არგენტინაში გრძელდება დიეგო მარადონას გარდაცვალებისას ექიმების სავარაუდო გულგრილობის საქმეზე სასამართლო პროცესი. მორიგ სხდომაზე დაიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დაწვრილებით აღწერეს, რა აღმოაჩინეს სიკვდილის ადგილას მისვლის შემდეგ.
კომისარმა ლუკას ბორხემ, რომელიც პოლიციელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ მიიღო სატელეფონო ზარი მარადონას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ და ადგილზე მისვლის შემდეგ ნანახმა გაუმძაფრა ეჭვი იმაზე, რომ ლეგენდას არასათანადოდ უვლიდნენ.
„ვერ ვნახე ვერანაირი სამედიცინო ნივთი ოთახში. მარადონას ზეწარი ჰქონდა გადაფარებული და მუცელი არაბუნებრივად იყო გაბერილი.
ეს არ იყო ავადმყოფისთვის განკუთვნილი საწოლი, არამედ ჩვეულებრივი მატრასი. და ოთახში არ იყო დეფიბრილატორი“, – მოჰყავს ბორხეს სიტყვები გაზეთ Olé-ს.
„გაოცებული დავრჩი, როცა მარადონა ასეთ მდგომარეობაში ვიხილე. არასოდეს მეგონა, რომ ამგვარი სურათის წინაშე აღმოვჩნდებოდი. უპრეცედენტო, სრულიად არაადეკვატური და უპასუხისმგებლო ჰოსპიტალიზაცია სახლში“, – განაცხადა კომისრის თანაშემწემ ლუკას ფარიასმა.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო ცდილობს დაადგინოს, დამნაშავენი არიან თუ არა ბრალდებულები, მათ შორის პირადი ექიმი ლეოპოლდო ლუკე და ფსიქიატრი აგუსტინა კოსაჩოვი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მარადონას არ მიუღია სათანადო სამედიცინო მზრუნველობა, იმ დროს, როცა დაცვის მხარე ირწმუნება, რომ ყოფილი ფეხბურთელის ოჯახმა მკურნალობის პირობები მიიღო.
არაგანზრახ მკვლელობაში ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.