ძალიან უსამართლოა ევროკავშირის მიდგომა საქართველოსადმი და საქართველოს მთავრობისადმი, რასაც ძალიან მარტივი მიზეზი აქვს – ბრიუსელში ყველა პატრიოტი, კონსერვატიული, მემარჯვენე მთავრობა სძულთ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ჟენევაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
პიტერ სიიარტოს თქმით, საქართველოში ოპოზიციას არჩევნები რომ მოეგო, ბრიუსელი ძალიან ბედნიერი იქნებოდა.
„ისინი იტყოდნენ, რომ დემოკრატია საქართველოში საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები მათ გემოვნებას არ მოერგო, ნათელი იყო, რომ თქვენზე შეტევა დაიწყებოდა. ასეა უნგრეთის შემთხვევაში. 15 წელია, ხელისუფლებაში ვართ და ვართ შეტევის ქვეშ, რადგან პატრიოტულ, კონსერვატიულ პოლიტიკას ვატარებთ და ეროვნულ ინტერესებს ვაყენებთ ყველაფერზე წინ“, – განაცხადა სიიარტომ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უნგრეთიც და საქართველოც მძიმე შეტევის ქვეშ არიან, მაგრამ ვითარება აშშ-ის ახალი მთავრობის ხელმძღვანელობით, ორივე ქვეყნის მთავრობებისთვის ძირფესვიანად შეიცვალა.
„გუშინ გაერო-ში ჩვენ ერთად გავუწიეთ თანასპონსორობა ამერიკის მიერ ინიცირებულ მშვიდობის რეზოლუციას, რომელიც, ჩემი აზრით, ერთადერთი თავსებადი გზაა მშვიდობის დასამყარებლად. როგორც ხედავთ, მსოფლიო მნიშვნელოვნად შეიცვალა, იმის მიუხედავად, რომ ორივე მძიმე შეტევის ქვეშ ვართ, ვითარება აშშ-ის ახალი მთავრობის ხელმძღვანელობით, ორივესთვის, უნგრეთისა და საქართველოს მთავრობებისთვის ძირფესვიანად შეიცვალა“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.