უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის, რუსეთმაც უნდა აჩვენოს, მზადაა ომის დასასრულებლად, თუ მის გასაგრძელებლად, დადგა დრო სრული სიმართლისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„საუდის არაბეთში განხილვა დღეს მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და ეს იყო კარგი, კონსტრუქციული დისკუსია. ჩვენმა გუნდებმა შეძლეს ბევრი დეტალის განხილვა. ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ნათელია: უკრაინა ომის პირველივე წამიდან ცდილობს მშვიდობის მიღწევას და გვსურს ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მშვიდობა რაც შეიძლება მალე და საიმედოდ იქნას მიღწეული, აღარ იყოს ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინის წინადადება სამი პუნქტისგან შედგებოდა: სიჩუმე ცაში – რაც ნიშნავს რაკეტების, ბომბების ან შორ მანძილზე მოქმედი დრონების შეჩერებას, სიჩუმე ზღვაზე და რეალური ზომები მთელ ამ სიტუაციაში ნდობის დასამყარებლად, რაც ნიშნავს, პირველ რიგში ტყვეების გათავისუფლებას და რუსეთში წაყვანილი უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას.
„ამერიკულ მხარეს ესმის ჩვენი არგუმენტები და იღებს ჩვენს წინადადებებს. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს ჩვენს გუნდებს შორის დიალოგის კონსტრუქციული ხასიათისთვის. დღეს განხილვისას კონკრეტულად ამერიკული მხარისგან იყო წინადადება დაუყოვნებლივ გადაიდგას პირველი ნაბიჯი და ვცადოთ სრული ცეცხლის შეწყვეტა 30 დღით, არა მხოლოდ რაკეტების, დრონებისა და ბომბების, არა მხოლოდ შავ ზღვაზე, არამედ მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ. უკრაინა იღებს ამ წინადადებას, ჩვენ მას დადებითად ვაფასებთ, მზად ვართ, გადავდგათ ეს ნაბიჯი.ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დაარწმუნოს რუსეთი, რომ გააკეთონ ეს. ჩვენ ვეთანხმებით ამ წინადადებას და რუსები თუ დათანხმდებიან, ცეცხლის შეწყვეტა იმ მომენტშივე ამოქმედდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი განხილვების მნიშვნელოვანი ელემენტია ამერიკის მზადყოფნა, აღადგინოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება.
„შეთანხმებების ძალაში შესვლის შემდეგ, ამ 30 დღის განმავლობაში, ჩვენ პარტნიორებთან ერთად, უნდა გვქონდეს საკმარისი დრო ჩარჩო დოკუმენტების დონეზე ყველა ასპექტის მოსამზადებლად, რათა უზრუნველვყოთ საიმედო მშვიდობა და ხანგრძლივი უსაფრთხოების გარანტიები. უკრაინა მზადაა მშვიდობისთვის. რუსეთმაც უნდა აჩვენოს, მზად არის ომის დასასრულებლად, თუ გასაგრძელებლად. დადგა დრო სრული სიმართლისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.