის ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა ახვლედიანმა.

ამასთან, მისივე თქმით, ის სრულად ემიჯნება დღევანდელ ოპოზიციას.

“მე არ წარმოვადგენ ამ ოპოზიციას, მე მას ვემიჯნები, იმიტომ, რომ ასე როგორც იქცევა ახლა ოპოზიცია, ეს არის სირცხვილი და დანაშაულიც. ამათ ხელში ჩვენ ვართ შავ დღეში. ისინიც კი ვინც დღეს რუსთაველზე აპროტესტებენ, აპროტესტებენ გმირულად, სამაგალითოდ. მათი უმრავლესობა ამ ოპოზიციას მხარს არ უჭერს. ისინი ოპოზიციის გამო კი არ დგანან იქ, იმიტომ დგანან რომ ამ ოპოზიციამაც მოგვაბეზრა თავი და ამ ოპოზიციით ამ ჯალათ ივანიშვილს ვერ გავისტუმრებთ…

რძის სკანდალი რომ ასე გადაგორდა, ესაა ოპოზიციის სირცხვილი. თქვენ წარმოიდგინეთ, ნებისმიერ ოდნავ ნორმალურ საზოგადოებაში და ქვეყანაში ამის გამო მთავრობა პასუხს აგებდა. ჩვენ ეს გავატარეთ. ჩემთვის პირადად ამაზე უფრო მნიშვნელოვანი თემა არაა. როცა რძის სკანდალს ასე გაატარებთ და რძის რევოლუციას არ მოვუწყობთ ამ ნაძირალებს, ყველაფრის ღირსი ვართ მაშინ“, – განაცხადა ახვლედიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შემზარავი ტრაგედიის დეტალები – „ავტომობილი, რომელშიც არასრულწოვნები ისხდნენ, ხიდიდან წყალში გადავარდა“

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სასწაულები, რომელიც დირბის ღვთისმშობელს უკავშირდება

ფეხმძიმე ღვთისმშობლის ფრესკა ძალიან იშვიათია მართლმადიდებელ სამყაროში დირბის ღვთისმშობელი უშვილოთა შემწეა. მას ევედრებიან უშვილონი, ორსულნი, სხვადასხვა სულიერი და ფიზიკური სნეულებით შეჭირვებულნი და განსაცდელში მყოფი ადამიანები. არაერთი სასწაული მომხდარა ამ ხატის შემწეობითა და მფარველობით.დირბის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფრესკაზე ორსული ღვთისმშობელია გამოსახული. მსგავსი გამოსახულება ძალიან იშვიათია მართლმადიდებლურ სამყაროში.ფრესკიდან დაიწერა რამდენიმე ხატი, რომლებიც ასევე მონასტერშია დაბრძანებული. დირბის ღვთისმშობელთან უწყვეტად მოედინება უშვილო წყვილთა ნაკადი, რომელთაგან მრავალი გარკვეული პერიოდის შემდეგ გაბრწყინებული თვალებითა და მადლიერებით ბრუნდება იმის გამო, რომ მათ დედაღვთისმშობელმა შვილი აჩუქა.ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი. ქარელის რაიონში სოფელი დირბში მდებარეობს.დირბის ღვთისმშობელმა არაერთი სასწაული მოახდინა, რასაც თავად მლოცველები ჰყვებიან.მიდგომილი ღვთისმშობლის (ორსული)ფრესკა XIV საუკუნეს მიეკუთვნება და ტაძრის უნიკალური მოხატულობიდან, თითქმის დაუზიანებლად შემოგვრჩაასობით შეჭირვებული ადამიანი, უშვილონი, სნეულნი, ასევე ორსულნი მიდიან დირბის დედაღვთისმშობელთან მისი დედობრივი შემწეობისა და სითბოს საძიებლად. მორწმუნენი, საკუთარი ხელით წერენ დირბის ღვთისმშობლისადმი ვედრების შემდეგ მათ თავს აღსრულებული სასწაულების – შვილიერების, კურნებებისა და სხვათა შესახებ. მონასტერში, ასევე, მოედინება მართლმადიდებელი მრევლი სხვა ქვეყნებიდანაც. მრავალი შეტყობინება მოდის ინტერნეტითაც.სოციალურ ქსელებში მონასტრის გვერდზე ადამიანები წერენ  მოხსენიების თხოვნებს, საკუთარ ტკივილიან ამბებსა და მათ თავზე აღსრულებული სასწაულების შესახებ.მომლოცველთა ჩანაწერები დირბის დედათა მონასტერში ინახება:„გამარჯობა. ვარ 40 წლის, მეუღლე – 47-ის.  გავთხოვდი შარშან, მაისში. მის მერე არ ვრჩებოდი ორსულად. გავიგე დირბის ღვთისმშობლის შესახებ და ამ წლის 16 მაისს პირველად მოვილოცეთ. სულ ვატარებდით სარტყელს. მეორედ მოვილოცეთ 13 აგვისტოს – დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულზე. დღეს გავიგე, რომ ვარ ორსულად. მადლობა დედაღვთისმშობელს უდიდესი სასწაულისთვის. ვერ ვიჯერებ. მკურნალობაც არ დამჭირვებია, ისე დავრჩი ორსულად ამ ასაკში. მადლობა უფალს. მადლობა დედაღვთისას… მადლობა თქვენ.“„აგვისტოს 13-ში ვიყავით დირბის მონასტერში. შევიძინე, რაც საჭირო იყო. მეუღლე სამი წლის განმავლობაში მკურნალობდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ექიმთან სიარულს თავი დავანებეთ და ორივემ ღვთისმშობლის სარტყელი გავიკეთეთ. 3 თვეში ორსულად დავრჩი. ბარბარობას გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. მინდა, ყველა უშვილო წყვილი გაახაროს დედაღვთისმშობელმა ისე, როგორც ჩვენ გაგვახარა“, – წერს ეკატერინე. წაიკითხეთ სრულად

„უფალს დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის… დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ მას და ჯვარს აცვამენ“ – მეუფე...

„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ მას და ჯვარს აცვამენ“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკატედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, ჩვენ ვდგავართ ჩვენი მაცხოვრის საფლავთან. იგი ცხოვრობდა ადამიანებთან ერთად, იყო, როგორც ყველა სხვა ადამიანი, მხოლოდ ცოდვა არ ჰქონდა. მას ყველა უყვარდა, ასწავლიდა მხოლოდ სიკეთეს, სიყვარულს, ჭეშმარიტებას, სიწმინდეს. ყველას ეხმარებოდა და მრავალ სასწაულს ახდენდა.მას ჰყავდა მოწაფეები, რომლებსაც იგი უყვარდათ, მაგრამ ჰყავდა მტრებიც, რომლებსაც სძულდათ და დევნიდნენ, ცილს სწამებდნენ, ლანძღავდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მას საერთოდ ვერ ამჩნევდნენ, თავიანთი ამაო საზრუნავების და საქმიანობის გამო. და აი, მისდამი გაბოროტება და მტრობა მატულობდა: მის უახლოეს მოციქულთა შორის აღმოჩნდა ერთი, რომელმაც ოცდაათ ვერცხლად გაყიდა იგი და გასცა გეთსიმანიის ბაღში, როდესაც ის ლოცულობდა რამდენიმე მოწაფესთან ერთად, ამ ღალატის ნიშნად კი აირჩია ამბორი. მაცხოვარი შეიპყრეს, სცემეს, ნერწყვეს, აბუჩად აიგდეს და ბოლოს აიძულეს, ჯვარი მიეტანა გოლგოთამდე, სადაც ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად და თან დასცინოდნენ.უფალმა სული განუტევა ჯვარზე. მისმა საიდუმლო მოწაფეებმა: იოსებმა, ნიკოდიმოსმა, წმინდა დედებმა იგი გარდამოხსნეს ჯვრიდან და დასაფლველად მოამზადეს.ეს მოხდა მაშინ, ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე. დღესაც ეხმარება იგი ადამიანებს და აღასრულებს სასწაულებს. მას დღესაც ჰყავს ერთგული და მოსიყვარულე მოწაფეები, დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ და ჯვარს აცვამენ.ჩვენ მოვედით აქ, რომ გარდამოვხსნათ იგი ჯვრიდან და მოვამზადოთ დასაფლველად. მოვიტანეთ სანთლები, ყვავილები, ჩვენი ლოცვები და ფიქრები. რაზე ვფიქრობთ დღეს? მეც ხომ არ მიმიძღვის წვლილი, ბრალი მის ჯვარცმაში და ტანჯვაში? მეც ხომ არ შემიცოდავს მის წინააღმდეგ? სინდისი მკარნახობს, რომ შენც მიაყენე ტკივილი, არც შენ ხარ ბრალის გარეშე. მაშ, როგორ მივიდეთ გარდამოხსნასთან ისე, რომ ჩვენი მთხვევა არ დაემსგავსოს იუდას ამბორს და გვახსენდება მეძავი დედაკაცი სახარებიდან, რომელიც ბეთანიაში იესოს ფერხთით ტიროდა, თავისი თმებით უმშრალებდა ცრემლებს, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა, უფალმა კი ის არ გააგდო.ჩვენც, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ვემთხვიოთ წმინდა გარდამოხსნას ამ მეძავი დედაკაცის მსგავსად სინანულით, სიყვარულით და ავდგეთ იმ სურვილით და შემართებით, რომ დღეიდან გავხდეთ უკეთესნი, ვიდრე ვიყავით აქამდე, რაშიც შეგვეწიოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“, - განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.

ჯეი დი ვენსი – რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, წინასწარ შედეგებს არ განვიხილავ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შეგვიძლია ამ სასტიკი ომის...

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, წინასწარ შედეგებს არ განვიხილავ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შეგვიძლია ამ სასტიკი ომის დასრულება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა იტალიაში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა.„მე მინდოდა, მომეყოლა იტალიის პრემიერ-მინისტრისთვის რუსეთისა და უკრაინის გარკვეული მოლაპარაკებებისა და ზოგიერთი საკითხის შესახებ, რაც ბოლო 24 საათში მოხდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს ზოგიერთი საინტერესო საკითხი, რომლის მოყოლაც ღირს, ცხადია, პირად საუბარში“, – აღნიშნა ვენსმა.„მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, მე წინასწარ არ განვიხილავ შედეგებს, მაგრამ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ იმედია, ჩვენ შეგვიძლია ამ ომის, ამ ძალიან სასტიკი ომის დასრულება“, – განაცხადა ვენსმა.

უმძიმესი ტრაგედია ხონში – ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ბოლო სიახლეები