არ მჯერა, რომ ის, რაც ხდება, სანქციები და ა.შ, ჩვენი ოპოზიციის დამსახურებაა, – განაცხადა პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.
„უბრალოდ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები უფრო განიცდიან ჩვენ რეალობაზე, ვიდრე ჩვენივე კოლეგა ოპოზიციონერები. რადგან ისინი ასეთი წარმატებული რომ ყოფილიყვნენ, ზოგადად, მაშინ არ მოხდებოდა, ის, რაც ხდება ქვეყანაში. მე ვერ დავიჯერებ, რომ ადამიანებს, რომლებიც სრულიად არაადეკვატური განცხადებებით და ქმედებებით არიან დაკავებული ქვეყნის შიგნით, საზღვარს რომ გადაკვეთენ, უცებ ჭკვიანები ხდებიან და სხვანაირი უნარები უჩნდებათ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, ამისთვის არის მარტივი ტესტი, დანიშნულია არჩევნები, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის არჩევნები მთავარი ამბავია, პარტიები არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობენ, ფაქტობრივად და რაც არ უნდა იყოს ამ არჩევნების შინაარსი, თუ კონტექსტი, ცესკო-ში განაცხადის შეტანამდე ფაქტობრივად, სამი თვეა დარჩენილი და არ შეიძლება, პოლიტიკურ პარტიას ასეთ სიტუაციაში არ ჰქონდეს პოზიცია, იღებს მონაწილეობას არჩევნებში, თუ არა.
„არავის არ აქვს ეს გაცხადებული. ყველას აქვს გაცხადებული, რომ აი, ამ ვითარებაში არ ვიღებთ მონაწილეობას, მაგრამ რა არის ეს ვითარება? ზოგს აქვს გაცხადებული, რომ საერთოდ ამის დრო არ არის, განხილვის. ვიღაც ამბობს, თუ გაუარესდა მდგომარეობა, მაშინ არ მიიღებენ მონაწილეობას და რას ნიშნავს ეს? ხომ შეიძლება, მაგალითად, ეთქვათ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე თუ არ შეიცვლება, არ მივიღებთ მონაწილეობასო? გასაგები კრიტერიუმია, 15 ივლისი რომ დადგება, თუ დავინახავთ, რომ კალანდარიშვილია თავმჯდომარე, გვეცოდინება, რომ ეს პარტია არ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ვინმეს აქვს ასეთი მკაფიო განცხადება გაკეთებული? წარმოიდგინეთ პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე უბრალოდ, ვერც კი ყალიბდება, არჩევნებში იღებს თუ არა მონაწილეობას“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
„უკვე იმდენჯერ გვაქვს ნანახი მისი ნებისმიერი ინიციატივის ჩავარდნა, მათ შორის, როცა ჩვენ გულწრფელად ვცდილობდით დახმარებას და ჩართული ვიყავით. გახსოვთ ალბათ, პირველი ინიციატივა ჰქონდა შერიგების, სადაც მე და იაგო ვიყავით პრეზიდენტის სასახლეში, მათ შორის, ირაკლი კობახიძეც იყო და მთელი ოპოზიცია ჩვენ გვლანძღავდა, როგორ მიდით პრეზიდენტთან, ის ხომ „ქოციაო“. უამრავი სხვა ასეთი წამოწყება ჰქონდა პრეზიდენტს და სანამ ჩვენ გვეგონა, რომ ის გულწრფელია ამ საქმიანობაში, ვცდილობდით, ჩვენც კონსტრუქციული პოზიცია გვქონოდა. რაღაც მომენტში მივხვდით, რომ არაფერი ამისგან არ გამოვა, რაც არ უნდა იყოს მიზეზი. გინდ ასე იფიქრეთ, გინდ ისე, არაფერი არ გამოვა და იმის შემდეგ მართლა არაფერი არ გამოსულა. „ქარტია“ ახსოვს ვინმეს? წინასაარჩევნოდ იყო საკოორდინაციო შტაბი არჩევნების გაყალბებისგან დასაცავად და გახსოვთ ეს შტაბი, იყო ვინმე, რომელიმე თქვენგანი იმ შტაბში, მაგრამ ხომ გამოაცხადეს? ასეთი შეიძლება, გაიხსენო მისი უამრავი ინიციატივა და ჩემი აზრით, უბრალოდ, ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ოპოზიციამ დაუშვა, რომ სალომე ზურაბიშვილი წარმოაჩინეს, როგორც გამაერთიანებელი. უბრალოდ, ცოტა სასაცილოც არის, რომ ახლა 31 მარტს სალომე ზურაბიშვილი ამ ხალხს გააერთიანებს, მაგალითად, მამუკა ხაზარაძის და გახარიას გაერთიანება თუ გახსოვთ, მექსიკური სერიალის რაღაც ნაირსახეობა იყო. მივიდნენ, მოვიდნენ, ასე მოხდა, ისე მოხდა და მთელი ქვეყანა აკვირდებოდა, შედგება ეს გარიგება, თუ არ შედგება და რა მივიღეთ, რამე ხეირი იყო ამისგან? ის ორი ადამიანი ვერ გააერთიანა ქალბატონმა სალომემ და წარმოიდგინეთ „ნაციონალური მოძრაობა“, გვარამიას პარტია, ახალი პარტია შეიქმნა „თავისუფლების მოედანი“, რომელიც გამოეყო „ლელოსთან“ გაერთიანებას და ეს ხალხი როგორ უნდა გააერთიანო“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.