საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ანტალიაში, სადაც მოსამზადებელ შეკრებას გადის, ფინეთთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 4:2 გაიმარჯვა.
რამაზ სვანაძის გუნდის პირველი მეტოქეც ივნისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა. ფინეთმა თამაში უკეთ დაიწყო და 24-ე წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ ლუკა ჰურულაინენის გოლით დაწინაურდა.
ამის შემდეგ ჩვენი ნაკრები გააქტიურდა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა. 34-ე წუთზე ირაკლი ეგოიანისა და ლაშა ოდიშარიას გათამაშებული კონტრშეტევის დაგვირგვინებას გაბრიელ სიგუა ცდილობდა, მაგრამ მცველმა ბურთი ჩაჭრა და მდგომარეობა განმუხტა. ეფექტური ინდივიდუალური ქმედებით ანგარიშის გათანაბრებას საბა მამაცაშვილიც შეეცადა, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა.
მეორე ტაიმში რამაზ სვანაძემ შემადგენლობა შეცვალა და შეტევის გასაძლიერებლად მოედანზე ტყუპი ძმები – ოთარ და გიზი მამაგეიშვილები, ასევე გიორგი აბუაშვილი შეუშვა. მწვრთნელის გადაწყვეტილებამ გაამართლა და თამაშის სურათი სწრაფად შეიცვალა.
50-ე წუთზე ფლანგური ჩაწოდების შემდეგ გუნდის კაპიტანმა, საბა ხვადაგიანმა ანგარიში გაათანაბრა. ექვს წუთში კი მეკარე ბურთს თანაგუნდელს აწვდიდა, გადაცემა გიზი მამაგეიშვილმა ჩაჭრა და ბურთი კარში გაუშვა. 60-ე წუთზე საბა მამაცაშვილმა კუთხურიდან ბურთი პირდაპირ კარში ჩაახვია, მას კალე ვალიუსი შეეხო და ანგარიში 3:1 გახდა.
მალე ფინელთა მხრიდან თავი შეცვლაზე შემოსულმა მოთამაშემ გამოიჩინა – კონტრშეტევაზე იუჰო ტალვიტიენმა მცველი ჩამოიშორა, დარტყმაც უმარტივესად შეასრულა და სხვაობა შეამცირა. თუმცა 88-ე წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა და საბოლოო ანგარიში – 4:2 დააფიქსირა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ანტალიაში მეორე ამხანაგურ შეხვედრას 25 მარტს სერბეთის 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ გამართავს და ამით მოსამზადებელ შეკრებას დაასრულებს.