ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025

ემანუელ მაკრონი აშშ-ში ფრანგული ინვესტიციების შეჩერების მოწოდებით გამოვიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ტარიფების საპასუხოდ, მოწოდებით გამოვიდა, რომ აშშ-ში შეჩერდეს ფრანგული ინვესტიციები იქამდე, ვიდრე სიტუაცია არ გაირკვევა.

მრეწველობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „სასტიკი და დაუსაბუთებელი“ ზომები, რომლებიც ვაშინგტონმა მიიღო, ევროპული ქვეყნების მხრიდან პასუხის გარეშე არ დარჩება.

მაკრონის განცხადებით, ევროპამ უნდა უპასუხოს ახალ ტარიფებს დარგების მიხედვით. მისივე თქმით, ტრამპის მიერ აშშ-ში იმპორტზე ახალი ტარიფების გამოცხადების შედეგად, ამერიკელები გახდებიან „უფრო სუსტები და ღარიბები“, ხოლო ევროპელები ერთად თუ იმუშავებენ, შეძლებენ „წარმატების მიღწევას“ და ტარიფების გაუქმებას.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სხვადასხვა ქვეყნისთვის დაწესებული ტარიფები 10%-იდან 49%-მდეა. ამასთან, ტრამპმა ევროკავშირს – 20%-იანი, დიდ ბრიტანეთს კი 10%-იანი ტარიფები დაუწესა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ტარიფები აშშ-ს ეკონომიკის აღდგენაში დაეხმარება. ასევე, ტრამპმა 25%-იანი ტარიფი დააწესა უცხოური წარმოების ყველა ავტომობილზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ინგლისური გამოცემის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძეს პრემიერლიგის სამი გუნდი იწვევს

გიორგი ჩაკვეტაძემ, შესაძლოა, ზაფხულში „უოტფორდი“ დატოვოს, რადგან მას ინგლისის პრემიერლიგის სამი გუნდი – „ვულვერჰემპტონი“, „ლესტერ სიტი“ და ასევე „ევერტონი“ იწვევს, – ინფორმაციას გამოცემა FootballLeagueWorld-ი ავრცელებს.„ლი ჰენდრი“ (ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და Sky Sports-ის ექსპერტი) ვარაუდობს, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ზაფხულში „უოტფორდს“ დატოვებს „ვულვერჰემპტონისა“ და „ლესტერ სიტის“ ინტერესის გამო. დეკემბერში ექსკლუზიურად შევიტყვეთ, რომ პრემიერლიგის ორივე გუნდი ქართველ ფეხბურთელს აკვირდებოდა. იმავე სიაში „ევერტონიც“ იყო მოხსენიებული.მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვეტაძე იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „უოტფორდში“ დარჩა, ზაფხულში ამ კლუბებს შესაძლოა ფეხბურთელის მიმართ კვლავ გაუჩნდეთ ინტერესი. გუნდის მთავარი მწვრთნელი, ტომ კლევერლი კმაყოფილია 25 წლის ქართველი ნახევარმცველით, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჩემპიონშიფის 37 მატჩში ორი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.ჰენდრი მიიჩნევს, რომ ჩაკვეტაძეს პროგრესის გასაგრძელებლად კლუბის შეცვლა სჭირდება და ფიქრობს, რომ „ლესტერი“ შესაძლოა საუკეთესო ნაბიჯი იყოს მისი კარიერისთვის.„გიორგი ჩაკვეტაძეს „ლესტერი“ რამდენჯერმე დაუკავშირდა. ის „უოტფორდისთვის“ მნიშვნელოვანი მოთამაშეა და გამორჩეულად თამაშობს მრავალი მიზეზის გამო. მიმაჩნია, რომ ახალ გუნდში გადასვლა აუცილებელია, რათა უფრო მაღალ დონეზე ავიდეს.მე ის ბევრჯერ ვნახე. ბოლო პერიოდში „უოტფორდში“ რამდენჯერმე შეიცვალა მთავარი მწვრთნელი და ვფიქრობ, ჩაკვეტაძეს სტაბილურობა სჭირდება — მასზე ბევრს ლაპარაკობენ.მჯერა, შეუძლია თავისი სტატისტიკის (გოლებისა და საგოლე პასების) გაუმჯობესება, რადგან შესაბამისი უნარი ნამდვილად აქვს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ „ლესტერში“ გადავა. ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი და მისი თავდაჯერებულობაც გაიზრდება, რადგან უფრო ძლიერ გუნდში, უკეთეს შემადგენლობაში ითამაშებს.მას დიდი პოტენციალი აქვს. ასე რომ, არავის უნდა გაუკვირდეს, თუ ზაფხულში უკეთესი შეთავაზების გამო „უოტფორდს“ დატოვებს“, – განაცხადა ჰენდრიმ FootballLeagueWorld-თან ინტერვიუში.„უოტფორდი“ ამჟამად ჩემპიონშიფში მე-10 ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე რვა ტურით ადრე პლეი ოფის ზონას მხოლოდ ხუთი ქულა აშორებს.„უოტფორდმა“ სეზონი იმაზე უკეთ დაიწყო, ვიდრე ბევრს ეგონა და ამაში გარკვეული წვლილი ჩაკვეტაძესაც მიუძღვის. თუმცა, სწორედ ეს ნიშნავს, რომ ზაფხულში მისი დაკარგვა გუნდისთვის სერიოზული დარტყმა იქნება — განსაკუთრებით, თუ მხოლოდ ჩემპიონშიფის კლუბ „ლესტერში“ მოხვდება, რომელიც პრემიერლიგიდან დაქვეითების რეალური კანდიდატია.ამავდროულად, „უოტფორდს“ მნიშვნელოვანი თანხა დასჭირდება იმისათვის, რომ ჩაკვეტაძის ტრანსფერზე დათანხმდეს. კლუბმა ბოლო წლებში ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ განმავლობაში არაერთი გახმაურებული გარიგება განახორციელა და მოთამაშეთა გაყიდვით მიღებულ შემოსავალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამიტომ, დიდი ალბათობით, ამ ზაფხულსაც დაგეგმილი იქნება ერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი — ასეთად კი ჩაკვეტაძე განიხილება, რომელშიც შესაძლოა სოლიდური თანხა გადაიხადონ. ეს იქნება სამწუხარო, მაგრამ აუცილებელი გარიგება.ამ დროისთვის „ვულვერჰემპტონი“ პრემიერლიგაში მე-17 ადგილზეა (20 გუნდიდან), ხოლო „ლესტერი“ — მე-19-ზე. შესაბამისად, არც ისე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჩაკვეტაძე ამ ვარიანტს დათანხმდება, რადგან ორივე გუნდი დაქვეითების რეალური კანდიდატია.საუკეთესო ვარიანტად ამ ეტაპზე „ევერტონი“ ჩანს — კლუბი მე-15 ადგილზეა და გავარდნის ზონას 15 ქულით უსწრებს“, – წერს გამოცემა.

სკოტ ბესენტი – აშშ მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკებები ტარიფებთან დაკავშირებით, მოიტანეთ თქვენი საუკეთესო შეთავაზება ვაშინგტონში

აშშ მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკებები ტარიფებთან დაკავშირებით, მოიტანეთ თქვენი საუკეთესო შეთავაზება ვაშინგტონში, – ამის შესახებ აშშ-ის კაბინეტის სხდომაზე აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.ბესენტის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მზადება სხვადასხვა ქვეყანასთან ვაჭრობისა და ტარიფების შესახებ მოლაპარაკებებისთვის.ბესენტმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან უკავშირდებიან და გამოხატავენ კმაყოფილებას, რომ სწორედ ის აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა, აღნიშნა, რომ ამ პროცესში მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც მიიღებს.„ასე რომ, მოიტანეთ თქვენი საუკეთესო შეთავაზება“, – განაცხადა ბესენტმა.აშშ-ის ხაზინის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ კვლავ რჩება „საუკეთესო ადგილად ინვესტიციისთვის“.

დონალდ ტრამპი – სატარიფო პოლიტიკას გარდამავალი ხარჯები და პრობლემები მოჰყვება, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მშვენიერი იქნება

სატარიფო პოლიტიკას გარდამავალი ხარჯები და პრობლემები მოჰყვება, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მშვენიერი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კაბინეტის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გუშინ „ისტორიაში უდიდესი დღე“ იყო და „საქმეები ძალიან კარგად მიდის“.„იქნება გარდამავალი ხარჯები და პრობლემები, მაგრამ საბოლოოდ ეს მშვენიერ რამედ იქცევა. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ბევრი წლის წინ უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ დავუშვით ის, რომ სიტუაცია კონტროლს გასცდა და ზოგიერთ ქვეყანას საშუალება მივეცით, რომ ჩვენს ხარჯზე ძალიან დიდებული და ძალიან მდიდარი გამხდარიყო. მე არ ვაპირებ, რომ ეს დავუშვა“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა შეაქო თავისი კაბინეტის წევრები და განაცხადა, რომ ვინც ამ მაგიდასთან სხედან, „ყველა არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებს“.„ყველას სურს, მოვიდეს და გარიგება დადოს ტარიფების შესამცირებლად“, – განაცხადა ტრამპმა.ჟურნალისტის კითხვაზე ჩინეთთან დაკავშირებით აშშ-ის შემდგომ ნაბიჯებზე, ტრამპმა უპასუხა, რომ ელოდება რამე სახის შეთანხმებას.„ვნახოთ, რა მოხდება ჩინეთთან. ჩვენ გვსურს, რამე შეთანხმების მიღწევა. მათ ნამდვილად ისარგებლეს ჩვენი ქვეყნით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მათ გაგვძარცვეს. ჩვენ მხოლოდ ყველაფერს ახალ ფორმას ვაძლევთ. ჩვენ ვაწესრიგებთ მაგიდას და დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ კარგად თანაცხოვრებას. მე დიდი პატივისცემა მაქვს პრეზიდენტ სი ძინპინის მიმართ. ის, ნამდვილი გაგებით, ჩემი მეგობარი იყო ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მე მჯერა, რომ საბოლოოდ რაღაცას მოვიფიქრებთ, რაც ორივე ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება. მოუთმენლად ველიდები ამას“, ​​​​​​​​​​​​​​​​- განაცხადა ტრამპმა.

თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფები 145 პროცენტამდეა გაზრდილი

თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფები 145 პროცენტამდეა გაზრდილი, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.როგორც ამერიკული მედია აღნიშნავს, თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები არა 125 პროცენტს, არამედ 145 პროცენტს შეადგენს.ტრამპის მიერ გამოცხადებულ 125-პროცენტიან ტარიფში არ შედიოდა მანამდე დაწესებული 20-პროცენტიანი ტარიფი, ამიტომ, ჯამში, ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფი 145 პროცენტს შეადგენს.

გიორგი ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს-ისტორიას არ ახსოვს იმდენი სიმსივნე, რაც დღეს ფიქსირდება… აფლატოქსინი შესაძლოა გახდეს ის ბოლო წვეთი“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „საქართველოში მიმდინარეობს უხმაურო, მაგრამ სასტიკი ომი – ონკოლოგიური დაავადებების ომი. და ახლა აფლატოქსინი შესაძლოა გახდეს ის ბოლო წვეთი, რომელიც წლებია ივსება“.მისი განცხადებით, „ისტორიას არ ახსოვს იმდენი სიმსივნე, რაც დღეს ფიქსირდება“.„📌 ომი დიდი ხანია დაწყებულია… არა იარაღით – არამედ სიმსივნით, ტკივილით და ტოქსინებით.🇬🇪 საქართველოში მიმდინარეობს უხმაურო, მაგრამ სასტიკი ომი – ონკოლოგიური დაავადებების ომი. და ახლა აფლატოქსინი შესაძლოა გახდეს ის ბოლო წვეთი, რომელიც წლებია ივსება. მაგრამ, როგორც ყოველთვის, მალე ყველა გადაირთვება სხვა თემებზე…ქვეყანა დუმს, ექსპერტები – ლექციებს კითხულობენ.ახლა ლექციების დრო არ არის. ახლა ქმედების დროა!სიჩუმის ფუფუნება აღარ გვაქვს:– ჰაერი დაბინძურებულია– წყალი საეჭვოა– საკვები სავსეა ტოქსინებითდა ჩვენი სხეული ყოველდღე იწამლება.ისტორიას არ ახსოვს იმდენი სიმსივნე, რაც დღეს ფიქსირდება.ჯანდაცვის სისტემა უნდა გადაიხედოს – დაუყოვნებლივ.თუ დღეს არ ვიმოქმედებთ – ხვალ უკვე გვიანი იქნება“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

ბოლო სიახლეები