სამშაბათი, თებერვალი 25, 2025

დიმიტრი პესკოვი – რუსეთს აქვს უამრავი იშვიათი მინერალი, რომლებიც აშშ-ს სჭირდება და ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის

რუსეთს აქვს უამრავი იშვიათი მინერალი, რომლებიც აშშ-ს სჭირდება და ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ამერიკელებს სჭირდებათ იშვიათი ჭიაღისეული ლითონები. ჩვენ ბევრი გვაქვს. ჩვენ გვაქვს საკუთარი გეგმები სტრატეგიული რესურსების განვითარებისთვის, მაგრამ აქ თანამშრომლობის საკმაოდ ფართო პერსპექტივებია“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

პესკოვის თქმით, ეკონომიკური შეთანხმებების დადებამდე კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

„დღის წესრიგში შემდეგი საკითხი არის უკრაინის კრიზისის მოგვარება და შემდეგ, რადგან თავად ამერიკელებმაც ისაუბრეს ამაზე, დადგება დრო, განვიხილოთ შესაძლო პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია სავაჭრო, ეკონომიკურ და საინვესტიციო თანამშრომლობასთან“, – აღნიშნა პესკოვმა.

აშშ-ის გეოლოგიური კვლევის მონაცემების თანახმად, ჩინეთის, ბრაზილიის, ინდოეთისა და ავსტრალიის შემდეგ რუსეთს მსოფლიოში მეხუთე ადგილი უკავია იშვიათი მინერალების მარაგების მხრივ.

შეგახსენებთ, რომ აშშ და უკრაინა აწარმოებენ მოლაპარაკებებს 500 მილიარდი დოლარის ოდენობის იშვიათ მინერალებთან დაკავშირებით. ტრამპის თქმით, ეს გარიგება საკმაოდ ახლოს არის დასრულებასთან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია – თოვლის გაწმენდითი სამუშაოები სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

სამეგრელოში თოვლის გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.მათივე ცნობით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები, პროცესში ჩართულია გზების დეპარტამენტის ტექნიკა.„იწმინდებოდა ქალაქის და სოფლებამდე მისასვლელი გზები. რეგიონში მოქმედ საკოორდინაციო შტაბს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ხელმძღვანელობს. რეგიონულთან ერთად, ასევე შექმნილია მუნიციპალური შტაბები.რეგიონის მასშტაბით დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი გადაიდო რამდენიმე სკოლასა და საბავშვო ბაღში. მოქმედებს სამხარეო და მუნიციპალური ცხელი ხაზის ნომრები. ცხელი ხაზის ნომრებს შეგიძლიათ, გაეცნოთ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სალომე ზურაბიშვილი – არ ვიცი, რამდენი პარტია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ პროგრამა შეიძლება, იყოს ერთი, „ქართული ქარტია“, შესაძლოა, იყოს ახალი პარტიები, ორგანიზაციები, რომლებიც არიან...

გეგმა არის ერთი და უალტერნატივო, ახალი არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებისთვის მიმართვისას განაცხადა.როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მომავალ დღეებში საზოგადოებას გააცნობს დოკუმენტს ახალი არჩევნების პირობების შესახებ.„მჯერა, რომ ჩვენ მივდივართ სწორ გზაზე და რა არის ეს სწორი გზა? ყველა კითხულობს, რა არის გეგმა? გეგმა არის ერთი და უალტერნატივო – ახალი არჩევნები. თქვენც შეამჩნევდით, უფრო და უფრო მეტი ჩვენი პარტნიორები ითხოვს ახალ არჩევნებს, რადგან მსოფლიოში ყველამ ძალიან კარგად იცის, როცა არსებობს ასეთი ღრმა კრიზისი ქვეყანაში, სადაც ერთ მხარეს დგას რეჟიმი, რომელიც ვითომ არაფერს თმობს და მეორე მხარეს დგას საზოგადოება, რომელიც არაფერს არ დათმობს, რადგან დასათმობი არაფერი არ აქვს. ეს ღრმა კრიზისი გრძელდება არჩევნებიდან უკვე ოთხი თვეა. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა მშვიდობიანი გამოსავალი არა არსებობს, თუ არა არჩევნები. კრიზისი როცაა, არჩევნები ნიშნავს, რომ შენ უბრუნდები ხალხს და ეკითხები, შენ ნება რა არის. საქართველოს ხალხის ნება არის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი. ასე რომ, ეს არჩევნები დაინიშნება ამაზე კითხვის ნიშანიც არ დგას.რა უნდა იყოს გეგმა, მომზადება არჩევნების და ეს მომზადება გადის რამდენიმე საკითხზე. ერთი არის, რომ უნდა მოვამზადოთ არჩევნების პირობები და ამაზე პრაქტიკულად მზად ვართ. მომავალ დღეებში გაეცნობით დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს, რა უნდა იყოს არჩევნების პირობები. მეორე, უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის – ეს ნიშნავს, რომ დღესვე უნდა მოვამზადოთ კომისიის წევრები და დამკვირვებლები, მთელი ჯარი, რომ მეორედ ვერავინ შეძლოს არჩევნების გაყალბება. ეს არის ჩვენს ხელში და ჩვენი, ყველას გასაკეთებელი და დღეს უნდა დავიწყოთ. მესამე, ამაზე ვმუშაობ, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ჩვენი ყველაზე სანდო პარტნიორებისგან ყველანაირი დახმარება, რათა გაყალბების ის ფორმები, რაც გამოიყენეს ვეღარ გამოიყენონ. ეს ეხება ტექნოლოგიურ არჩევნებს და ეს ეხება ბევრ რამეს. დღეს ჩვენი ძალიან ბევრი პარტნიორი სწორედაც მუშაობენ არჩევნების საკითხებზე, რამეთუ მათ გაიგეს კარგად, რომ არჩევნების მანიპულაცია და გაყალბება გახდა რუსეთის ახალი სტრატეგია, რომელიც დაიწყო საქართველოდან, მაგრამ შეეხება სხვა ევროპულ ქვეყნებს ხვალ და ზეგ, თუ დღეს არ დავამარცხეთ ეს სტრატეგია. ამისთვის ყველამ უნდა შეისწავლოს, რაც აქ მოხდა და ყველამ ერთად უნდა მოვნახოთ გზები, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ ამ გაყალბებაზე და აღარ დავუშვათ. ეს არის ჩვენი ასევე ერთად გასაკეთებელი. კიდევ, რა უნდა გავაკეთოთ და ამაში ასევე ვარ ჩართული, რომ შედგეს მეტი კოორდინაცია ყველას შორის, ეს არის ერთის მხრივ, პოლიტიკური პარტიები, მეორე მხრივ, შესაძლოა, ახალი პოლიტიკური პარტიები. ეს არის ის ორგანიზაციები, რომლებიც დღეს არიან თქვენთან, არიან ქუჩაში“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.მისივე თქმით, არჩევნებზე მხოლოდ ერთი პროგრამა უნდა იყოს და ეს არის „ქართული ქარტია“.„მე ვარ პირდაპირ უშუალოდ პასუხისმგებელი იმაზე, რომ მეტი კოორდინაცია იყოს, რათა კიდევ უფრო ეფექტური იყოს არა მხოლოდ პროტესტი, არამედ ჩვენი პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც გადადის გაზაფხულის ფაზაში. ასევე კითხულობთ ხშირად, რა არის საარჩევნო პროგრამა. მე არ ვიცი, რამდენი პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას შემდგომ არჩევნებში და ყველას, ყველა პროევროპულ პარტიას ვუსურვებ დიდ წარმატებას, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ პროგრამა შეიძლება, იყოს მხოლოდ ერთი. ეს არის „ქართული ქარტია“, სადაც წერია, რომ ყველა რუსული კანონები უნდა იყოს გაუქმებული, უნდა გათავისუფლდეს ყველა პატიმარი, უნდა დავიბრუნოთ სამართლიანი სასამართლო, უნდა დავძლიოთ კორუფცია, ყველაფერი ის, რაც გასაკეთებელია პირველივე ექვს თვეში. მერე როცა დავუბრუნებთ ქვეყანას სასამართლოს, კანონმდებლობას, მერე შევძლებთ უკვე გაშლას სხვა პროგრამების. ქვეყანას როცა დავუბრუნებთ  ეკონომიკს, რომელიც დღეს არის სრულიად გაჩერებული, პარალიზებული, მაშინ შეძლებთ, სხვანაირად გადავანაწილოთ ქვეყნის რესურსები და არ იყოს ერთ კაცზე მორგებული, რომელმაც შემოიტანა ქვეყანაში ნახევარ მილიარდიანი თავის ქონება და ნახატები და სხვა, ისე რომ, არცერთი ცენტი საქართვეოს ბიუჯეტში არ გადაუხდია. ამას ვერცეთი თქვენგანი ვერ გააკეთებდით, რადგან კანონმდებლობა გაიძულებთ, რომ ასეთივე შემოტანაზე, რაც არ უნდა იყოს თანხა ნახატების თუ სხვა ქონების,  გადაიხადოთ 20 პროცენტი. ეს არის ქვეყანა, რომელიც მიტაცებული არის ერთი ოლიგარქის მიერ, მიტაცებულია რუსული მმართველი რეჟმის მიერ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ფრიდრიხ მერცი – ახლო მომავალში ე.წ. ვალის მუხრუჭის რეფორმა გამორიცხულია, ეს საკმაოდ მასშტაბური და რთული სამუშაოა

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ბლოკის კანცლერობის კანდიდატმა, ფრიდრიხ მერცმა გამორიცხა ე.წ. ვალის მუხრუჭის რეფორმის სწრაფად გატარება და განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია თქმა, შეძლებს თუ არა მოქმედი პარლამენტი სამხედრო ხარჯების მასშტაბური ზრდის დამტკიცებას.„ახლო მომავალში „ვალის მუხრუჭის“ რეფორმა გამორიცხულია. ეს საკმაოდ მასშტაბური და რთული სამუშაოა, რომელიც უნდა შესრულდეს“, – განაცხადა მერცმა.აღსანიშნავია, რომ გერმანიაში უკვე მიმდინარეობს დებატები ე.წ. ვალის მუხრუჭის რეფორმირების შესახებ. „ვალის მუხრუჭი“ არის ხარჯვის მკაცრი წესი, რომლის მიხედვითაც, ფედერალურ მთავრობას სახელმწიფო ვალის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,35%-ზე მეტის აღება ეკრძალება. ამ წესის შეცვლასთან დაკავშირებით დებატები უფრო ინტენსიური გახდა აშშ-ის მოთხოვნის გამო, რომ ევროკავშირმა მეტი გადაიხადოს საკუთარი თავდაცვისთვის.

ჩოხატაურში, მაშველების მიერ კლინიკაში გადაყვანილ ქალს ვაჟი შეეძინა.

"უღრმესი მადლობა ჩოხატაურის სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს, რომ არა თქვენი თავდადება შეუძლებელი იქნებოდა მშობიარე ქალის ჩოხატაურის მედალფას კლინიკაში გადაყვანა, რომელმაც შეყვანიდან ზუსტად 5 წუთში იმშობიარა,"- წერს სოციალურ ქსელში ნატო კიკვაძე."უღრმესი მადლობა ჩოხატაურის სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის რომ არა თქვენი თავდადება, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა მშობიარე ქალის ჩოხატაურის მედალფას კლინიკაში გადაყვანა ფორსმაჟორულ რეჟიმში, რომელმაც შეყვანიდან ზუსტად 5 წუთში იმ შობიარა და დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი დემეტრე სიხარულიძე მადლობა კლინიკის მორიგე პერსონალს, კოლეგებს უსწრაფესი რეაგრებისა და მხარდაჭერისთვის,"- წერს სოციალურ ქსელში.

სალომე ზურაბიშვილი – არ მივცემთ საშუალებას რუსულ რეჟიმს, ისევ რუსული ოკუპაცია დააწესოს – რუსეთს არ დავუთმეთ ევროპული გზა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება, შიდა რუსულ რეჟიმს...

ომის, ოკუპაციის, გატაცებების, სხვადასხვა ეკონომიკური ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ არ მივეცით საშუალება რუსეთს, არ დავუთმეთ არც ჩვენი ევროპული გზა, არც ჩვენი დამოუკიდებლობა და არც ჩვენი თავისუფლება და აბა აქ, შიდა რუსულ რეჟიმს რა, დავუთმობთ? - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოება, ძალადობის მიუხედავად, რუსთაველზე დგას, რათა კიდევ ერთი 25 თებერვალი არ განმეორდეს.“დღეს საზოგადოება, რომელიც დგას აქ 90 დღე, არ ეპუება, არ ეგუება იმ ძალადობას, რომელსაც ყოველდღიურად უწყობენ. ყველაფერი სცადეს - წყლის ჭავლები, ტყვიები, ძალადობა, შეურაცხყოფა, უსუსური ჯარიმები, კიდევ ძალადობა და კიდევ შეურაცხყოფა, მაგრამ დგანან… დგას მზია ამაღლობელი, დგას თემურ ქათამაძე, ყველა ის დგას, ვინც დღეს პატიმარია. დგანან და იდგებიან, სანამ ჩვენ აქ ვიდგებით. ეს არის მაგალითი 25 თებერვლის მერე, რომ ქვეყანა კიდევ დგას და იდგება იმიტომ, რომ ჩვენ არ დავთმობთ და არ მივცემთ საშუალებას დღეს რუსულ რეჟიმს, რომ აქ ისევ რუსული ოკუპაცია დააწესოს.ომის, ოკუპაციის, გატაცებების, სხვადასხვა ეკონომიკური ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ არ მივეცით საშუალება რუსეთს, არ დავუთმეთ არც ჩვენი ევროპული გზა, არც ჩვენი დამოუკიდებლობა და არც ჩვენი თავისუფლება და აბა აქ შიდა რუსულ რეჟიმს რას დავუთმობთ? - არც არაფერს, ესენი ვერ შეძლებენ ჩვენს დამორჩილებას”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბოლო სიახლეები