ორშაბათი, მარტი 16, 2026

ირაკლი კობახიძე – ჩვენ მშვიდად ველოდებით მოვლენების განვითარებას, ვერცერთი სცენარის პირობებში ვერავინ შეარყევს ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას

ჩვენ მშვიდად ველოდებით მოვლენების განვითარებას. არჩევნები როცა ტარდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა თქმა უნდა, უარეს სცენარზეც გვქონდა გათვლილი და ეს უარესი სცენარი იქნებოდა იმავე მმართველობის დარჩენა ხელისუფლებაში, რაც მანამდე მოქმედებდა. ამ სცენარისთვისაც კი ვიყავით ჩვენ აბსოლუტურად მზად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ვერც ამ სცენარის პირობებში ვერავინ შეარყევდა საქართველოს დამოუკიდებლობას.

„ახლა უკვე მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა ტრამპის არჩევამ. მთავარი შედეგი არის ის, რომ საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ სხვანაირად გაიგო. უკვე ხედავთ, რომ ახალი ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში საუბრობს იმავეს წინა ხელისუფლებაზე, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით ოთხი წლის განმავლობაში. ეს უკვე ძალიან ხელშესახები, მნიშვნელოვანი შედეგია. რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, ვნახოთ, ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად. არის ორი შესაძლო სცენარი, ერთი სცენარია, რომ ტრამპი ამარცხებს  „დიფ სთეითს“. ამ შემთხვევაში ეს არის ჩვენთვის კარგი სცენარი, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, მაგრამ ტრამპი თუ ვერ დაამარცხებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში არის რისკი, რომ ისევე გაგრძელდეს მოვლენების განვითარება, როგორც გრძელდებოდა გასული ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენ ორივე სცენარისთვის ვართ მზად, ვერცერთი სცენარის პირობებში ვერავინ შეარყევს ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„სიენენი“ – ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰორმუზის სრუტეში გემების გაგზავნასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას თავს არიდებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰორმუზის სრუტეში გემების გაგზავნასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას თავს არიდებს.„სიენენის“ ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვლავ გამოთქვა შეშფოთება ჰორმუზის სრუტესა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, თუმცა არაფერი უთქვამს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადგილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გემების გაგზავნის შესახებ.ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა ვითარებას „დაძაბული“ უწოდა, რომელიც, მისი თქმით, ძირს უთხრის გლობალურ სტაბილურობას.„ჩინეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები, თავიდან აიცილონ დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია და არ დაუშვან რეგიონული ტურბულენტობის მიერ გლობალურ ეკონომიკურ განვითარებაზე უფრო დიდი ზეგავლენის მოხდენა“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლის საფრთხე რეალურია

დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლის რეალური საფრთხე არსებობს.როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლა დღეს რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ამას მხარს უჭერს როგორც პარტია „კონფედერაცია“, ასევე პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ წევრების უმრავლესობა.ტუსკმა ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლის მსურველი პარტიების მფარველობაში პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი დაადანაშაულა.„ნავროცკი მათი მფარველია. რუსეთს, ამერიკულ მოძრაობა MAGA-ს და ევროპელ მემარჯვენეებს, ორბანის ხელმძღვანელობით, ევროკავშირის განადგურება სურთ“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.როგორც ტუსკმა აღნიშნა, პოლონეთისთვის ევროკავშირიდან გასვლა კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება და განაცხადა, რომ მათ შესაჩერებლად ყველაფერს გააკეთებს.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – გვსურს, საქართველომ გააგრძელოს ევროპულ გზაზე ყოფნა და ვნახოთ, როგორ აისახება მისი მოქალაქეების ნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში

ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ საქართველომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები მისი დემოკრატიის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების დაცვის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა-სილვია ცოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.მისივე თქმით, რუმინეთს სურს, საქართველომ ევროპულ გზაზე ყოფნა გააგრძელოს.„ჩვენ ვართ მეზობლები შავი ზღვით და ამ გაგებით, ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან. ჩვენ გვსურს, საქართველომ გააგრძელოს ევროპულ გზაზე ყოფნა და ვნახოთ, როგორ აისახება მისი მოქალაქეების ნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შავი ზღვა ასე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების კუთხით, არამედ ენერგოტრანსპორტირების, ინფრასტრუქტურისა და წყალქვეშა საკაბელო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც“, – განაცხადა ცოიუმ.

კესტუტის ბუდრისი – ე.წ. უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს

ე.წ. უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესება შეშფოთების საგანია.„საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესება, რა თქმა უნდა, შეშფოთების საგანია და ჩვენ მას დღეს განვიხილავთ. ე.წ. აგენტების აქტის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს. მოუთმენლად ველი ჩემს კოლეგებთან დისკუსიას იმაზე, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბუდრისმა.

ხავიერ ბეტელი – საქართველოს საკითხზე არაფერი შეცვლილა, მე კვლავ მაქვს კონტაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და ვწუხვარ, რომ ახლა ისინი უფრო ახლოს არ მოდიან

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრ ხავიერ ბეტელის თქმით, მას ჯერ კიდევ აქვს კონტაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, თუმცა მიაჩნია, რომ საქართველო ევროპულ გზაზე წინ აღარ მიიწევს.ბეტელის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებით ბოლო პერიოდში არაფერი შეცვლილა.„საქართველოზე შეკითხვას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ყველა შეხვედრაზე მისვამთ, მაგრამ ამ საკითხზე ბოლო პერიოდში არაფერი შეცვლილა. პრობლემა ისევ არსებობს და არსად წასულა. მე კვლავ მაქვს კონტაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და მე ვწუხვარ, რადგან ეს იყო ევროპული გზა, თუმცა ახლა ისინი უფრო ახლოს არ მოდიან და ეს პრობლემაა“, – განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბოლო სიახლეები