შაბათი, მარტი 21, 2026

რას ვკითხულობთ ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათს

დიდმარხვის მეხუთე შაბათს, არის ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათი. დაუჯდომელი იკითხება ცისკრის მსახურებაზე. ამ დღეს იკითხება ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი სადიდებელ-საგალობელი ანუ ღვთისმშობლის დაუჯდომელი. დაუჯდომელი ლოცვის შესრულების დროს მღვდელმსახურები და მრევლი არ უნდა დასხდნენ, არამედ ფეხზე უნდა იდგნენ ან დაიჩოქონ.
საეკლესიო სწავლების თანახმად, დედა ღვთისმშობელმა VII-VIII საუკუნეებში სამგზის გადაარჩინა კონსტანტინოპოლი მტერთაგან განადგურებას. გასაკვირი არცაა, რომ მადლიერების გამოსახატავად პირველი დაუჯდომელი ლოცვა ბერძნულ ენაზე შეიქმნა და ღვთისმშობელს მიეძღვნა.

გადმოცემით, დაახლოებით დიდი მარხვის მეხუთე კვირის შაბათს უხსნია პირველად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ბიზანტიის დედაქალაქი. სწორედ ამიტომ ღვთისმშობლის დაუჯდომელი ლოცვა ამ დღეს ყოველწლიურად იკითხება ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში. თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი წაკითხვა სხვა დროს არ შეიძლება. როგორც სასულიერო, ისე საერო პირებს შეუძლიათ (და კარგიც იქნება), ხშირად ილოცონ ღვთისმშობლის დაუჯდომელი.
სწორედ ღვთისმშობელს უნდა ვთხოვოთ შუამდგომლობა უფალთან, რათა შეგვეწიოს და მეოხ გვექმნეს. მარიამ ქალწული მადლითა და ღმერთთან სიახლოვით აღემატება ყველა ქმნილ არსებას; ამიტომ მიაჩნია ეკლესიას უპატიოსნესად ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესად სერაფიმთა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრება საუკეთესო მაგალითია ყველასთვის, განსაკუთრებით კი ქრისტიანი ქალებისთვის.
ქალწულებს იგი გამოუთქმელი სულიერი და ხორციელი სიწმინდის მაგალითს აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ქალწული მარიამი ყოველი ღირსებითა და მშვენიერებით იყო სავსე, საოცარი თავმდაბლობითა და სიმშვიდით გამოირჩეოდა. ამიტომ ქალწულებმა, ღვთისგან ბოძებული ხორციელი თუ სულიერი მშვენიერებით რომ ქედმაღლობენ, უნდა იფიქრონ, ვინ შეიძლება იყოს უმშვენიერესი და უდიდესი მარიამისა, რომელიც ამასთან საოცრად თავმდაბალი და მშვიდი იყო.
დედებიც ხშირად უნდა დაფიქრდნენ, როგორი დედა იყო ყოვლადწმინდა მარიამი. მაცხოვრის შობის შემდეგ მას თავი აღარ ახსოვდა, თავისი ძის ცხოვრებით ცხოვრობდა. ამავე დროს, თუ გვსურს, შევიტყოთ, როგორი მინდობილება და სასოება უნდა გვქონდეს ღმრთის განგებულებისა, გოლგოთის მთაზე ავაზაკებს შორის ჯვარზე გაკრული იესო და მის წინაშე მდგომი ღვთისმშობელი წარმოვიდგინოთ. რას იგრძნობდა დედა, რომლისთვისაც შვილი ყველაფერი იყო? მაგრამ მან ყოველივე დაითმინა, რადგან ჰქონდა რწმენა და სჯეროდა ღვთის განგებულებისა. ჭირი და უბედურება ჩვენც სულგრძელად უნდა დავითმინოთ…

ღვთისმშობლის დაუჯდომელი ლოცვა ასე იწყება:

“ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა შევსწირავთ, ღვთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რათა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდენ, სძალო უსძლოო”.

ამ სიტყვებში გადმოცემულია მთელი დაუჯდომლის მოკლე შინაარსი.
ღვთისმშობლის დაუჯდომელში ხშირად მეორდება სიტყვა “გიხაროდენ”. აღსანიშნავია, რომ პირველად ეს სიტყვა წმინდა წერილში მაშინ გვხვდება, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და მიმართა:

“გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა!” რა სანუკვარი სიტყვებია: “გიხაროდენ, მიმადლებულო” – გიხაროდენ, მადლმოსილო, უფალი შენთანა. ეს საოცარი სიტყვები აღგვიძრავს სურვილს, ჩვენც მადლმოსილნი გავხდეთ, ხოლო თუ ადამიანი მადლმოსილია, თუ გაუღებს გულის კარს მადლს, მუდამ გახარებული იქნება.
როგორც ყველა ლოცვას, დაუჯდომელსაც დიდი ძალა აქვს და გულმოდგინედ მლოცველნი სათხოვრის კეთილად აღსრულებას მივიღებთ.
ეკლესიის კალენდარი, სოფიო თავაძე

დაუჯდომელის ბროშურა თუ არ გაქვთ, ის ინტერნეტში, რელიგიურ გვერდებზე შეგიძლიათ იპოვოთ და წაიკითხოთ შაბათს დღის მანძილზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჩემთვის მართლაც წმინდანია… ნახავთ, რომ მალე მას წმინდანად შერაცხავს ეკლესია… – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი პატრიარქზე

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი იხსენებს.იგი აღნიშნავს, რომ ილია მეორე მისთვის მართლაც წმიდანია და დარწმუნებულია, რომ მალე ეკლესია პატრიარქს წმინდანად შერაცხავს.„მასზე ამბობენ, რომ წმინდანიაო და ჩემთვის მართლაც წმინდანია... ნახავთ, რომ მალე მას წმინდანად შერაცხავს ეკლესია...როდესაც სწირავდა, ნათელს ასხივებდა. იყო ძალიან კაცთმოყვარე, ძალიან ღმრთის მოყვარე, ძალიან ძმათმოყვარე, მუდმივად ჰქონდა მსხვერპლგაღებისა და თავგანწირვის განწყობა... მჯერა, პატრიარქი ილია უფრო მეტად დაეხმარება იქიდან თავის სამშობლოს, თავის ქვეყანას, თავის ეკლესიას“, - აღნიშნავს ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი.ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე საზღვაო აკადემიის სტუდენტები, რექტორი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან და მინისტრის მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდნენ.ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ირაკლი კობახიძე – საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით, ვიმედოვნებთ, ევროპა დაიბრუნებს სუვერენიტეტს, იდენტობას, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება

საუკუნეების განმავლობაში ჩვენი რწმენა აყალიბებდა ჩვენს ღირებულებებს, კულტურასა და ზნეობრივ ხედვას, რწმენა ძალისა და გზის მაჩვენებელი იყო თაობებისთვის, რაც ჩვენს ერს ეხმარებოდა გამოწვევების დაძლევაში და საკუთარი იდენტობის შენარჩუნებაში ისტორიის რთულ პერიოდებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქრისტიანობა საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია.„ქრისტიანობა საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია და წელს აღვნიშნავთ მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს — გარდამტეხ მომენტს, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ერის სულიერი და კულტურული განვითარება. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი რწმენა აყალიბებდა ჩვენს ღირებულებებს, კულტურასა და ზნეობრივ ხედვას. რწმენა ძალისა და გზის მაჩვენებელი იყო თაობებისთვის, რაც ჩვენს ერს ეხმარებოდა გამოწვევების დაძლევაში და საკუთარი იდენტობის შენარჩუნებაში ისტორიის რთულ პერიოდებში.ქრისტიანული კულტურული საფუძველი კვლავ რჩება ჩვენი საზოგადოების იდენტობის ცენტრალურ ნაწილად. ისტორიის განმავლობაში ჩვენი წინაპრები ევროპას იმ სივრცედ აღიქვამდნენ, სადაც მათი ქრისტიანული იდენტობა იქნებოდა დაცული. შესაბამისად, საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით, ჩვენი მემკვიდრეობის, რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით, რაც, თავისთავად, ურთულესი ამოცანაა.გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ევროპა დაიბრუნებს თავის სუვერენიტეტს, ქრისტიანულ იდენტობასა და ეკონომიკურ ძლიერებას მანამ, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელმა სასულიერო ლიდერებმა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.პანაშვიდს დაესწრნენ: ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და საქართველოში „ხსნის არმიის“ წარმომადგენელი სასულიერო პირები.ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სრულიად სომეხთა კათოლიკოს, გარეგინ მეორის ადვოკატის ცნობით, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა კათოლიკოსს ილია მეორის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცა

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა სრულიად სომეხთა კათოლიკოს, გარეგინ II-ს არ მისცა უფლება, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას დასწრებოდა. ამის შესახებ კათოლიკოსის ადვოკატმა, არა ზოჰრაბიანმა განაცხადა. „კიდევ ერთი უკანონობა, რომელიც აზიანებს ქვეყნის რეიტინგს. მოძმე ხალხისთვის ამ დიდი მწუხარების ჟამს მიზანშეწონილი იყო, სრულიად სომეხთა კათოლიკოსს მიეღო მონაწილეობა მომავალ საეკლესიო წირვაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელი იყო სრულიად სომეხთა კათოლიკოსისთვის რამდენიმე დღით სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს რესპუბლიკაში გამგზავრების ნებართვის მიცემა. ამასთან დაკავშირებით გამომძიებელს შუამდგომლობა წარვუდგინე. დღეს მივიღე პასუხი, რომ შუამდგომლობა უარყოფილია. ვწუხვარ, მაგრამ ეს კიდევ ერთი აშკარად უკანონო გადაწყვეტილებაა, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში. მედიის ცნობით, კათოლიკოსის ადმინისტრაციამ საქართველოს საპატრიარქოსგან მიიღო მოწვევა, რომ მონაწილეობა მიეღო 22 მარტს დაგეგმილ დაკრძალვის ცერემონიასა და ლიტურგიაში. აღსანიშნავია, რომ თებერვალში გარეგინ II-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მასიატსოტნის ეპარქიის ყოფილი წინამძღვრის, გევორკ საროიანის, თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ საქმის ფარგლებში, მას ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.

ბოლო სიახლეები