პარასკევი, მარტი 21, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნოლოგიურ გამოწვევებსა და პროგრესის პერსპექტივებს სამეცნიერო ფორუმი მიეძღვნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, სამეცნიერო ფორუმი – „ტექნოლოგიების გამოწვევები და პროგრესის პერსპექტივები – 2025“ გაიმართა, რომლის მუშაობა ორი დღის განმავლობაში ორ პანელად წარიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ს ცნობით, სამეცნიერო ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო კვლევითმა ლაბორატორიულმა კომპლექსმა უმასპინძლა, ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა.

ვიცე-რექტორი სამეცნიერო ღონისძიების მონაწილე მეცნიერ-მკვლევრებსა და სტუდენტებს მიესალმა და ფორუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თამარ ლომინაძის განცხადებით, მსგავს ფორუმებზე აკადემიური თანამშრომლობისა და ტექნოლოგიური პროგრესის უსაზღვრო შესაძლებლობები იკვეთება, მდგრადი გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური განვითარებისათვის კი ნიადაგი მზადდება.

„დიდი პატივია გავხსნა სამეცნიერო ფორუმი – „ტექნოლოგიური გამოწვევები და პროგრესის პერსპექტივები – 2025“, რომლის მონაწილენი არიან ცნობილი მეცნიერები და ექსპერტები, რომელთაც თავიანთი წვლილი შეაქვთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში, ახალგაზრდა მკვლევრები, რომლებიც განაპირობებენ მომავლის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას. მივესალმები სტუდენტებს – სამომავლოდ, ისინი წარმატებით დასაქმდებიან და გააგრძელებენ კვლევებს აღნიშნულ სფეროში. ჩვენი შეკრება მნიშვნელოვანია, რადგან განვიხილავთ ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მომავალს ჩვენს ქვეყანაში და ამასთან ერთად, ვიზიარებთ საერთაშორისო გამოცდილებას.

ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში ვდგავართ გზაჯვარედინზე, სადაც ინოვაციებს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. გამოწვევები, რომლებსაც დღეს ვაწყდებით ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, არა მხოლოდ მეცნიერ-მკვლევართა ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენას მოითხოვს, არამედ ეთიკურ მიდგომასაც. სწორედ მსგავს ფორუმებზე აკადემიური თანამშრომლობისა და ტექნოლოგიური პროგრესის უსაზღვრო შესაძლებლობები ნათლად იკვეთება, აღმოჩენებისთვის, მდგრადი გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური განვითარებისათვის კი ნიადაგი მზადდება. ეს ღონისძიება არა აკადემიური და სამეცნიერო დისკუსიის პლატფორმაა, არამედ ეს ჩვენი ერთობლივი სწრაფვაა კვლევითი კოლაბორაციის განვითარებისთვის. კვლევები კი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ციფრული სამყაროს უკეთ შემეცნებას, არამედ, დარწმუნებული ვართ, გავლენას მოახდენს ინდუსტრიებსა და საზოგადოებაზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მადლობას ვუხდით ფორუმის მონაწილე მეცნიერებს, ღონისძიების ორგანიზატორს – ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს, მხარდამჭერებს – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გერმანიის ბრანდერბურგის ვილდაუს უნივერსიტეტს, კომპანიებს – Tbilisi AI LAB-ს, Cyber Trust-ს, Impel-ს, Helio.Ai-ს – ღონისძიების მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის. წარმატებას ვუსურვებთ სამეცნიერო ფორუმს და მის მონაწილეებს”, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

მათივე ცნობით, ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ექსპერტი ციფრული განათლებისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორი, სამართლის დოქტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია, ბრანდერბურგის ვილდაუს უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი მიხაილ მიულერი და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია.

როგორც დეკანმა აღნიშნა, ფორუმის ორდღიანი პროგრამა ორ მნიშვნელოვან პანელს მოიცავს, სადაც სიღრმისეული განხილვები გაიმართება, ისეთ აქტუალურ ტექნოლოგიურ გამოწვევებსა და მათთან დაკავშირებულ პერსპექტივებზე, როგორიცაა: ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა მეცნიერება და კიბერუსაფრთხოება.

„ტექნოლოგიების ხანაში, სადაც მონაცემები და ციფრული გადაწყვეტები ბიზნესის, განათლებისა და სახელმწიფო მმართველობის მთავარი საფუძველია, მსგავსი სამეცნიერო ფორუმების ჩატარება საუნივერსიტეტო სივრცეში უაღრესად მნიშვნელოვანია. ორი დღის განმავლობაში სამეცნიერო ღონისძიება გააერთიანებს მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, ექსპერტებს, სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს. გაიმართება საინტერესო მოხსენებები და პრეზენტაციები, ვიმსჯელებთ თეორიულ მიღწევებსა და ამ მიღწევების პრაქტიკულ გამოყენებაზე, სტუდენტებთან ერთად, ჩავერთვებით დინამიკურ საუბრებში, რომლებიც გაამდიდრებს ჩვენს ხედვებს და ბიძგს მისცემს ახალი მიმართულებების განვითარებას. ჩვენი სტუდენტები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეები კი წარადგენენ თავიანთ პროექტებს და ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა თალიკო ჟვანიამ.

სტუ-ს ინფორმაციით, სამეცნიერო ფორუმის პირველ დღეს, პირველი პანელის ფარგლებში, მოხსენებით წარდგნენ სამართლის დოქტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია – თემით: „ხელოვნური ინტელექტის რეგულაციების გამოწვევები“; პროფესორი მიხაილ მიულერი – თემით: „ციფრული ტრანსფორმაცია და ინდუსტრიის გამოწვევები გერმანიის მაგალითზე“; სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი – თემით: „მაღალტექნოლოგიური უნივერსიტეტი“; ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის (GISA) აღმასრულებელი დირექტორი, სტუ-ს დოქტორანტი გიორგი იაშვილი – თემით: „კრიპტოგრაფია კრიზისში: უსაფრთხოების უზრუნველყოფა კვანტურ სამყაროში“; სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ ჩხაიძე – თემით: „ხელოვნური ინტელექტის როლი კიბერუსაფრთხოებასა და ციფრულ განათლებაში“; კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და მკვლევარი, სტუ-ს ასისტენტ-პროფესორი, დოქტორი ავთანდილ ბიჩნიგაური – თემით: „კიბერუსაფრთხოების ტენდენციები საქართველოში“.

მათივე ცნობით, სამეცნიერო ღონისძიების მეორე დღეს, მეორე პანელის ფარგლებში, მოხსენებები გააკეთეს Helio.Ai-ის თანადამფუძნებელმა და ტექნიკურმა დირექტორმა ნათია ქუხილავამ – თემაზე: „რეკრუტინგი AI-ის ეპოქაში – როგორ იცვლება კანდიდატების შერჩევა“; Impel-ის ღრმა სწავლების უფროსმა მკვლევარმა რაფაელ კალანდაძემ – თემაზე: “ქართული ხელოვნური ინტელექტი: მცირე რესურსიანი ენის გამოწვევები და მოქმედების გეგმა”; კვლევითი ორგანიზაცია Tbilisi AI Lab-ის თანადამფუძნებელმა და ტექნიკურმა დირექტორმა თათია წმინდაშვილმა – თემაზე: „LLM-ების გამოყენება ასისტენტებად – პრობლემები, გადაწყვეტები და მიდგომები“; ბლოკჩეინ უსაფრთხოების მკვლევარმა გიორგი მუშკუდიანმა – თემაზე: „ბლოკჩეინის უსაფრთხოება“; სტუ-ს დოქტორანტმა და მოწვეულმა პედაგოგმა გიორგი ფაცაციამ – თემაზე: „ბლოკჩეინის გამოყენება ღვინის ინდუსტრიაში“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

🇬🇪 თემურ ნოზაძემ თბილისის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა 🥋

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის პირველ დღეს ფინალურ ბლოკში სამმა ქართველმა უკვე იჭიდავა, რომელთაგანაც მედლის მოპოვება მხოლოდ თემურ ნოზაძემ (66 კგ) შეძლო.ქართველი ფინალში ნეიტრალური დროშით მოასარეზე ალბერტ ნაგუჩევთან დამარცხდა და საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა. გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავეს ლაშა ნადირაძემ (66კგ) და თორნიკე მაზიაშვილმა, მაგრამ ორივე მათგანი უმედოდ დარჩა.შეგახსენებთ, რომ ფინალშია ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ). იმავე წონაში ბრინჯაოსთვის იბრძოლებს ნინო ლოლაძე.შეჯიბრების ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

გურამ მაჭარაშვილი ბესიკ ხარძიანის ადვოკატს: იცოდით, რომ საპატიმროებში ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ნახეთ, რომ პატიმარი იყო დათრგუნული და მიუხედავად ამისა, არ გაგიჩნდათ სურვილი, რომ...

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ბესიკ ხარძიანის გახმაურებულ საქმეზე, წილის იძულებით გადაფორმების დროს, მინდობილობის გამფორმებელი ადვოკატი დავით კვაჭანტირაძე იკითხებოდა, კომისიის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი დაინტერესდა, კვაჭანტირაძის, როგორც მოქალაქის შეფასებით 2003-2012 წლებში ციხეებში არსებული მდგომარეობაზე.„მაინტერესებს თქვენი აზრი არა, როგორც ადვოკატის, არამედ, როგორც მოქალაქის 2003-2012 წლამდე ციხეებში არსებული სიტუაციის შესახებ, მით უმეტეს, რომ ხართ სისხლის სამართლის ადვოკატი და იქ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უნდა გქონოდათ. როგორი იყო ციხეებში მდგომარეობა 2003-2012 წლამდე და 20012 წლიდან დღემდე?კვაჭანტირაძემ დეპუტატს უპასუხა, რომ 2003-2012 წლებში საპატიმროებში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. ახლა კი მდგომარეობა გამოსწორებულია.მაჭარაშვილი ადვოკატისგან ასევე დაინტერესდა თუ რა რეაქცია ექნებოდა და რაიმე ეჭვი ხომ არ გაუჩნდებოდა მას თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პატიმართან სხვა ადვოკატს შეუშვებდნენ.„იცოდით, რომ საპატიმროებში ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ნახეთ, რომ პატიმარი Iყო დათრგუნული და მიუხედავად ამისა, არ გაგიჩნდათ სურვილი, რომ ამ საქმისთვის ხელი არ მოგეკიდათ?ადვოკატი ირწმუნება, რომ მინდობილობის გაფორმების დროს ის მხოლოდ კლიენტის ინტერესებიდან გამოდიოდა. რაც შეეხება ბესიკ ხარძიანის გახმაურებულ საქმეს, ადვოკატი ამბობს, რომ საქმის სიმძიმის შესახებ, მხოლოდ მოგვიანებით გაიგო.

“მე ის მიკვირს ამდენი ხანი როგორ შეიძლებოდა ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ” – იაგო ხვიჩია ოპოზიციაზე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - კიდევ ერთი თემა, რაც ოპოზიციისთვის უთანხმოების საგნად რჩება. თვითმმართველობის არჩევნებში გადაწყვეტილად არ მონაწილეობს "ნაციონალური მოძრაობა", ბარიერგადალახულ პარტიებში ეს ერთადერთია, ვინც ცალსახად ამბობს, რომ ამომრჩეველს ბიულეტენზე მისი ნომერი არ დახვდება. დანარჩენ სამ პარტიაში კონკრეტულ პასუხს კითხვას არ სცემენ. ამბობენ, რომ ახლა ეს თემა აქტუალური არ არის და უნდა შესრულდეს როგორც ახალი არჩევნების, ასევე აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნა.არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე პასუხის თქმა სულ არ არის ნაადრევი "გირჩისთვის", სადაც აცხადებენ, რომ მარათონისთვის სამზადისი უკვე დაწყებული აქვთ:"მე ის მიკვირს ამდენი ხანი როგორ შეიძლებოდა ერთმანეთს არ დაჰპირისპირებოდნენ. ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის, რადგან კარს მოგვადგა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. შენ უნდა წარმოიდგინო ზოგადად აპირებ თუ არა მოგებას არჩევნების გზით, თუ რამე უკეთესი გეგმა გაქვს და მე რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით ეს არ გამოჩენილა. მაშინ როგორ შეიძლება საკუთარ თავს ურტყამდე და ამბობდე, რომ იცი რა, მე არჩევნებში არ მივიღებ მონაწილეობას,"- აცხადებს პარტია ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

შალვა პაპუაშვილი – ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ ჩვენი მრავალეთნიკური სახელმწიფოს თითოეულ მოქალაქეს, ეს დღესასწაული აერთიანებს სხვადასხვა ერის თუ რელიგიის წარმომადგენლებს, გვეცხოვროს ძლიერ საქართველოში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მარნეულში აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.„გილოცავთ დღევანდელ დღეს, ნოვრუზ ბაირამს, ვულოცავ ჩვენი მრავალეთნიკური სახელმწიფოს თითოეულ მოქალაქეს. ნოვრუზ ბაირამი ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დღე არის, არა მხოლოდ მისი კულტურული ტრადიციებიდან გამომდინარე, არამედ იმიტომ, რომ ეს დღესასწაული აერთიანებს სხვადასხვა ერის თუ რელიგიის წარმომადგენლებს. დღესაც მარნეულში ყველა ერთად აღვნიშნავთ ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის, განახლების დღეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, გვეცხოვროს, მშვიდობიან, მთლიან და ძლიერ საქართველოში“ , – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მარნეულში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.მარნეულში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გიორგი დოხტურიშვილმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.პარლამენტის თავმჯდომარე ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო, დაათვალიერა საგამოფენო სივრცე და აზერბაიჯანული ეთნოკუთხე. მარნეულში ასევე გაიმართა სპორტული და კულტურული ღონისძიებები.

კახა კალაძე – ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ ყველას, ვინც ამ დღესასწაულს ზეიმობს, დაე, მოეტანოს მას სასიკეთო ცვლილებები, განახლება, მშვიდობა და კეთილდღეობა

ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ ყველას, ვინც ამ დღესასწაულს ზეიმობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.„გაზაფხულის ეს ლამაზი დღესასწაული, კარგა ხანია, საქართველოს მრავალეთნიკური კულტურის ნაწილად იქცა.დაე, მოეტანოს მას სასიკეთო ცვლილებები, განახლება, მშვიდობა და კეთილდღეობა!“ – წერს კახა კალაძე.

ბოლო სიახლეები