აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ჰკითხეს, რატომ ამბობდა, რომ რუსეთისა და უკრაინის ომს 24 საათში დაასრულებდა.
„ვამბობდი გარკვეული სარკაზმით“, – უპასუხა ტრამპმა.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპი არაერთხელ აცხადებდა, რომ შეძლებდა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის 24 საათში დასრულებას.
პროგრამა Full Measure-ის წამყვანმა, შერილ ატკისონმა ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს პირადად ჰკითხა.
„კი, მე მაშინ ვამბობდი ამას გარკვეული სარკაზმით. რეალურად რასაც ვგულისხმობ, არის ის, რომ მინდა ეს გადაწყდეს. ვფიქრობ, რომ გამომივა“, – განაცხადა ტრამპმა საპასუხოდ.
ინტერვიუს ფრაგმენტში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ტრამპმა თქვა, რომ ჯერჯერობით რუსეთთან მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შედარებით კარგად მიმდინარეობს.
„ცოტა მეტს გავიგებთ ორშაბათს და იმედი მაქვს, რომ საქმე კარგად იქნება“, – დასძინა ტრამპმა განმარტების გარეშე, თუ რას გულისხმობს.