დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის და საჭიროებებისათვის მოერგო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
პაპუაშვილს ამ თვალსაზრისით კონკრეტული მაგალითები მოჰყავს.
„დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის და საჭიროებებისათვის მოერგო. კერძოდ, მათი უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით, ენერგეტიკის სფერო სანქციებიდან მეტწილად გამოირიცხა. ომის პარალელურად, ევროპაში რუსული გაზი კვლავ უკრაინის გავლით მიედინებოდა. ლიეტუვა კი რუსეთში ღვინის წამყვანი ექსპორტიორი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ღვინოს არ აწარმოებს. ამერიკის ელჩს განვუმარტე, რომ უკრაინას დღეს თუ რამე ესაჭიროებოდა, ეს სანქციები კი არა, სამხედრო დახმარება იყო, ჯარი, შეიარაღება, თავდაცვის სისტემები. ვხედავთ, რომ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს მებრძოლების გაგზავნას და იქნებ აშშ-ს ეფიქრა ამაზე. ამ წინადადებაზე იქვე მიპასუხა: „გინდა, რომ ბირთვული ომი დაიწყოს?“ რაზეც ვუთხარი: „ხედავთ, თქვენ ფრთხილობთ, ჩვენი სიფრთხილე კი არ მოგწონთ. რეალურად კი, არსებულ ვითარებაში ჩვენთვის ვითარების ესკალაცია და შესაძლო ომი ბირთვული ომის ტოლფასია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.