როგორც „ფოქს ნიუსი“ წერს, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ დაზვერვის სისტემიდან ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა გამკაცრდება.
„ჩვენი ქვეყნის დაზვერვის სამსახურები მთლიანად ეროვნული უსაფრთხოების მისიაზე უნდა იყვნენ კონცენტრირებულნი. პოლიტიკური მოტივით განხორციელებული ინფორმაციის გავრცელება ძირს უთხრის როგორც ეროვნულ უსაფრთხოებას, ისე ამერიკელი ხალხის ნდობას. ამგვარი ქმედება არ იქნება შეწყნარებული“, – აღნიშნულია გაბარდის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მისივე თქმით, ამგვარი ინფორმაციის გაჟონვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რასაც წარსულში არც გამოძიება მოჰყოლია და არც ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარა.
„ეს დღეიდან შეიცვლება. ჩვენთვის ცნობილია დაზვერვის სისტემიდან ინფორმაციის გამჟღავნებაზე პასუხისმგებელი პირების შესახებ და აქტიურად ვმუშაობთ მათ გამოსავლენად. ყველა მათგანს პასუხი მოეთხოვება“, – აღნიშნავს გაბარდი.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ასევე ჩამოთვალა დაზვერვის სისტემიდან ინფორმაციის გავრცელების რამდენიმე შემთხვევა, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის განთავსება ისეთი მედიასაშუალებებისთვის, როგორებიცაა Huffington Post-ი, Washington Post-ი და NBC.
მისივე განცხადებით, დაზვერვის სისტემიდან გავრცელებული ინფორმაცია მოიცავს ცნობებს ისრაელისა და ირანისა და აშშ-რუსეთის ურთიერთობების შესახებ.
გაბარდის თქმით, საიდუმლო ინფორმაციის უნებართვო გავრცელება კანონის დარღვევაა და ამგვარი ქმედება შესაბამისად დაისჯება.