სამშაბათი, მარტი 18, 2025

ნათია თურნავა საქართველოს მხრიდან IMF-ის, BSTDB-ის მმართველად და EBRD-ის ალტერნატიულ მმართველად დაინიშნა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და „შავიზღვისპირა ქვეყნების ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ (BSTDB) – მმართველად, ხოლო „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა“(EBRD) ალტერნატიულ მმართველად დაინიშნა.

შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.

ნათია თურნავა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მიმდინარე წლის 7 თებერვალს დაინიშნა. 2023 წლის ივნისიდან კი სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციებს იკავებდა. 2022 წლიდან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია.

ნათია თურნავას პროფესიით ეკონომისტია, ფლობს ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა, დიდი ბრიტანეთის ქამბრიის უნივერსიტეტში კი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო. გავლილი აქვს სწავლება ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში, ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში (JVI) და სხვა ინსტიტუტებში. იყო  თბილისის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი.

აღსანიშნავია, რომ სებ-ის ისტორიაში ნათია თურნავა გახდა პირველი ქალი, რომელიც პრეზიდენტის პოსტს იკავებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გიორგი ვაშაძე – მქონდა სალომე ზურაბიშვილთან საუბარი, არ დავმალავ, როგორც მივხვდი, ცოტა არასწორი ინტერპრეტაცია წავიდა, სჯობს, დავიწყნაროთ ნერვები და გავაგრძელოთ გზა

მქონდა სალომე ზურაბიშვილთან საუბარი,  არ დავმალავ, როგორც მივხვდი, ცოტა არასწორი ინტერპრეტაცია წავიდა, სჯობს, დავიწყნაროთ ნერვები და გავაგრძელოთ გზა, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.მისივე თქმით, არასწორი ინტერპრეტაცია ერთიანობა-კოორდინაციას შორის კონფლიქტს ეხებოდა.„მქონდა სალომე ზურაბიშვილთან საუბარი, არ დავმალავ. როგორც მივხვდი, ცოტა არასწორი ინტერპრეტაცია წავიდა ერთიანობა-კოორდინაციას შორის კონფლიქტის. აქ საუბარია, რომ მოდი, მძლავრი კოორდინაციით დავიწყოთ, მერე დრო გვიჩვენებს, უკვე რა გზით უნდა წავიდეთ. მე ესე გავიგე ეს ყველაფერი. ასე რომ, დაველოდოთ, სჯობს, დავიწყნაროთ ნერვები და გავაგრძელოთ გზა“.ვაშაძეს კითხვა დაუსვეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ხელისუფლებამ გახარიას პარტიას სხვადასხვა ეთერში ოპოზიციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სალანძღავად ფული და სხვა პრივილეგიები შესთავაზა“.საპასუხოდ, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ პრობლემას ვერ ხედავს ითქვას ის, რაც საჯაროდაც სათქმელია.„რაც სათქმელია, საჯაროდაც რომ ითქვას, რა პრობლემაა. თქვენ იცით, რომ მე პირადად ერთიანობის მომხრე ვარ, არა მხოლოდ მომხრე, არამედ ამისთვის ვმუშაობ კიდეც. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ეს შედგება. აქამდე გზა გასავლელი გვაქვს“, – აღნიშნა ვაშაძემ.

Liberties: ევროკავშირის ქვეყნებში 2024-2025 წლებში კანონის უზენაესობის პრობლემები და დემოკრატიის დაღმასვლა ფიქსირდება

ორგანიზაცია „ევროპისთვის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირმა“ (Liberties) გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ევროკავშირში 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში კანონის უზენაესობის პრობლემებსა და დემოკრატიის დაღმასვლაზეა საუბარი.კვლევაში დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია განხილული. კერძოდ, დოკუმენტის ავტორები მიუთითებენ, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში პოლიტიკურმა მანიპულაციებმა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას ძირი გამოუთხარა. მთელ ბლოკში მართლმსაჯულების სისტემა რესურსების უკმარისობის გამო არაეფექტურია.ცალკე თავი ეთმობა კორუფციასთან ბრძოლას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ქვეყნების მთავრობების მიმართ ნდობა შემცირებულია იმის გამო, რომ სასამართლო გახმაურებულ კორუფციულ საქმეებს სათანადოდ არ იკვლევს. ისინი მოწმეებისა და მამხილებლების არასათანადო დაცვას უზრუნველყოფენ.ორგანიზაციას ცალკე აქვს განხილული მედია გარემო ევროკავშირში, სადაც აღნიშნულია, რომ ყველაზე დიდი რეგრესი ამ სფერომ განიცადა. სახელმწიფო მედია მთავრობების მხრიდან მუდამ იყო ჩარევის ობიექტი. გარდა ამისა, დაბალ დონეზე არის მედია-მფლობელების გამჭვირვალობა და ბაზრის პლურალიზმი.ევროკავშირში ცუდად მუშაობს გადამოწმებისა და ბალანსის სისტემა. კვლევის თანახმად, თითქმის ყველა ქვეყანა ბოროტად იყენებდა დაჩქარებული წესით კანონების მიღების საშუალებას. არჩევნების სამართლიანობას ჩრდილი ადგება პოლიტიკური მასალებით მანიპულაციის გამო.ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ცილისმწამებლურ კამპანიას ეწეოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ხელის შესაშლელად და მათი დაფინანსების შეზღუდვის გამართლებისთვის, ხოლო პროტესტის უფლება პოლიციის მიერ ძალის გადამეტების გამო შეზღუდული იყო.კვლევაში ცალკე ადგილი ეთმობა ევროკავშირში ადამიანის უფლებებს. დოკუმენტის ავტორების თქმით, „მემარჯვენეების“ მხრიდან მიგრანტების მიმართ მტრული დამოკიდებულება გაიზარდა, რაც მთელ პოლიტიკურ სპექტრზე აისახა და საბოლოო ჯამში უფრო მკაცრი მიგრაციული პოლიტიკის შემოღების მიზეზი გახდა. ეს თავშესაფრის მაძიებლების უფლებებს საფრთხეში აგდებს. გარდა ამისა, ამ ფაქტორმა ევროპაში ეთნიკური უმცირესობებისა და ლგბტქ+ თემის წარმომადგენლების მიმართ ზიზღის გაღვივებას შეუწყო ხელი.აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით, კვლევის ავტორებმა ევროკავშირის ქვეყნები ერთმანეთთან დააჯგუფეს და ხუთ კალათაში მოათავსეს. პირველ კალათაში შევიდნენ ესტონეთი, პოლონეთი და ჩეხეთი. ამ ქვეყნების მთავრობებმა კანონის უზენაესობის გაუმჯობესებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგეს, თუმცა ხელშესახები ცვლილებები არ ფიქსირდება.მათ მოჰყვებიან ირლანდია, ნიდერლანდები, ესპანეთი, საბერძნეთი და მალტა, რომლებიც აგრეთვე კანონის უზენაესობის მაჩვენებლის დაცემის რისკის ზონაში არიან.მესამე კალათაში განთავსდნენ ბელგია, გერმანია, შვედეთი და საფრანგეთი. კვლევის ავტორების თქმით, ამ ქვეყნებში კანონის უზენაესობის დაღმასვლა მკვეთრად გამოხატულია.მეოთხე კალათაში შევიდნენ იტალია, ბულგარეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი. ამ ქვეყნებმა მიზანმიმართულად და სისტემურად დაასუსტეს კანონის უზენაესობა ყველა სფეროში.ბოლო, მეხუთე კალათაში უნგრეთი არის მოთავსებული. კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტები იმ დონემდე დაეცა, რომ დღეს ის ევროკავშირის წევრი არ გახდებოდა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია „აუტოტესტ გეორგიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკებსა და პროფესიისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას ამიერიდან კომპანია „აუტოტესტ გეორგიაში“ შეძლებენ.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მათივე ცნობით, აღნიშნულის შესახებ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „აუტოტესტ გეორგიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანიის დირექტორმა დავით მესხიშვილმა მოაწერეს ხელი.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა განაცხადა, მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ერთობლივი სტაჟირების პროგრამების ამოქმედებას, რაც შესაძლებელს გახდის ახალგაზრდების ეფექტიანად დახელოვნებას და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.თამარ წერეთლის განცხადებით, თანამშრომლობით დაინტერესება ორმხრივია, შესაბამისად, მხარეები ერთობლივად იზრუნებენ სტუდენტთა კარიერული განვითარების, სამეცნიერო, პედაგოგიური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოების, ასევე, კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადების ღონისძიებების შემუშავების მიმართულებით. ვიცე-რექტორის თქმით, ეს ხელს შეუწყობს საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას.„ამ მემორანდუმის ხელმოწერა მნიშვნელოვანი ფაქტორია აკადემიური საზოგადოებისა და ავტოინდუსტრიის სფეროს მჭიდრო პარტნიორობისთვის. „აუტოტესტ გეორგია“, რომელიც საქართველოში გერმანული ინვესტიციით განხორციელებული ერთ-ერთი პირველი პროექტია, ყველა კატეგორიის ავტომობილს გერმანული MAHA-ს დანადგარების საშუალებით უტარებს ტექნიკურ ინსპექტირებას. საგულისხმოა ისიც, რომ კომპანიის გენერალური დირექტორი, დავით მესხიშვილი ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.კომპანიასთან თანამშრომლობით ჩვენს სტუდენტებს ექმნებათ კარგი შესაძლებლობა, გამოიყენონ უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება რეალურ გარემოში. ეს პარტნიორობა არა მხოლოდ განავითარებს ახალგაზრდების უნარ-ჩვევებს, არამედ ხელს შეუწყობს მათ წარმატებულ კარიერულ განვითარებას.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, კომპანიასთან პარტნიორობით განახორციელოს ერთობლივი სტაჟირების პროგრამები, სპეციალიზებული ტრენინგები და კვლევითი ინიციატივები, რომლებიც როგორც სტუდენტებისთვის, ისე მთლიანად საავტომობილო სექტორისთვის, სარგებლის მომტანი იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ კვალიფიციური სპეციალისტების საჭიროება აქტუალურია საავტომობილო ინდუსტრიისთვის, ამ დარგის პროფესიონალებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, მსგავსი მემორანდუმებით ჩამოვაყალიბებთ მყარ სამეცნიერო, პედაგოგიურ და პრაქტიკულ თანამშრომლობას, რაც უზრუნველყოფს, არსებული მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენი სტუდენტების მომზადებას დარგში მომავალი ლიდერობისთვის, ასევე, ხელს შევუწყობთ საავტომობილო დარგის განვითარებას სტანდარტების ამაღლებითა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით“, - აღნიშნა თამარ წერეთელმა.„აუტოტესტ გეორგიას“ დირექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, რომელიც განათლების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუციაა, აქვს მაღალი საერთაშორისო რეპუტაცია და ინტელექტუალური რესურსი, შესაბამისად, მასთან თანამშრომლობა ახალი კონცეფციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, საავტომობილო ინდუსტრიაში მომუშავე ორგანიზაციებისა და ბიზნესისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.როგორც დავით მესხიშვილმა აღნიშნა, ბიზნესი აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს უნივერსიტეტთან, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და პროფესიონალთა ახალგაზრდა თაობის მომზადების მიმართულებით.მემორანდუმის თანახმად, მხარეები, კომპეტენციისა და საერთო ინტერესების ფარგლებში, ასევე, იზრუნებენ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების, სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის განვითარების, საწარმოო ბაზის სრულყოფის და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განვითარების კუთხით.სტუ-ის ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კომპანია „აუტოტესტ გეორგიას“ დამფუძნებლები დავით ჩიქოვანი და რევაზ კლდიაშვილი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია, საავტომობილო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პროგრამის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვლადიმერ პუტინი – უცხო ქვეყნებს ყველაფერი უხეში და არაცივილური ფორმით მიაქვთ, აღარაფერს ვამბობ სამართლებრივ სისტემებზე, მათ ვერ ვენდობით

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მეწარმეები უცხო ქვეყნებს არ უნდა ენდონ.„რა არის ამაში კარგი?“, – იკითხა პუტინმა, შემდეგ კი თავადვე აღნიშნა: „მათ ყველაფერი მიაქვთ, უხეში და არაცივილური ფორმით. აღარაფერს ვამბობ სამართლებრივი სისტემებზე. ისინი უბრალოდ არ არსებობს, ისინი მხოლოდ მათთვის არსებობს, ვერ ენდობით. აუცილებელია, ჩვენი ქვეყნის შიგნით შეიქმნას პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემა, რომელიც იქნება სტაბილურობის და სანდოობის გარანტი“.როგორც მედია წერს, პუტინი სავარაუდოდ, საზღვარგარეთ რუსული კომპანიების აქტივების გაყიინვაზე მიუთითებდა.მეწარმეებთან შეხვედრის მიმდინარეობისას ვლადიმერ პუტინს ჰკითხეს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც, პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვის დროით 18:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. რუსეთის პრეზიდენტმა ამ შეკითხვას სიცილით უპასუხა: „არ მოუსმინოთ მას“.

სასამართლომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა.გადაწყვეტილება მოსამართლემ სალიხ შაინიძემ მიიღო.გადაწყვეტილებას შეძახილები: “უსამართლო სასამართლო”, “ხალხის ძალის გეშინოდეს” და ხმაური მოჰყვა.სხდომას მზია ამაღლობელის ოჯახის წევრები, კოლეგები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. ასევე, დღევანდელ სხდომას საელჩოების წარმომადგენლებიც ესწრებიან.ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს სისხლის სამართლის წესით.

ბოლო სიახლეები