ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025

ფეხბურთის ლეგენდის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმე – გასამართლდებიან თუ არა ექიმები მარადონას განზრახ მკვლელობისთვის და რა გახდა მისი გარდაცვალების რეალურ მიზეზად

არგენტინა, ბუენოს-აირესი – ამ ქალაქში, სადაც ყველგან ფეხბურთის სუნია, ახლა ყველა ლეგენდარული ფეხბურთელის, მათი ღმერთის გარდაცვალების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

2020 წლის 25 ნოემბერს დიეგო არმანდო მარადონა გულის შეტევით საკუთარ სახლში გარდაიცვალა. არგენტინის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

მარადონას გარდაცვალების მიზეზი დღემდე ბურუსით არის მოცული.

სიკვდილამდე ორი კვირით ადრე 60 წლის მარადონას კანქვეშა ჰემატომის გამო ოპერაცია ჩაუტარდა. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მარადონას ქალიშვილებმა ეჭვი შეიტანეს მამისთვის გაწეულ სამედიცინო დახმარებასა და ექიმის კვალიფიკაციაში. ლეოპოლდო ლუკეს კერძო კლინიკასა და საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. თავად ექიმმა განაცხადა, რომ დიეგო მარადონას გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა.

დიეგო მარადონამ კლინიკა 12 ნოემბერს დატოვა და მკურნალობას სახლში განაგრძობდა. ექიმის ინფორმაციით, მარადონას რეაბილიტაციის ცენტრში გადაყვანა სჭირდებოდა, რაზეც მან კატეგორიული უარი თქვა.

ფეხბურთის ლეგენდის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო პროცესი გასულ კვირას დაიწყო. სამედიცინო სფეროს 7 წარმომადგენელს ბრალად ედება დაუდევრობა, რამაც, შესაძლოა, ფეხბურთელის სიკვდილი გამოიწვია.

პროკურორი პატრისიო ფერარი დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა. სხდომა ბუენოს აირესის გარეუბან სან-ისიდროში გაიმართა. ისაუბრა მტკიცებულებებზეც. ჩატარებულმა სისხლისა და შარდის ტესტებმა აჩვენა, რომ მარადონას აძლევდნენ რეცეპტით გამოწერილი წამლების კოქტეილს, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის, პანიკის შეტევებისა და ეპილეფსიის სამკურნალოდ. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ WhatsApp-ში იპოვეს შეტყობინება, სადაც მისი მკურნალი ექიმი ლეოპოლდო ლუკე წერდა: “ეს მსუქანი კაცი მალე მოკვდება.”

ბრალდებულთა შორის არიან მარადონას ნეიროქირურგი და პირადი ექიმი, ლეოპოლდო ლუკე, ფსიქიატრი და ფსიქოლოგი, ორი ექიმი, ორი ექთანი და მათი უფროსი. ყველა მათგანმა უარყო პასუხისმგებლობა ფეხბურთელის გარდაცვალებაზე. პროცესზე მარადონას ქალიშვილებმა ისიც თქვეს, რომ ექიმები ფეხბურთელს ცხოველებივით ეპყრობოდნენ. თუ ფეხბურთელი მკურნალი ექიმები დამნაშავედ ცნეს, მათ 25-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ივლისამდე გაგრძელდება.

პროცესების პარალელურად, არეულობა იყო არგენტინაში. ლეგენდის თაყვანისმცემლები ქუჩებში გავიდნენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

მანამდე კი იყო მთელი ეპოქა, რომელიც დიეგო მარადონამ შექმნა – ბიჭი ბურთით, რომელიც ბუენოს-აირესის ერთ-ერთ სტადიონზე ვარჯიშობს, წლების მერე თავს მთელ მსოფლიოს გააცნობს და ლეგენდარული ფეხბურთელი გახდება. ამ არგენტინელ ბიჭთან ერთად დაიბადება ფეხბურთი და ფეხბურთის ღმერთიც, რომელიც სამყაროს ბურთს შეაყვარებს.

8 წლის ასაკში ბავშვთა მწვრთნელმა აღმოაჩინა, როდესაც თავისი უბნის გუნდში, “ესტრელა როხაში” თამაშობდა. მალევე “ლოს სებოლიტასში” ჩაირიცხა, “არხენტინოს ჯუნიორსის” ბავშვთა გუნდში. იმდენად კარგად თამაშობდა, რომ მწვრთნელებმა მისი ასაკი ვერ დაიჯერეს. უკვე 12 წლის ასაკში მაყურებელს თავისი ოსტატობით აოცებდა. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე.

დიეგო არმანდო მარადონა ბუენოს-აირესის გარეუბანში დაიბადა. იზრდებოდა ღარიბ ოჯახში, რომელიც ჯერ კიდევ მის დაბადებამდე კორიენტესის პროვინციიდან ჩამოვიდა. ოჯახში მეოთხე შვილი და პირველი ვაჟიშვილი იყო.

1971 წელს მისი გვარი გაზეთის ფურცლებზე პირველად მოხვდა. პირველი ოფიციალური შეხვედრა 16 წლისამ ჩაატარა. არხენტინო ხუნიორსის რიგებში მან ორი გოლი გაიტანა, ამ შეხვედრამ კი მთელი არგენტინა პატარა ფენომენზე აალაპარაკა.

1978 წელს არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, თუმცა იმ დროს მარადონა ნაკრებს მიღმა დარჩა. ეს გადაწყვეტილება ახალგაზრდა ფეხბურთელმა ძალიან განიცადა. არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

პირველი კლუბი “ბარსელონა” იყო, თუმცა დიეგოს კატალონიურ კარიერას წერტილი დაპირისპირების შემდეგ დაესვა.

მერე იყო “ბოკა ხუნიორსი,” მისი საყვარელი კლუბი.

მარადონას საფეხბურთო თავგადასავალი “ნეაპოლში” გაგრძელდა, სადაც დიეგო არმანდო მარადონა 80-იან წლებში ჩადის. მარადონას ვარსკვლავური ერა აქედან იწყება.

დიეგო მარადონამ ბოლოს “ნაპოლის” იტალიის ჩემპიონობა 1990 წელს მოაგებინა, 33 წლის შემდეგ კი ეს მხოლოდ ქართველმა ხვიჩა კვარაცხელიამ, როგორც მას ნეაპოლში ეძახიან- კვარადონამ შეძლო.

1986 წელს მექსიკაში რიგით მე-13 მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. ინგლისის ნაკრებისთვის ხელით გატანილ ამ გოლს, რომელიც მსაჯს გამორჩა, თავად უწოდა ღმერთის ხელით გატანილი გოლი. ამ შეხვედრაში გატანილი მისი მეორე ბურთი მეოცე საუკუნის საუკეთესო გოლად ჩაითვალა. არგენტინამ მსოფლიო თასი მოიპოვა და დიეგოც სამშობლოში ფეხბურთის ღმერთად გადაიქცა.

1991 წლის მარტში იტალიის ჩემპიონატის დროს მარადონამ დოპინგ ტესტი ვერ გაიარა. მას სისხლში აკრძალული ნივთიერება აღმოუჩინეს. ფეხბურთის ფედერაციამ მცირე ხნით მას მინდორზე გასვლაც აუკრძალა. დისკვალიფიკაციის შემდეგ, მარადონა ნეაპოლში აღარ გაჩერდა. ის ესპანურ “სევილიაში” გადავიდა. ბოლოს ისევ არგენტინას დაუბრუნდა. 1997 წელს კი საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ისევ თავის საყვარელ გუნდში.

ფეხბურთთან სამუდამო განშორება გაუჭირდა და მწვრთნელი გახდა.

დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი – მე დიეგო. მარადონა არაორდინალური პიროვნება იყო.

მეგობრობდა კუბის კომუნისტ ლიდერთან ფიდელ კასტროსთან და ვენესუელის მმართველთან უგო ჩავესთან, მოხიბლული იყო სოციალიზმის იდეებით. მისი ცხოვრება ქაოსით იყო მოცული და ხშირად სკანდალურ ამებებშიც ეხვეოდა. მას ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამოც მკურნალობდნენ.

მარადონა რელიგიადაც გადაიქცა. მას აქ, არგენტინაში ამ დრომდე უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ქალაქ როსარიოში მარადონას ეკლესიაც კი გაუხსნეს.

არგენტინაში ახლა დიდიც და პატარაც ხმაურიანი სასამართლო პროცესების დასრულების მოლოდინშია. მარადონას სამშობლოშიც და მის ფარგლებს გარეთაც ყველა ელოდება, რომ გაიგოს ემსხვერპლა თუ არა ექიმების დაუდევრობას კაცი, რომელიც მსოფლიომ სამუდამოდ შეიყვარა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები – ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის – მიხეილ ყაველაშვილი

ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები - ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თბილის მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელს კრიზისი და სხვადასხვა გამოწვევა აქვს. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპა იპოვის საკუთარ თავში ძალებს, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას ტრადიციულად შეეფერება.მან გლობალურად არსებული ვითარების ფონზე მოსახლეობის ინფორმირებულობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.„ასეთ სიტუაციაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ფხიზლად ვიყოთ, კიდევ უფრო მეტად ვიყოთ ინფორმირებულები საქართველოს მოქალაქეები. ამ სიტუაციაში შედეგებზე უნდა ვიმსჯელოთ. სწორედ იმან გამოიწვია ჩვენი სტაბილურობა და მშვიდობა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იყო ინფორმირებული იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს მიმდინარეობს ევროკავშირთან მიმართებაში, რიგი ქვეყნების ერთმანეთთან დამოკიდებულებაში, აშშ-ისა და ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის და ა.შ.ეს ჩვენ რას გვაძლევს? - რომ კიდევ კარგად დავაკვირდეთ მოვლენებს. ჩვენი მოთხოვნა ყოველთვის ეს იყო, რომ არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესები დამცველები. ეს გამოიკვეთა დღევანდელ სიტუაციაში. ამიტომ, კიდევ უნდა ვიყოთ ფხიზლად, იმისთვის რომ ამ მოვლენებიდან გამოვიდეთ გამარჯვებულები. გამარჯვებაში იმას ვგულისხმობ, რომ საქართველოში არ დავუშვათ რადიკალური, ძალადობრივი მოქმედებები, სხვა ქვეყნების ჩარევები და ვიყოთ მომართულები იმისთვის, რომ უფრო სტაბილური გავხადოთ ჩვენი ქვეყანა და ამავე დროს, გავაგრძელოთ განვითარების გზა“, - განაცხდა პრეზიდენტმა.

როგორ გამოუტანა ძმის მკვლელს განაჩენი დამ, რომელსაც 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ისტორია, რომელსაც ჟურნალი „თბილისელები“ მოგითხრობთ, გასული საუკუნის 70-90-იანი წლების მიჯნაზე მოხდა. მთავარი გმირების სახელები შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია1979 წლის 13 თებერვალს, დილის 8 საათსა და 30 წუთზე 22 წლის მილიციის ზემდეგი ვახტანგ ჩხეიძე მორიგეობიდან სახლში ბრუნდებოდა. ის პირველი მაისის (დიდუბის) რაიონის მილიციის განყოფილებაში ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა და სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს ამთავრებდა.ვახო ჩხეიძე სადგურის ქუჩაზე ცხოვრობდა და სამსახურიდან სახლში ყოველთვის ფეხით ბრუნდებოდა. 24-ე სკოლას რომ გასცდა, ბაქოს ქუჩის მხრიდან ურთიერთსროლის ხმა შემოესმა და იქით გაემართა. ჩხეიძე უიარაღო იყო და მხოლოდ მილიციელის ფორმა ეცვა. უცებ ერთ-ერთი სახლის სახურავიდან შეიარაღებული მამაკაცი ჩამოხტა. მას პისტოლეტმომარჯვებული მილიციელები მისდევდნენ. მამაკაცი სკოლაში მიმავალ, ცხრა წლის ბავშვს დასწვდა, სხეულზე აიფარა და მილიციელების მიმართულებით ორჯერ გაისროლა, თან უღრიალა: ნუ მომდევთ, თორემ ბავშვს მოვკლავო. მილიციელები გაჩერდნენ. ატირებული ბავშვი კი მამაკაცს დაუსხლტა და სკოლისკენ გაიქცა. მამაკაცმა იარაღი მისკენ მიმართა. ათიოდე მეტრში ვახტანგ ჩხეიძე იდგა და ის ბავშვს დასწვდა და მას მთელი სხეულით აეფარა. მამაკაცმა რომ ფორმიანი მილიციელი დაინახა, მისი მიმართულებით გაისროლა და ის მკერდში დაჭრა. მდევარმა მილიციელებმა მამაკაცი დააკავეს.მძიმედ დაჭრილი ვახტანგ ჩხეიძე კი რკინიგზის საავადმყოფოში წაიყვანეს. დაპატიმრებული მამაკაცი, 36 წლის რეციდივისტი სამჯერ ნასამართლევი ბოგდან შენგელია იყო. მას მილიცია ეძებდა. ოპერჯგუფმა ის ბაქოს ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლში ალყაში მოიქცია და ამის მერე მოხდა ურთიერთსროლა თბილისის ცენტრში. ასეთი რამ, იმ წლებში უიშვიათესი შემთხვევა იყო.უმცროსი და22 წლის ვახტანგ ჩხეიძე სამი დღის შემდეგ, 1979 წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა რკინიგზის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. ვახო თავის უმცროს დას, 18 წლის გვანცას ჩააკვდა ხელში, რომელსაც სამი დღე-ღამე თვალი არ მოუხუჭავს და უგონოდ მყოფი ძმის სასთუმალს წამითაც არ მოშორებია. გვანცა სამედიცინო ტექნიკუმში სწავლობდა, თან საავადმყოფოშიც მუშაობდა. ვახტანგი მხოლოდ სიკვდილის წინ მოვიდა გონზე. უმცროსი დის ხელი ჩაბღუჯა და მას დაუბარა:– ვკვდები, დაიკო, მაგრამ არ შეგეშინდეს. ცხოვრება გააგრძელე. მაგარი გოგო ხარ და შეძლებ. თემურს ძალიან უყვარხარ. ვიცი, შენც გიყვარს და ლამაზი ოჯახი შექმენით.25 წლის თემურ კობახიძე ჩხეიძეების უბნელი იყო. გვანცა ბავშვობიდან უყვარდა და ვახოს დის ხელი სთხოვა, რაზედაც ძმამ მიუგო: მე წინააღმდეგი არ ვარ, თუ გვანცაც თანახმააო. გვანცა თანახმა იყო. წყვილს გადაწყვეტილი ჰქონდა, შემოდგომაზე შეუღლებულიყვნენ, მაგრამ ვახოს დაღუპვამ ეს ამბავი შეაფერხა. გვანცამ ძმის სიკვდილი მძიმედ განიცადა, ძაძები სამი წელი არ გაუხდია. ამასობაში სამედიცინო ტექნიკუმი დაამთავრა და ექთნის დიპლომი აიღო. 1982 წელს კი თემურ კობახიძეზე იქორწინა და ქმრის გვარზე გადავიდა.ბოგდან შენგელიას კი სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ დახვრიტეს, რომ ვახტანგს მორიგეობა დასრულებული ჰქონდა და მოვალეობის შესრულების მომენტში არ იმყოფებოდა. გარდა ამისა, შენგელიებმა (სანათესაომ) პროკურატურა და სასამართლო მოქრთამეს. მილიციელის მკვლელი რეციდივისტი თბილისის „კრიტში“ (მკაცრი რეჟიმის საპყრობილე) იხდიდა სასჯელს და 1983 წელს მისჯილი თხუთმეტიდან უკვე მეოთხე წელს ასრულებდა.დიპლომის აღების შემდეგ გვანცა კვლავ რკინიგზის საავადმყოფოში მუშაობდა. 1983 წელს კი ის, როგორც გვანცა კობახიძე, თბილისის ციხის საავადმყოფოში („რეზბალნიცა“) გადავიდა სამუშაოდ. 22 წლის გოგონა ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა როგორც კოლეგებში, ასევე პატიმრებში და აბა, ვინ წარმოიდგენდა თუ რა ედო მას გულში, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მიიღო ქმრის გვარი, რომ საიმედოდ შენიღბულიყო.1983 წლის 16 თებერვალს გვანცა სამსახურში იმყოფებოდა. დილის 9 საათი სრულდებოდა, როდესაც „კრიტიდან“ „რეზბალნიცაზე“ სამი პატიმარი გადაიყვანეს. მათ შორის ერთ-ერთი ბოგდან შენგელია იყო. პალატებში განთავსებამდე მათ სამედიცინო დათვალიერება უნდა გაევლოთ, რომელსაც გვანცა ატარებდა. პირველი კაბინეტში შენგელია შევიდა. გვანცამ მას ტახტზე დაწოლა სთხოვა. შემდეგ მიუახლოვდა. მისკენ დაიხარა და ალესილი დანა ჩაასო, რომელიც სამედიცინო ჩანთაში ჰქონდა დამალული. შენგელია ჯერ კიდევ აზრზე იყო და გვანცამ მას სწრაფად მიახალა: მე გვანცა ჩხეიძე ვარ. შენ მიერ მოკლულ მილიციელის, ვახტანგ ჩხეიძის უმცროსი და. დღეს მისი დაღუპვის ოთხი წლისთავია და ჩაძაღლდი!შენგელიამ საშინლად დაიყმუვლა, შემდგომ კი სულიც დალია.P.S. გვანცა ჩხეიძე-კობახიძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა ის 1989 წელს გამოუშვეს. დღესაც ცოცხალია და თავის დიდ ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს.

იუნესკო-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა

იუნესკო-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, გადაწყვეტილება ნიუ დელიში გამართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის იუნესკო-ს მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე იქნა მიღებული.„იუნესკო-ს გადაწყვეტილება ხორბალთან დაკავშირებული ტრადიციებისა და რიტუალების აღიარების შესახებ არის ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი შრომის, ცოდნისა და პრაქტიკის საერთაშორისო დონეზე დაფასება; ქართული ენდემური სახეობების მნიშვნელობის ხაზგასმა; სულიერი და მატერიალური კულტურის ურთიერთკავშირის გაძლიერება და მომავალი თაობების წინაშე ვალდებულების აღება, რომ ამ „არამატერიალური კულტურული ელემენტის“ სიცოცხლისუნარიანობა დაცული და განვითარებული იქნება“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ – საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის №98 დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.კულტურის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მიერ იუნესკო-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ნომინაციამ განხილვის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა.

მეუფე შიოს დღევანდელი ქადაგება

„ღვთის სასუფეველი - ეს არის სიყვარულის სასუფეველი, ურთიერთსიყვარულის სასუფეველი. მისი კარი იხსნება მხოლოდ იმ ადამიანთა წინაშე, ვისაც სიყვარულის გარდა, სხვა არაფრის იმედი აქვს. ვისაც ჰგონია, რომ თავისი სიმართლით და დამსახურებებით შევა სასუფეველში, მას იქ არასდროს მიიღებენ, ვერასდროს დაიმკვიდრებს ის სასუფეველს, რადგან სასუფეველი ღვთისა არ არის კანონების და დამსახურებების სასუფეველი. ეს არის ღვთის მოწყალებისა და სიყვარულის სასუფეველი...“, - იქადაგა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან ოცდამეშვიდე კვირას.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. დღეს იყო წაკითხული სახარებიდან უფალ იესო ქრისტეს საუბარი ახალგაზრდა რჯულის მეცნიერთან, რომელმაც ჰკითხა მას, რა გავაკეთო, რომ საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდროო? (ლკ. 18, 18). უფალმა მას გაახსენა ძველი აღთქმის მცნებები: „არა იმრუშო“, „არა კაც ჰკლა“, „არა იპარო“, „არ მოიტყუო“, „პატივი ეცი შენს მშობლებს“ (გამ. 20, 12-16; რჯ. 5, 16-20) და ა. შ.კაცმა მიუგო, რომ ამ მცნებებს ბავშვობიდან იცავდა, მართალი ვარ ღვთისა და ადამიანთა წინაშეცო. თუ ასე ფიქრობს, თუ მიაჩნია, რომ ასეთი მართალია და ყველაფერს იცავს, მაშ რატომ ეკითხება მაცხოვარს? იმიტომ, რომ გულის სიღრმეში მაინც ფიქრობს, ჰგონია, რომ ის მართალია დაწერილი რჯულის წინაშე, ან რჯულით თითქოს მართლდება, მაგრამ რჯულის მიღმა არის კიდევ უფრო დიდი სიმართლე; რომ რჯულის მხოლოდ ასე ფორმალურად დაცვა არ არის საკმარისი; საჭიროა, რჯულის სულის გაგება, ჩაწვდომა ამ სულისა იმისთვის, რომ ადამიანმა სასუფეველი დაიმკვიდროს. მაცხოვარი მას ასევე ეტყვის: „თუ გინდა, რომ სრულყოფილი იყო, თუ შენ ყველაფერ ამას იცავ, მაშინ მიატოვე შენი ქონება და მე გამომყევი“ (ლკ. 18, 22).ეს კაცი მდიდარი იყო მატერიალურად, მაგრამ ამის გარდა, ძვირფასო ძმებო და დებო, იგი მდიდარი იყო თავის თავზე დიდი წარმოდგენითაც, თავისი სათნოებების, თავისი სიკეთის შეგნებით იყო მდიდარი. მას ეგონა, რომ ყველაფერი შეასრულა ღვთის წინაშე, ადამიანთა წინაშე და მართალია. უფალი ამბობს, რომ მათ შორის ასეთი სიმდიდრეც უნდა მიატოვოს ადამიანმა. თუ ამას არ იზამს, სასუფეველში ვერ შევა. აი, ასეთი საოცარი დიალოგია. მაშასადამე, ღვთის სასუფეველი - ეს არის სიყვარულის სასუფეველი, ურთიერთსიყვარულის სასუფეველი. მისი კარი იხსნება მხოლოდ იმ ადამიანთა წინაშე, ვისაც სიყვარულის გარდა, სხვა არაფრის იმედი აქვს. ვისაც ჰგონია, რომ თავისი სიმართლით და დამსახურებებით შევა სასუფეველში, მას იქ არასდროს მიიღებენ, ვერასდროს დაიმკვიდრებს ის სასუფეველს, რადგან სასუფეველი ღვთისა არ არის კანონების და დამსახურებების სასუფეველი. ეს არის ღვთის მოწყალებისა და სიყვარულის სასუფეველი.თუ ადამიანს ჰგონია, რომ დამსახურებების გამო მიიღებენ, მიიტანს იქ თავის სიმართლეს და უფლებებს, რომ მას უფლება აქვს მისი დამკვიდრების, ასეთი ადამიანი სასუფეველში ვერასდროს შედის, არამედ - მხოლოდ ის, ვინც ფიქრობს, რომ არანაირი უფლება არ აქვს სასუფევლისა, არანაირი დამსახურება არ აქვს და არაფრით ღირსი არ არის. აი ასეთების წინაშე იხსნება, ძვირფასო ძმებო და დებო, სასუფევლის კარი. ამრიგად, ეს უნდა ვისწავლოთ - უარი ვთქვათ ასეთ სიმდიდრეზე. იმიტომ ამბობს დღევანდელ სახარებაში მაცხოვარი, რომ: „მდიდარი ვერ შევა სასუფეველში“, აქ მხოლოდ მატერიალურ სიმდიდრეზე არ არის საუბარი, არამედ უნდა ვეცადოთ, მოვიპოვოთ ეს სულის სიგლახაკე, რომელზედაც უფალი ამბობს: „ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამე თუ მათი არს სასუფეველი ცათა“ (მთ. 5, 3).როდესაც დავგლახაკდებით (კარგი გაგებით), გავხდებით უმწეონი ამ გაგებით, რომ მხოლოდ ღვთის წყალობისა და სიყვარულის იმედი გვექნება, მეტი არაფრის, აი, მაშინ დამკვიდრდება ჩვენშიც და განივრცობა ჩვენ ირგვლივაც სასუფეველი ღვთისა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“, - იქადაგა მეუფე შიომ.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა 1 109 ხმა მიიღო, ირაკლი ყანდაშვილმა კი – 1 283 ხმა.პირველ ტურში კენჭისყრის შედეგად ასოციაციის თავმჯდომარედ არჩეულად ითვლება ერთი საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატი, რომელიც ხმების უბრალო უმრავლესობას (50%+1) მიიღებს.მეორე ტურში კი არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს სხვა კანდიდატზე მეტ ხმას.არჩევნებში სულ 2 751 ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. 2025 წლის არჩევნებში ასოციაციის თავმჯდომარეობის მსურველი ექვსი კანდიდატი იყო – ნიკოლოზ კვანტრიშვილი, გიორგი მარიამიძე, მუხრან ღურწკაია, ირაკლი ყანდაშვილი, ირაკლი ჩომახაშვილი, მანუჩარ ჭუმბურიძე.ამასთან, დღევანდელ კრებაზე აირჩიეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრები.„უპირველესად, ყველა კანდიდატს ვულოცავ არსებულ შედეგს. მოხარული ვარ, რომ დავიკავე პირველი ადგილი, თუმცა ყველაზე მეტად მოხარული ვარ, რომ ჩემი მხარდამჭერი გუნდი უმრავლესობით არის წარმოდგენილი აღმასრულებელ საბჭოში. მინდა, კიდევ ერთხელ ყველა ადვოკატს, ვინც კი გავიდა, მივულოცო და პროფესიის სასარგებლოდ, ერთობლივი მუშაობა ვუსურვო. ეს არის ერთი დიდი საერთო ოჯახი. რაც შეეხება მეორე ტურს, როგორც ადვოკატთა ასოციაციას შეეფერება, ისე ჩატარდება. დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.ირაკლი ჩომახაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მას მხარი დაუჭირა.„იმ პირობებში, როდესაც უამრავი დისკრედიტაცია და ტყუილი ვრცელდებოდა ჩემზე, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადვოკატს, ჩემს ყველა კოლეგას, ვინც მხარი დამიჭირა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. ჩვენ კოალიციურად უფრო მეტი ხმა ავიღეთ, ვიდრე ირაკლი ყანდაშვილმა. ირაკლი ყანდაშვილი მისწრებს 174 ხმით, თუმცა დაინიშნა მეორე ტური. მეორე ტური არის წინ და მეორე ტურში ყველანი ერთად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა ირაკლი ჩომახაშვილმა.კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტური 14 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს.

ბოლო სიახლეები