შაბათი, მარტი 1, 2025

შალვა პაპუაშვილი – ერთადერთი პასუხი, რისი მიღებაც კელი დეგნანს სურდა, იყო თანხმობა სანქციებზე, ყოველ ჯერზე მიტრიალებდა კითხვას და უარის შემდეგ აძლევდა ნიშანს თანაშემწეს, ეს ჩანაწერში აესახა

ერთადერთი პასუხი, რისი მიღებაც კელი დეგნანს სურდა, იყო თანხმობა სანქციების დაწესებაზე, ყოველ ჯერზე მიტრიალებდა კითხვას და ყოველი უარის შემდეგ აძლევდა ნიშანს თანაშემწეს, რომ ეს ჩანაწერში აესახა, – ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, მოგვიანებით დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის და საჭიროებებისათვის მოერგო.

„2022 წლის 28 თებერვალს პარლამენტის სასახლეში შევხვდი აშშ-ის ელჩს მის თანმხლებებთან ერთად. პირველი, რითიც მან საუბარი დაიწყო, იყო „დაბნეულობისა და იმედგაცრუების“ გადმოცემა, რომელსაც მისი მთავრობა გრძნობდა საქართველოს პრემიერის გადაწყვეტილებასთან და 25 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით, ახლა იყო მომენტი, როდესაც უნდა აგვერჩია „ნათელ მხარეს ვართ თუ ბნელ მხარეს“, რაც, პირველ რიგში, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაში უნდა გამოხატულიყო. ელჩი ამ მოთხოვნას ხაზგასმით და მკაფიოდ აფიქსირებდა, მისი სპეციალური თანაშემწე კი ჩემს პასუხებს დაწვრილებით იწერდა. ამ დროს დაწყებული ომის მასშტაბი და შედეგი ჯერ ისევ ბუნდოვანია.

– „საქართველო, რომელსაც არავინ უთანხმებს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას, მის შინაარსს, ხანგრძლივობას, რაიმე კონკრეტიკას, ვერ მოაწერს ხელს ასეთ სუფთა ფურცელს, – ვპასუხობ მე, – უცნობია ასეთი მკვეთრი დემარში რას მოუტანს საქართველოს, რა საპასუხო დარტყმას მივიღებთ და რა რისკებში აღმოვჩნდებით ჩათრეული. ჩვენ ვართ სპეციფიური ქვეყანა, რუსული ჯარი ჩვენს ტერიტორიაზეა, ჩვენ გვჭირდება სიფრთხილე. ჩვენ არ ვართ არც ნატო-ს და არც ევროკავშირის წევრი, შესაბამისად, არც ნატო-ს ბირთვული ქოლგა და არც ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთდახმარების ვალდებულება გვიცავს“. ამ ცალსახა პოზიციასთან ერთად, იქვე ვუპასუხე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები, თუნდაც იმავე საბანკო სფეროში, რომლითაც გამოირიცხა სანქციების გვერდის ავლა. აღვნიშნე, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ნებისმიერი ფორმატის განხილვებსა და კენჭისყრებში საქართველო უკრაინის მხარეს იჭერდა, თუმცა აშშ-ის ელჩი კატეგორიული და შეუვალი იყო. ერთადერთი პასუხი, რისი მიღებაც მას სურდა, იყო თანხმობა სანქციების დაწესებაზე. ყოველ ჯერზე ის მიტრიალებდა კითხვას, ვაპირებდით თუ არა შევერთებოდით სანქციებს, და ყოველი უარის შემდეგ დემონსტრაციულად აძლევდა ნიშანს თავის თანაშემწეს, რომ ეს მის ჩანაწერში აესახა.

მოგვიანებით დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის და საჭიროებებისათვის მოერგო. კერძოდ, მათი უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით, ენერგეტიკის სფერო სანქციებიდან მეტწილად გამოირიცხა. ომის პარალელურად, ევროპაში რუსული გაზი კვლავ უკრაინის გავლით მიედინებოდა. ლიეტუვა კი რუსეთში ღვინის წამყვანი ექსპორტიორი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ღვინოს არ აწარმოებს. ამერიკის ელჩს ასევე განვუმარტე, რომ უკრაინას დღეს თუ რამე ესაჭიროებოდა, ეს სანქციები კი არა, სამხედრო დახმარება იყო, ჯარი, შეიარაღება, თავდაცვის სისტემები. ვხედავთ, რომ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს მებრძოლების გაგზავნას და იქნებ აშშ-ის ეფიქრა ამაზე. ამ წინადადებაზე იქვე მიპასუხა: „გინდა, რომ ბირთვული ომი დაიწყოს?“ რაზეც ვუთხარი: „ხედავთ, თქვენ ფრთხილობთ, ჩვენი სიფრთხილე კი არ მოგწონთ. რეალურად კი, არსებულ ვითარებაში ჩვენთვის ვითარების ესკალაცია და შესაძლო ომი ბირთვული ომის ტოლფასია“. ჩვენი საუბრის შემდეგ ელჩი სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერ-მინისტრთან სასაუბროდ გაეშურა. ჩემთან საუბარი, როგორც საკანონდმებლო ორგანოს ორი თვის წინ არჩეულ თავმჯდომარესთან, როგორც ჩანს, მხოლოდ მოთელვა იყო, პრემიერ-მინისტრთან საუბარი კი – გაცილებით მოცულობითი და პირდაპირი, ვიდრე მხოლოდ ეკონომიკური სანქციების დაწესება-არდაწესების საკითხი. ელჩის ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა. საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა დაუფიქრებელ და არაგონივრულ ესკალაციაზე. არ ვიცი, რამდენად არის ეს დამთხვევა, თუმცა ამ დრამატული საუბრების მეორე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ზუსტად ამ საბაბით საქართველოდან ელჩი გაიწვია, რითიც ვითარება უფრო დაამძიმა და თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ცეცხლზე ნავთი დაასხა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კაია კალასი – უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გავაძლიერებთ, დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება, ევროპელებს ამ გამოწვევის მიღება მოგვიწევს

თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კაია კალასი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას.მისი თქმით, უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გააძლიერებენ.„უკრაინა ევროპაა. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რათა მათ შეძლონ, განაგრძონ აგრესორთან ბრძოლა. დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება. ჩვენ, ევროპელებს მოგვიწევს ამ გამოწვევის მიღება“, – წერს კალასი.თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელესკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.

ჯასტინ ტრუდო – უკრაინელების ბრძოლა დემოკრატიის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი ბრძოლაა, კანადა განაგრძობს უკრაინის გვერდით დგომას სამართლიანი, მყარი მშვიდობისთვის

კანადა განაგრძობს უკრაინისა და უკრაინელების გვერდით დგომას სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის, – ამის შესახებ კანადის კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო სოციალურ ქსელში წერს.ტრუდო ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას.როგორც ტრუდო აღნიშნავს, უკრაინის ბრძოლა მნიშვნელოვანი ბრძოლაა.„რუსეთი უკანონოდ და გაუმართლებლად შეიჭრა უკრაინაში. უკვე სამი წელია, უკრაინელები მამაცურად და მედგრად იბრძვიან. მათი ბრძოლა დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი ბრძოლაა. კანადა განაგრძობს უკრაინისა და უკრაინელების გვერდით დგომას სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის“, – წერს ტრიუდო.

ვიქტორ ორბანი – ძლიერი ადამიანები ქმნიან მშვიდობას, სუსტები კი ომს, დღეს დონალდ ტრამპმა მამაცურად დაიცვა მშვიდობა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა ეს რთულად მოინელა, მადლობა...

ძლიერი ადამიანები ქმნიან მშვიდობას, სუსტები – ომს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.ორბანი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას ეხმაურება და ტრამპს მადლობას უხდის.როგორც ორბანი აღნიშნავს, დონალდ ტრამპმა მამაცურად დაიცვა მშვიდობა.„ძლიერი ადამიანები ქმნიან მშვიდობას, სუსტები – ომს. დღეს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მამაცურად დაიცვა მშვიდობა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა ეს რთულად მოინელა. მადლობა ბატონო პრეზიდენტო“, – წერს ორბანი.

გია ვოლსკი – აშშ-ის ადმინისტრაცია თხოვნით მისულ ადამიანს ელოდებოდა, ზელენსკისგან განდგომა დაიწყეს უკრაინაში, იქ არ არის სტაბილური მდგომარეობა, რომ მზად ყოფილიყო საქმიანი საუბრისთვის, თუ...

კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ, ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.„ემოციურად ძალიან მძიმე ფონია, ამდენი ხალხი იხოცება. ყველას გვყავს ახლობლები უკრაინაში, არსებობს პოლიტიკა, პოლიტიკოსები და არსებობენ ქვეყნები, რომელთაც არ გააჩნიათ ის რესურსი, რომ ეს ყველაფერი შეაჩერონ. ეს არის დიდი ტრაგედია მთელი მსოფლიოსთვის. არსებობს სახელმწიფო აშშ-ი, რომელსაც ეს რესურსი გააჩნია. იქ რამდენიმე საკვანძო თემა ითქვა და ამასთან დაკავშირებით ათასგვარი მითქმა-მოთქმა მოვისმინეთ, მაგრამ მთავარი საკითხი იყო ერთი, რომ აშშ-ი არ იღებს თავზე უსაფრთხოების გარანტიას, მაგრამ მეორე მხრივ, არსებობს რეალური გარანტია, როდესაც აშშ-ი დაინტერესებულია რაღაც საკითხებთან მიმართებაში უკრაინაში, იგივე სასარგებლო წიაღისეულის, თუ იშვიათი მეტალების გადამუშავების საკითხებზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შევა, ამოიღებს და დაიწყებს ამის მარტო გამოყენებას. უკრაინისთვისაც აქ სერიოზული რესურსია ამერიკული ინვესტიცია, ამერიკული კომპანიები და რასაკვირველია, ეს უკვე უსაფრთხოების საკითხებს ნიშნავს. გარდა ამისა, აშშ-ს ჰქონდა ლაპარაკი ევროპელ პარტნიორებთან და ყველაფერი არც იქ წავიდა მთლად დალაგებულად, მაგრამ პრინციპულად შეთანხმდნენ, რომ ევროპელები მზად არიან, როგორც მშვიდობის გარანტორებმა, აიღონ გარკვეული ვალდებულებები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

სალომე ზურაბიშვილი – არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის დემონსტრირება „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, უფრო პუტინის რუსეთის შემდეგ მყოფ აშშ-ს წააგავს

არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის დემონსტრირება „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, უფრო პუტინის რუსეთის შემდეგ მყოფ აშშ-ს წააგავს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.ზურაბიშვილი ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას.„არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის დემონსტრირება „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. უფრო წააგავს პუტინის რუსეთის შემდეგ მყოფ ამერიკას, იმ დროს, როდესაც, ყველას სჭირდება ძლიერი ამერიკა, ძლიერ ევროპასთან ერთად. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელის გამოჩენას ვხედავთ ბოლოსდაბოლოს“, – წერს ზურაბიშვილი.

ბოლო სიახლეები