ორშაბათი, მარტი 10, 2025

ვატიკანში დრო გაჩერდა – უკვე 23-ე დღეა, ექიმები რომის პაპის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ

რომის პაპი, რელიგიური ტრადიციის მიხედვით, პეტრე მოციქულის მემკვიდრეა. ფრანცისკე, რომელიც კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურია, 266-ეა, რომელმაც პაპის ტახტი დაიკავა.

ისტორიაში პირველი ლათინო-ამერიკელი პაპი ბუენოს აირესში, გასული საუკუნის 30-იან წლებში, ღარიბების უბანში დაიბადა.

პირველი შვილი იყო ხუთშვილიან ოჯახში. მამამისი, ჩრდილოეთ იტალიელი მიგრანტი, რკინიგზაზე მუშაობდა. ხორხემ დაამთავრა პროფესიული სასწავლებელი ქიმიის სპეციალობით და მუშაობა დაიწყო ბუენოს აირესის ლაბორატორიაში. მანამდე კი, სწავლის საფასურის გადასახდელად, ერთ-ერთი ბარის დაცვაში მუშაობდა. 1960 წელს გახდა იეზუიტთა ორდენის წევრი და პარალელურად დაიწყო სწავლა ჩილეში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე; ფილოსოფიასაც სწავლობდა;

1973-1979 წლებში, არგენტინასა და ურუგვაიში ხელმძღვანელობდა “იესოს საზოგადოებას“ და ამავდროულად, კითხულობდა ლექციებს. მოგვიანებით გერმანიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ემოციებით შეხვდნენ არგენტინაში 11 წლის წინ მისი კათოლიკური სამყაროს წინამძღოლად არჩევას.

დიეგო მარადონას ქვეყანაში დაბადებულსა და გაზრდილს უყვარდა ფეხბურთი. როგორც თითქმის ყველა არგენტინელი, ისიც ფეხბურთის გულმხურვალე გულშემატკივარი იყო, ქომაგობდა დედაქალაქურ კლუბ “სან ლორენსოს”. სპორტული ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში, პაპმა გაიხსენა თავისი ბავშვობა, როგორ დადიოდა მამასთან ერთად სტადიონზე და როგორ თამაშობდა თანატოლებთან ერთად ფეხბურთს ნაჭრის ბურთით.

მღვდლად 1969 წელს აკურთხეს. 1998 წლიდან, ბუენოს აირესის მთავარეპისკოპოსად, 2001 წელს კი კარდინალი გახდა. არგენტინაში მისი მოღვაწეობის დროს მღვდელმსახურთა რიცხვი გაორმაგდა და ახალი სამრევლოებიც გაიხსნა.

11 წლის წინ, წმინდა პეტრეს ტაძარში, სიქსტის კაპელას ბუხრიდან ამოსული თეთრი კვამლი იმის მანიშნებელი იყო, რომ ვატიკანს ახალი პაპი ჰყავდა.

ფრანცისკე კათოლიკე ეკლესიას 2013 წლის 13 მარტიდან ხელმძღვანელობს. მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი პაპი, უწმინდესი ბენედიქტე XVI, გადადგა და კონკლავმა ხმათა უმრავლესობით პონტიფიკოსად არგენტინის კარდინალი, აირჩია. პირველი იეზუიტი პონტიფიკოსი მაშინ 76 წლის იყო. ფრანსისკ პირველი წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან შეკრებილ მრავალ ათას მორწმუნეს მიესალმა.

რომის პაპის არჩევნებში, მსოფლიოს 48 ქვეყნიდან, 115 კარდინალი მონაწილეობდა. მათგან ყველაზე მეტი წარმომადგენელი – 28 კარდინალი იტალიას ჰყავდა, 11 კი – აშშ-ს. 2013 წელს, ხორხე მარიო ბერგოლიო გამარჯვებულთა სავარაუდო სიის ხუთეულშიც არ იყო, თუმცა მან მეხუთე კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობის მოპოვება შეძლო და რომის პაპი გახდა. პაპი სულიწმიდის კარნახით ირჩევა, სწორედ ამიტომ ითვლება კონკლავი წმინდა რიტუალად.

რომის პაპი რომ გახდა, კარდინალმა ბერგოლიომ წმინდა ფრანცისკე ასიზიელის სახელი დაირქვა. იმ წმინდანის, რომელიც გამოირჩეოდა უბრალოებით, თავმდაბლობით, სიყვარულითა და გაჭირვებულთადმი მზრუნველობით. ფრანსისკ პირველი, პირველია ამერიკის კონტინენტიდან, პირველია სამხრეთ ნახევარსფეროდან და პირველი არაევროპელი პაპია სირიელი გრიგოლ III-ის შემდეგ (741წ).

კარდინალი ბერგოლიო ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ვატიკანში მაღალ თანამდებობაზე მის დანიშვნას და 2005 წელსაც, თავიც კი შეიკავა პაპობის კანდიდატად დასახელებისგან.

მოკრძალებული ცხოვრების წესი არც მაშინ შეცვალა, როცა რომის პაპი გახდა. გადაადგილდებოდა ავტობუსით და აკრიტიკებდა იმ სასულიერო პირებს, რომელთაც ექსტრავაგანტური ცხოვრების წესი ჰქონდათ. ტრადიციული ტანსაცმლის გარდა, პაპს უფლება აქვს, ატაროს წითელი ტყავის ფეხსაცმელი და ლეგენდარული “მეთევზის ბეჭედი”. პაპის გარდაცვალების ან გადადგომის შემდეგ, მისი ბეჭედი ნადგურდება. ადრე ეს კეთდებოდა იმისთვის, რომ კარდინალებს საბუთებზე ბეჭდით დამოწმების პროცესი არ გაეყალბებინათ. პაპმა ფრანცისკემ ამაზეც უარი თქვა. ატარებს უბრალო ფეხსაცმელებს და მოოქროვილ ვერცხლის ბეჭედს.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა უარი თქვა პაპებისთვის განკუთვნილ სასახლეში გადასვლაზეც და ვატიკანის სასტუმროში ცხოვრობს. სასტუმრო კასა სანტა მარტას 201-ე ოთახში.

“კურიერი P.S.-ის” კამერამ რამდენიმე თვის წინ გადაიღო სასტუმრო, რომლის ერთ-ერთ ნომერშიც რომის პაპი ფრანცისკე ცხოვრობდა. პაპი რეზიდენციაში მხოლოდ მაშინ მიდის, როცა მაღალი რანგის პოლიტიკოსები სტუმრობენ. საუკუნოვანი ტრადიციის მიხედვით, რომის პაპს შვეიცარიული გვარდიის ჯარისკაცები იცავენ. ისინი დღემდე მიქელანჯელოს მიერ რეკომენდებულ საპატიო სამოსს ატარებენ.

პაპი ფრანცისკე ოცამდე წიგნის ავტორი და თანაავტორია. საუბრობს იტალიურ, გერმანულ და ესპანურ ენებზე, საუბრობს ასევე ინგლისურად, ფრანგულად და პორტუგალიურად. კათოლიკური ეკლესიის სულიერი წინამძღვრობის გარდა, იგი ქალაქ-სახელმწიფო ვატიკანის პოლიტიკური ხელმძღვანელიცაა და მსოფლიო პოლიტიკაში, მისი პოზიცია ყოველთვის მნიშვნელოვანია. პაპის მოღვაწეობა ფართომასშტაბიანია და ეხება გლობალურ პრობლემებს. პაპ ფრანცისკეს რამდენიმე განცხადება მსოფლიომ არაერთგვაროვნად შეაფასა, მათ შორის, ჰომოსექსუალიზმთან და ერთნაირსქესიანთან ქორწინებასთან დაკავშირებით.

ერთხელ ლოცვის დროს ატირდა კიდეც, ეს მაშინ მოხდა, როცა უკრაინა ახსენა. ჯერ ხმა აუკანკალდა, შემდეგ სიტყვის გაწყვეტა მოუწია. პაპმა ლოცვის გაგეძლება, დაახლოებით, ნახევარი წუთის შემდეგ შეძლო.

ვატიკანში დუმილს ამ მოედანზე ახლა მხოლოდ მორწმუნეების ლოცვა ცვლის. ლოცვა რომის პაპის გადასარჩენად.

წმინდა პეტრეს ბაზილიკასთან ადამიანები ყოველდღე იკრიბებიან და რომის პაპის გადასარჩენად ლოცულობენ. მორწმუნეები ლოცულობენ რომში “აგოსტინო ჯემელის” საუნივერსიტეტო კლინიკის წინაც, სადაც რომის პაპი მკურნალობს. ექიმებმა მისი კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება, სხეულის ტემპერატურის მატებისა და ჰაერის უკმარისობის გამო მიიღეს.

88 წლის რომის პაპის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან, კლინიკაში 14 თებერვალს მოათავსეს. პონტიფიკოსი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ორმხრივმა პნევმონიამ დაამძიმა და ახლა არსებობს სეფსისის განვითარების საფრთხეც. ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპს სასუნთქი გზების მძიმე ინფექცია აქვს. როგორც “ბიბისი” წერს, პაპ ფრანცისკეს ადრეც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები. წლების წინ, მას ფილტვის ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც განსაკუთრებით მგრძნობიარეა რესპირატორული ვირუსების მიმართ. ბრონქიტის გამო, რომის პაპი საავადმყოფოში გასული წლის მარტშიც გადაიყვანეს, ხოლო დეკემბერში, ავადმყოფობის გამო, მან ვერ შეძლო კლიმატის სამიტზე გამგზავრება.

საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, პაპი ფრანცისკე კამერების წინ არ გამოჩენილა. მედია წერს, რომ მსგავსი რამ 2013 წელს, მისი აღსაყდრების შემდეგ არ მომხდარა და იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პაპმა მორწმუნეებს კლინიკიდანაც მიმართა.

გავრცელდა ინფორმაციაც, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ რომის პაპი გადადგომას აპირებს, თუმცა შესაძლოა ეს გადაწყვეტილება რომში 25 წლის იუბილეს გამო ერთი წლით გადავადდეს.

მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ ფრანცისკე პნევმონიით არის დაავადებული, შვეიცარიულ გვარდიას კომენდანტის საათი დაუწესდა. ამის შესახებ შვეიცარიული გამოცემა “Blick” იტყობინება. მედია წერდა, რომ რომის პაპის დაცვა შესაბამისი სცენარისთვისაც ემზადებოდა.

ვატიკანში ახალ პაპს კათოლიკური ეკლესიის კარდინალთა კოლეგია ირჩევს. მას შემდეგ, რაც მოქმედი პაპი გადადგება ან გარდაიცვლება, შეკრებას კონკლავი (266 პაპიდან მხოლოდ 5 გადადგა) იწყებს. თუ კონკლავის ჩატარების მიზეზი პაპის გარდაცვალებაა, მაშინ პროცესი მისი გარდაცვალებიდან 15-20 დღის შემდეგ იწყება, რათა მანამდე შესაბამისად მოემზადონ დაკრძალვისთვის. ხოლო, თუ კონკლავი პაპის გადადგომას მოჰყვება, მაშინ კარდინალთა კოლეგიას შეკრება მალევე შეუძლია. ბოლო შემთხვევა, როდესაც პაპი გადადგა, იყო 2013 წელს, პაპმა ბენედიქტ XVI-მ დაკავებული ტახტი ასაკის გამო დათმო. კოლეგია, რომელიც პაპის მიერ ინიშნება, ძირითადად 115 წევრისაგან შედგება. მათი ასაკი არ უნდა შემონატროდეს 80 წელს, ვინაიდან თითოეული მათგანი პაპობის პოტენციური კანდიდატია.

კონკლავის დაწყების დღეს, კარდინალები სიქსტის კაპელაში შედიან და კარს შიგნიდან კეტავენ. მათ ჩამოერთმევათ ყველა ელექტრო ან სხვა სახის მოწყობილობა, რომლებიც მათ გარე სამყაროსთან კომუნიკაციის საშუალებას მისცემს. ყოველი კენჭისყრის შემდეგ, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ხალხი, თვალს ადევნებს სიქსტეს კაპელადან ამომავალ კვამლს. შავი კვამლის შემთხვევაში, კარდინალთა საბჭო იტყობინება, რომ კენჭისყრა წარუმატებლად დასრულდა, ხოლო თეთრი კვამლი მსოფლიოს ახალი პაპის არჩევის შესახებ ამცნობს. კარდინალთა კოლეგიის მეთაური წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან ლათინურად აცხადებს კონკლავის შედეგებს:

ამ დროისთვის, ვატიკანში პაპობის სავარაუდო კანდიდატად მიიჩნევა კარდინალი პიეტრო პაროლინი ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, სამოქალაქო ტერმინით ვატიკანის პრემიერ-მინისტრი. პაპის მერე მეორე ადამიანი ვატიკანის უმაღლეს იერარქიაში. პიეტრო პაროლინი, რამდენიმე წლის წინ, საქართველოსაც სტუმრობდა.

ვატიკანში თითქოს დრო გაჩერდა. კათოლიკური სამყარო ქრისტეს მოციქული პეტრეს მემკვიდრეს, რენესანსის არქიტექტურის ყველაზე ცნობილი შედევრის აივანზე, ისევ ელოდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მამუკა ხაზარაძემ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად სახელმწიფოს 650 000 დოლარი გადაუხადა

მამუკა ხაზარაძემ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სახელმწიფოს 650 000 დოლარი გადაუხადა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ხაზარაძე იყო მტყუანი და მან აღიარა ანაკლიის პროექტის ჩაშლა.2024 წლის ივლისში, ფრანგულმა საარბიტრაჟო სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" სარჩელის არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.საუბარია კონსორციუმისთვის კონტრაქტის შეწყვეტის საქმეზე, რომელსაც "ლელოს" დამფუძნებელი და ანაკლიის ყოფილი ინვესტორი უკანონოდ მიიჩნევდა.არბიტრაჟმა, რომელსაც მამუკა ხაზარაძემ თავად მიმართა, სრულად უარყო მისი მოთხოვნა.

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს მიჭერს მე, პიროვნულად მე კი არა, რამდენადაც ქვეყნის განვითარების, აღმშენებლობის, სახელმწიფოებრიობის იდეას

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს მიჭერს მე. პიროვნულად მე კი არა, რამდენადაც საქართველოს განვითარების, აღმშენებლობის, სახელმწიფოებრიობის იდეას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ხალხი პასუხს ვერ სცემს კითხვაზე, „რის გამო ზის მიხეილ სააკაშვილი?“„იმის გამო, რომ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა, პრაქტიკულად, სწრაფად იკლებს ტურისტების რაოდენობა. მოვა დრო, როცა ნულზე ჩამოვა. თქვენ გინდათ, რომ ვიყოთ იზოლირებული, სადაც არავინ ჩამოდის, არავინ არ არის ამბის გამტანი, ვინც კი ხმის ამომღებია, ქვეყნიდან არის გაგდებული და ა.შ. თქვენ მეც გყავდით ქვეყნიდან გაგდებული, როდესაც არ მიშვებდით ქვეყანაში, არცერთი გზა არ დამიტოვეთ ქვეყანაში შემოსვლის, რათა ჩემს ხალხთან არ მქონოდა ურთიერთობა. რა თქმა უნდა, იმავეს აგრძელებთ ჩემი მრავალი წლით ჩაკეტვით. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს მიჭერს მე. პიროვნულად მე კი არა, რამდენადაც საქართველოს განვითარების, აღმშენებლობის იდეას, სახელმწიფოებრიობის იდეას.თქვენ ხომ არც გამოძიება აწარმოეთ. აბა, რა გამოძიება იყო, არცერთი ადამიანი არ გამოიკითხა, ვინ იყო სადილზე. თქვენ გგონიათ, ეს ინვესტიციები, რომლებიც მდინარედ მოდიოდა, ციდან ჩამოვარდა? ეს იყო დღედაღამ ამ ხალხის ტარება, მოფერება, შთაბეჭდილების მოხდენა. ეს ყველაფერი უფასო არ იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, ათასმაგად დაგვიბრუნდა. ეს ის კი არ არის, საკუთარ ხალხს დენი მოჰპარო და ბიტკოინები გამოუშვა და მერე დამალო სადღაც ოფშორებში. ეს არის რეალური სამუშაო ადგილები, რეალური ინვესტიციები, ეს არის რეალური ხელფასები. მე ველაპარაკები ჩვენს ხალხს, ნუ გააბრიყვებინებთ საკუთარ თავს, ნუ მისცემთ საშუალებას, ამ თითიდან გამოწოვილ ბრალდებებით თავგზა აგიბნიონ და უბრალოდ გამყოფონ გაუგებრობაში. მართლები ხართ თქვენ და ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც იბრძვის, მართალია ყველა, ვინც არის სიმართლის, ფაქტების მხარეს. ეს ჰიბრიდული ოპერაცია, რომელიც განხორციელდა, პირველ რიგში, გათვლილია ქართველი ხალხის დემორალიზებასა და თავგზის აბნევაზე. როცა ეკითხებიან, სააკაშვილი რაზე ზის, ვერავინ სცემს პასუხს, ზოგი ამბობს, გირგვლიანის საქმეზე ზისო, რა შუაში ვიყავი იქ? პიჯაკების საქმე კი იცით უკვე. თქვენ გინდათ, ეს საქმე გადააქციოთ ვულგარულ თემად, მაგრამ ეს საქმე, ყველამ იცის, რომ არის თითიდან გამოწოვილი, როცა სხვა ვერაფერი აღმოაჩინეთ. მე საერთოდ არ მესმის, თემურ ჯანაშიასგან რა გინდათ? ის ასრულებდა უშიშროების საბჭოს მოთხოვნას, ისე, როგორც ჩვენი ადმინისტრაციის ნებისმიერი სხვა წევრი“, – განაცხადა სააკაშვილმა.ამასთან, საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე საუბრისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის დროს მისი ხელფასი 3 000-დან 4 000 ლარამდე იყო.„საქმე, კონკრეტულად თუ ვინმეს აინტერესებს, ეხება იმას, რომ პრეზიდენტის ოფისს აქვს ხარჯები. საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი, ჩემი ხელფასი იყო 3 000-დან 4 000 ლარამდე. ახლანდელი ე.წ. დეპუტატების ხელფასები არის თითქმის სამჯერ მეტი. ბუნებრივია, ამ ფულით მე ვერც დონალდ ტრამპს გავუმასპინძლდებოდი, ვერც ჰილარი კლინტონს, ვერც საპრეზიდენტო საჩუქრებს დავარიგებდი. ბუნებრივია, ეს ყველაფერი იყო საპრეზიდენტო ოფისის ხარჯები, რომლებიც, უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, გასაიდუმლოებული იყო, რათა არ სცოდნოდა მტერს პრეზიდენტის გადაადგილების შესახებ, ვის ხვდებოდა პრეზიდენტი, ვინ ჩამოდიოდა ჩვენთან – ეს ყველაფერი იყო „გრიფით საიდუმლო“. ესენი მოვიდნენ და „გრიფით საიდუმლო“ მოხსნეს მხოლოდ პრეზიდენტის ოფისის ხარჯებს. თავად გააგრძელეს აქტიურ რეჟიმში ყველაფრის საიდუმლოდ ხარჯვა. რაც მთავარია, ყველა ჩეკი ოფიციალურად გაფორმებულია. ყველაფერი არის ლეგალურად, გატარებულია ყველა კანონიერი ხარჯი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – ჩავხედოთ არქივებში, რას წერდა 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე და იმავეს ნახავთ, რასაც ზურაბ ჯაფარიძე წერს დღეს, ესენიც უცხო ქვეყნის მარიონეტები არიან

საინტერესო იქნება, ჩავხედოთ არქივებში, რას წერდა 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე და გარწმუნებთ, იმავეს ნახავთ, რასაც ზურაბ ჯაფარიძე წერს დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, დღესაც არის მცდელობა, საქართველოში მარიონეტული რეჟიმი დაამყარონ.„ალბათ, საინტერესო იქნება, ჩავხედოთ არქივებში, რას წერდა 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე და გარწმუნებთ, ნახავთ პარალელებს. რა თქმა უნდა, ეპოქა, ინსტრუმენტები შეიცვალა, თუმცა, გარწმუნებთ, რომ იმავეს ნახავთ, რასაც ზურაბ ჯაფარიძე წერს დღეს. ესენი არიან 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, რომლებიც იმ ქვეყნის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ, სადაც დაიბადნენ, ფეხი აიდგეს და რომელი საზოგადოების წევრებიც იყვნენ. საბოლოო ჯამში, ეს არის ყველა მარიონეტის ხვედრი.მაშინ სოციალური ქსელი არ იყო, მაგრამ სერგო ორჯონიკიძე კედლის გაზეთებით და პროკლამაციებით ზუსტად ასე ამბობდა, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ხელისუფლება არის საფრთხე და ის უნდა იყოს საერთო კომუნისტურ-სოციალისტური ინტერნაციონალის ნაწილი. ზუსტად ამას გვეუბნებიან დღეს, რომ საქართველო არ უნდა იყოს დამოუკიდებელი, უნდა იყოს ლიბერალური ინტერნაციონალის ნაწილი. აბსოლუტურად ერთი-ერთში არიან სერგო ორჯონიკიძის შთამომავლები თავისი არსით.როგორც სერგო ორჯონიკიძე იყო უცხო ქვეყნის მარიონეტი, ესენიც ზუსტად უცხო ქვეყნის მარიონეტები არიან. მნიშვნელობა არ აქვს დედაქალაქებსა და ქვეყნებს, მნიშვნელობა აქვს თავად მოცემულობას, რომ საკუთარი პოლიტიკური ეგოების დასაკმაყოფილებლად ადამიანები ეყიდებიან სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს ქვეყნის გარეთ. ამიტომ, ესეც მიუთითებს, რომ არის ჩვეულებრივი მტრობა საქართველოსი. ასი წლის წინ ამას აკეთებდნენ ხიშტებითა და ტანკებით, დღეს აკეთებენ სანქციებით და პროპაგანდით. მეთოდები იცვლება, თუმცა შინაარსი – არა. ეს არის მცდელობა, რომ საქართველოში მარიონეტული რეჟიმი დაამყარონ. როგორც 1921 წელს საბჭოთა არმიის მეშვეობით დაიმორჩილეს საქართველო და დაამყარეს კომუნისტური ინტერნაციონალის მმართველობა, ახლა უკვე ასი წლის თავზე უნდათ სანქციებით და პროპაგანდით დაიმორჩილონ ქართველი ხალხი, დასვან თავისი მარიონეტული რეჟიმი და დაამყარონ ლიბერალური ინტერნაციონალი საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უვე ბეიერი – მადლობა საქართველოს, მადლობა გუდაურს ორდღიანი შესანიშნავი შეჯიბრებისთვის

მადლობა საქართველოს, მადლობა გუდაურს ორდღიანი შესანიშნავი შეჯიბრებისთვის, – ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორმა, უვე ბეიერმა განაცხადა.„ჩვენ გვქონდა ორი არაჩვეულებრივი შეჯიბრი გუდაურში. ეს იყო კარგად ორგანიზებული მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციისგან. ყველა იყო ძალიან მოტივირებული, წარმატებული ღონისძიება ჩაეტარებინათ. ეს იყო მაღალი კლასის სნოუბორდ კროსის შეჯიბრება, სპორტსმენები იყვნენ კმაყოფილები, მათ სახეზე იყო ღიმილი. მადლობა საქართველოს, მადლობა გუდაურს ამ ორდღიანი შესანიშნავი შეჯიბრებისთვის. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ აქ დავბრუნდით.გუდაურს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენ მსოფლიო თასების ჩატარების კუთხით გრძელვადიანი გეგმები გვაქვს. ბედნიერები ვართ, რომ გუდაური მოინიშნა მსოფლიო რუკაზე და ყველა საუბრობს აქ ჩატარებულ ღონისძიებებზე. ჩვენ დავბრუნდებით და გავაგრძელებთ მუშაობას ამ მეგობრულ და სტუმართმოყვარე ხალხთან“, – განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორმა.გუდაურში დასკვნითი მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართა სნოუბორდ კროსის დისციპლინაში. ღონისძიებაში 21 ქვეყნის (კანადა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია,ავსტრალია, შვეიცარია, ჩინეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბრაზილია, ჩეხეთი,უნგრეთი, იაპონია, ნიდერლანდები, უკრაინა, კორეა, ლატვია, ესტონეთი, რუმინეთი) 88 სპორტსმენმა იასპარეზა. შეჯიბრება პირდაპირ ეთერში „ევროსპორტზე“ გადაიცემოდა.

შალვა პაპუაშვილი – დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას

დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია გარედან იმართება. მიისვე თქმით, ოპოზიციის განცხადებების მიზანია, ძირი გამოუთხარონ საქართველოს ეკონომიკას.„მარიონეტული ოპოზიცია სრულად გარედან იმართება. ამ დღეებშიც აკვირდებოდით, რომ შემოიარეს რამდენიმე დედაქალაქი, მიიღეს ინსტრუქციები. არ ვიცი, ნაწილი ჩამოვიდა, ნაწილი ჯერ კიდევ იქ არის.  ვხედავთ უკვე მათ განცხადებებს, როგორ უნდა გამოუთხარონ ძირი საქართველოს ეკონომიკას, როგორ უნდა დააორგანიზონ ტერორი და ასე შემდეგ. ვგულისხმობ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებებს ამასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივი ინსტრუქციები და მისი შესრულება.ამიტომ არჩევნებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, აქაც სრულად დამოკიდებულები არიან ინსტრუქციებზე, როგორც მარიონეტები. თუმცა, საბოლოო ჯამში, მათ პოლიტიკურ განცხადებებს დიდი ფასი არ აქვს ხოლმე. დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას. მიიღებს მონაწილეობას იმ კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. მიიღებს მონაწილეობას იმ ცესკო-ს შემადგენლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა აირჩია. მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები