სამშაბათი, თებერვალი 25, 2025

შალვა პაპუაშვილი – დარეგისტრირებულია ამერიკული „ფარას“ სიტყვასიტყვითი თარგმანი, პარლამენტში განხილვის პროცესში მოხდება შესაბამისობაში მოყვანა ქართულ სამართლებრივ სივრცესთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამერიკული „ფარას“ ზუსტი ანალოგი არის დარეგისტრირებული პარლამენტში და სწორედ მისი განხილვა იგეგმება.

როგორც ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელ,ა, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა, წარმოდგენილი ინიციატივა არის აშშ-ში დღეს მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვანი თარგმანი, შესაბამისად, ერთგვარ სამართლებრივ და შინაარსობლივ უზუსტობებს შეიცავს, რაც მომავალში აუცილებლად დასაკონკრეტებელი იქნება.

„კანონის აღსრულების პროცესში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც აშშ-ში არის ამ კანონისთვის გათვალისწინებული, ქართულ რეალობასთან ერთგვარად შეუსაბამოა. მაგალითად, საქმე ეხება კანონპროექტში მოხსენიებულ ორგანოს, მაგალითად კონგრესს, კონგრესის ბიბლიოთეკას, სახელმწიფო დეპარტამენტს, იუსტიციის დეპარტამენტს, ხაზინის მდივანს, ფოსტის გენერალურ დირექტორს, შტატების პრეზიდენტს. ეს გარკვეულწილად უნდა იყოს ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანილი“,- აღნიშნა ტაბატაძემ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში განხილვის პროცესში მოხდება აღნიშნული კანონპროექტის ქართულ სამართლებრივ სივრცესთან შესაბამისობაში მოყვანა.

„ახალი საკანონმდებლო ინიციატივა არის საქართველოს კანონის პროექტი – უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, პაკეტი. არსი არის იმაში, რომ არის ამერიკული „ფარას“ სიტყვასიტყვით, მძიმე-წერტილით თარგმანი. შემდეგ უკვე პარლამენტში განხილვის პროცესში მოხდება შესაბამისობაში მოყვანა ქართულ სამართლებრივ სივრცესთან. თუმცა ამით დასრულებულია ნებისმიერი ყალბი, ცრუ ნარატივი, რომელსაც ზოგიერთი შიგნიდან თუ გარედან ავრცელებდა ხოლმე ქართულ კანონებთან დაკავშირებით. არის კანონპროექტი, რომელიც არის სიტყვასიტყვითი თარგმანი. ყველა სიტყვა, ყველა ტერმინი, ყველა მძიმე, ყველა წერტილი არის იდენტური აშშ-ში მოქმედი კანონისა და საზოგადოებას, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ე.წ. თრექჩეინჯით დააკვირდნენ, რა შეიცვლება ამ კანონში. ნებისმიერი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც რაიმე საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება, ამით დასრულებული იქნება. ამიტომ, გთხოვთ გადაწყვეტილებას, რომ გადავცეთ სამსჯელოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და, შესაბამისად, უკვე მოხდება ამ კანონპროექტზე მსჯელობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – მიხაელ როთს ერთ-ერთ შეხვედრაზე ვუხსნიდი, რომ ჩვენგან რუსეთის მიმართ ესკალაციის მოთხოვნა არის არაკეთილსინდისიერი, ვინაიდან ამას მოჰყვება სისხლი, მისი პასუხი იყო, რას...

განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნები ასე ძალიან გულადები რომ არიან ხოლმე ლაპარაკში, კარგად და თბილად არიან ატომური ქოლგის ქვეშ, მათ ტერიტორიაზე ერთი ჩიტიც რომ შეფრინდეს მათ დაუკითხავად, თავად თითის გატოკებაც არ მოუწევთ, რადგან დაცული არიან ნატო-ს ატომური ქოლგით, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას. „ამაზე ვეკითხებოდით, ჩვენ დაგვიცავს ეს ქოლგა, არაო. ზუსტად არის დათვლილი, რა ზიანს მიიღებდა საქართველო, ჩვენ რომ სანქციები დაგვეწესებინა. ეს იქნებოდა ეკონომიკის 18-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა. გვექნებოდა 2.5 ჯერ უფრო მეტი ეკონომიკური ვარდნა, ვიდრე ეს „კოვიდის“ დროს იყო, როცა მთელი საქართველო სახლში ვიჯექით ჩაკეტილი. რომ ვეკითხებოდით, ეს რომ მოხდეს, რამე გარანტიებს გვაძლევთ ეკონომიკურს, არა, არ გვაძლევდნენ. მაშინ, რატომ? თუკი თქვენ დაფარული ხართ ბირთვული ქოლგით, ევროკავშირის ფინანსებით, ერთმანეთის სოლიდარობით და დახმარებით, ჩვენ, ნატო-ს არაწევრ ქვეყანას რა სინდისით გვთხოვთ, რომ ისევე გავრისკოთ ჩვენი ხალხით, როგორც თქვენ შეიძლება, რისკავთ, იმიტომ, რომ დაფარული ხართ ამ ატომური ქოლგით, პასუხი იყო აი, მიხაელ როთს გავიხსენებ. ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე, რომელიც შარშან, თუ შარშანწინ შედგა, ვსაუბრობდით ზუსტად ამაზე და კიდევ ერთხელ ვუხსნიდი, ეს სანქციების მოთხოვნა და ასე შემდეგ, არის არაკეთილსინდისიერი საქართველოს მიმართ, ვინაიდან ქვეყანას, რომელიც ომს აწარმოებს, დედაქალაქიდან 30 კმ-ში, მთავარი ავტობანიდან 500 მეტრში განთავსებული ჰყავს სამხედროები, საკუთარი არმია და ამ პირობებში ჩვენგან რუსეთის მიმართ ესკალაციის მოთხოვნა არის არაკეთილსინდისიერი, ვინაიდან ამას მოჰყვება სისხლი, ცრემლი და ა.შ. მისი პასუხი იყო – რას იზამ, ყველამ რაღაც უნდა დავთმოთ. აი, ეს იყო მიხაელ როთის პასუხი. ამ შეხვედრას სხვათა შორის, ესწრებოდა გერმანიის ელჩი, ესწრებოდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენელი და გაფართოებული თვალებით უყურებდნენ, რას ლაპარაკობდა ეს ადამიანი. აი, ასეთი თავქარიანი ადამიანები დადიოდნენ გლობუსის გარშემო და დღეს სად არის მიხაელ როთი ხომ ვნახეთ, აღარც ბუნდესტაგშია, აღარც პოლიტიკაში, არის თავისთვის სადღაც თბილად სავარძელში, უყურებს ტელევიზორს, ერთ-ორ პოსტს დაწერს ხოლმე და წუწუნებს ამა თუ იმ ქვეყნის ბედზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ეს ადამიანი შემდეგ აქციებზე იყო პარლამენტის წინ, რადგან ამ ხალხს პასუხისმგებლობა არ აქვთ. „ასეთი ავანტიურისტები საქართველოს ბევრი არის შეჩვეული ამა თუ იმ ქვეყნიდან; ჩამოვლენ და არევენ, რა ედარდებათ? აი, გუშინ არჩევნები წააგო ვიოლა ფონ კრამონმა, ჯერ ევროპარლამენტში არჩევნები წააგო და გუშინ ბუნდესტაგში არჩევნები წააგო. ეს ადამიანი, რომელსაც არც ევროპარლამენტში წევრობა ანდო გერმანელმა ხალხმა და არც ბუნდესტაგის წევრობა, აქ დასმული ჰყავდა „ენჯოებს“ და ოპოზიციას გურუდ, რომ ჩვენთვის ჭკუა ესწავლებინა, რა არის სწორი, რა არის მართალი, რა არის კარგი და რა არის ცუდი. ეს ადამიანი რომ ჩამოდიოდა და გვირევდა სიტუაციას, სად იქნება ახლა? დაჯდება თბილად სადღაც სახლში, ჩვენ აქ აგვირევდა ცხოვრებას, რა მოჰყვებოდა ამ ჩვენს ესკალაციას, ვისი ტყვია გავარდებოდა, ვისი ტანკი დადგებოდა, ვისი სისხლი დაიღვრებოდა, ვინ ვის დაიტირებდა და ვინ ვისი დატირებული იქნებოდა, ეს უკვე იქნებოდა ისტორია, რომელზეც შეშფოთდებოდნენ, რაც კარგად იციან, ღრმა და ყოვლისმომცველი შეშფოთება. ასეთი რამ არ გვინახავს? 2008 წლის შემდეგ არ ვნახეთ ეს? არ ვნახეთ ხალხი, რომელმაც რამდენიმე თვეში გადატვირთა ურთიერთობა რუსეთთან და 2010 წლის 9 მაისს უკრაინის არმია იდგა წითელ მოედანზე და აღლუმს აბარებდა რუსეთის პრეზიდენტს ამერიკელი, ფრანგი, პოლონელი და ბრიტანელი სამხედროების გვერდიგვერდ?“, – განაცხადა პაპუაშვილმა. პაპუაშვილმა ასევე თქვა, რომ საქართველოს აქვს არამხოლოდ 30-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორია, არამედ აქვს საუკუნეების ისტორია ამ გეოპოლიტიკურ გარემოში და სინამდვილეში, არაფერი ახალი არ ხდება, არც პოლიტიკურად, არც გეოპოლიტიკურად და არც ისტორიულად, რადგან ჩვენ სულ ასე ვიყავით. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა იყო ამ დრომდე ხელისუფლების დუმილის მიზეზი, რადგან საზოგადოებისთვის მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა, შალვა პაპუაშვილმა კითხვითვე უპასუხა „ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით და არ ვიცი, რამდენი უნდა გვესაუბრა, დღეს რომ ვიტყვი, თქვენ გგონიათ, იმ ოპოზიციას, ან „ენჯეოებს“ გონება გაუნათდებათ და რამე შეიცვლება მათ დამოკიდებულებაში?“ როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ ადამიანებს ვერ გაუგიათ მთავარი რამ, რატომ არსებობს სახელმწიფოები, რატომ არსებობს ამ ქვეყნების სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. „რატომ ვართ ცალ-ცალკე, ვიყოთ მაშინ ერთი დიდი ოჯახი, რაღაც გლობალისტური. რატომ არის სახელმწიფოები? იმიტომ, რომ ყველას თავისი სპეციფიკური ინტერესები აქვს და ყველა ამ ინტერესებით მოქმედებს. როგორც კი შენს ინტერესებს გადააბიჯებ და ამავე დროს ფიქრობ, რომ სხვა შენი სიკეთისთვის მოქმედებს მხოლოდ და სხვისი ინტერესია შენი ქვეყნის ინტერესზე მაღლა, ან შტერი ხარ, ან მავნებელი. ასე რომ, აირჩიოს ახლა ამ ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“. სამი წლის წინ ისინი საქართველოს ხელისუფლებიდან ზუსტად ამ დღეებში ითხოვდნენ ამ ყველაფერს და 26 თებერვალს ბატონმა გონჩარენკომ გახსოვთ, როგორ მოგვიწოდა სოციალური ქსელიდან, მიდით, აიღეთ აფხაზეთი და ცხინვალიო, თან ქართულად და ვიღაცამ ხომ დაუწერა ეს ქართულად, რადგან გამართული ქართულით იყო და არა google translate-ით ნათარგმნი? ვიღაცამ ხომ დაუწერა და ქართულად რომ ამას წერ, მიდით ქართველებო, შედით ცხინვალში, აფხაზეთში, რუსეთი მარცხდება, ახლა არ აქვს ამის თავიო, 26 თებერვალს ხდება ეს და 26 თებერვალსვე ქალაბატონი ნინო ლომჯარია რომ აკეთებს განცხადებას და იქვე, აქციაზე ყველა რომ ამ პათოსს იზიარებს, ბობმების ცეცხლი გვირჩევნია იმ სირცხვილსო, სირცხვილს კი ეძახის იმას, ჩვენ რომ ორმხრივი სანქციების დაწესებაზე ვთქვით უარი, ეს ხალხი, რომელიც სამი წლის წინ ზუსტად ამ დღეებში ითხოვდა სანქციების დაწესებას, ქართველი ბიჭების გაგზავნას ომში, ამით ცის, საზღვრების ჩაკეტვას, ესკალაციას და ა.შ, ამისთვის მეორე კლასის გეოპოლიტიკის ცოდნაც კი არ არის საჭირო, რათა მიხვდე, რომ ეს იყო პირდაპირი ნაბიჯი ომში. აი, ამ ხალხმა ახლა პირდაპირ აირჩიონ, შტერები იყვნენ, თუ მავნებლები იყვნენ, როდესაც ამას ითხოვდნენ. გაიხსენონ ის დღეები და თქვან, იდგნენ თუ არა სამი წლის წინ ამ დღეებში პარლამენტის წინ და ითხოვდნენ თუ არა საქართველოს ომში ჩართვას იმით, რომ სანქციები დაგვეწესებინა, მებრძოლები გაგვეგზავნა და ა.შ“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინას არც ერთი ქვეყნისგან არ მოუთხოვია მეომრების გაგზავნა და როგორც კი რომელიღაც ქვეყნიდან რომელიმე მოხალისე წავიდა, აშშ-მა და ბრიტანეთმა საჯაროდ მოუწოდა ყველას, რომ არ წასულიყვნენ და მათ შორის, ზოგიერთი ქვეყანა დაემუქრა კიდეც პასუხისმგებლობით ადამიანებს, რომლებიც ომში მიიღებდნენ მონაწილეობას, ჩვენთან კი ითხოვდნენ, ეს ყველაფერი ხელისუფლების ორგანიზებით მომხდარიყო და პირდაპირი ბილეთი ჰქონდათ გამოწერილი ჩვენთვის, რომ ომში ჩავრთულიყავით.

ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვისაც დავალიანება ჩამოეწერა – დეტალები

მიხეილ დემეტრაშვილი ერთ-ერთია იმ 66 000-ზე მეტი ადამიანიდან, რომელმაც კოვიდპანდემიის დროს გაჩერებული ბიზნესის გამო, დაკისრებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება ვეღარ მოახერხა. მეწარმეს, საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში 450 000 ლარის დავალიანება გაუნულდა. მთავრობის ინიციატივა გადასახადის გადამხდელ ყველა ფიზიკურ პირს ეხება და იმ აღიარებული ფინანსური ვალდებულების განულებას ითვალისწინებს, რომელიც მათ 2021 წლის პირველ იანვრამდე დაეკისრათ. შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ საგადასახადო შეღავათი მოქალაქეებს დაეხმარება, ეკონომიკურ საქმიანობას ისევ დაუბრუნდნენ. ამ დრომდე, საგადასახადო ამნისტიით, ფიზიკურ პირებს, მათ შორის მეწარმეებს 425 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოეწერათ. დავალიანების ჩამოწერის შემდეგ, უქმდება ის იძულებითი ღონისძიებებიც, რაც მეწარმე სუბიექტებისთვის იპოთეკისა და ქონების დაყადაღებას ითვალისწინებს. საგადასახადო ადმინისტრირების მეთოდოლოგიის სამმართველოში იმ პროცედურებს განმარტავენ, რომლის გავლის შემდეგ შესაძლებელია დავალიანების განულება. აღიარებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის ინიციატივა, მთავრობას ეკუთვნის. საგადასახადო ამნისტიით სარგებლობა, შემოსავლების სამსახურში შესაბამისი განცხადების წარდგენის შემდეგ არის შესაძლებელი.  

VIDEO: რიგგარეშე არჩევნების ჩატარება დღის წესრიგში არ დგას, ეს არ არის „ქართული ოცნების“ ინტერესი… – გიორგი ვოლსკი

რიგგარეშე არჩევნების ჩატარება დღის წესრიგში არ დგას, ეს არ არის „ქართული ოცნების“ ინტერესი... - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ, გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. „მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი მოიმატებს იმ შემთხვევაში, თუ კი არჩევნებზე მიდგება საქმე და ადგილობრივი არჩევნები ამას დაგვანახებს, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება დღის წესრიგში არ დგას, ეს არ არის „ქართული ოცნების" ინტერესი იმიტომ, რომ ეს დესტაბილიზაციას შექმნის...“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.  

სალომე სამადაშვილი – არალეგიტიმურ პარლამენტში მასკარადია, მათ შორის კანონების სიტყვა-სიტყვით თარგმნა – არ მაინტერესებს რას მიიღებენ

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ სახალხო პროტესტი აწუხებს. „რეალურად, „ქართული ოცნება“ ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ვხედავთ, რომ ქვეყანაში სრული ეკონომიკური უპერსპექტივობაა. ეკონომიკა დამძიმდება, მათ არაფერი აქვთ ხალხისთვის შესათავაზებელი მთავარ გამოწვევაზე, რომელიც ყველა მოქალაქეს აწუხეს. ხალხი მთავრობას ირჩევს იმისთვის, რომ მათ ინტერესებს ემსახუროს. მთელი ის მასკარადი, რაც არალეგიტიმურ პარლამენტში ხდება, მათ შორის, უცხოური კანონების სიტყვა-სიტყვით თარგმნა, ვფიქრობ, რომ ამას ერთგვარი დატვირთვა აქვს, რომ შექმნან რაღაც დღის წესრიგი, რაზეც ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ. საერთოდ არ მაინტერესებს არალეგიტიმური პარლამენტი რას მიიღებს, რადგან არც მათ მიერ მიღებული კანონებია ლეგიტიმური, ეს არის ხალხის დაცინვა, პირველ რიგში, იმ ხალხის, ვინც მათ ხმა მისცა. „ქართულ ოცნებას“ არავინ ელაპარაკება, არც ოკეანის გაღმა დაუძახეს კონფერენციაზე. ეს ხალხი არის კეთროვანივით, რომელსაც ხელს არავინ კიდებს. არ შევალ იმის განხილვაში FARA ცუდი კანონია თუ კარგი. მე მაქვს კითხვა: დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი პროკურატურა და დამოუკიდებელი ინსტიტუციები, რომლებიც ნებისმიერ კანონის აღსრულებას უნდა უზრუნველყოფდნენ, არსებობს ამ ქვეყანაში? თუ არ არსებობს, როგორ შეიძლება რამე ანალოგიაზე ისაუბრო? ეს ყველაფერი არის სანახაობა, რეალურად მათ ძალიან აწუხებთ პროტესტი. „ქართულ ოცნებას“ სახალხო პროტესტი არ აწუხებდეს, ამ დრაკონულ ჯარიმებს რატომ მიიღებდნენ? ე.ი. აწუხებთ. თუ არ გაწუხებს, რატომ უნდა დააშინო, გააფთრებულად რატომ ცდილობ, რომ ქუჩაში არავინ გამოვიდეს. ხალხისთვის მაქვს სათქმელი: რაც მათ აღიზიანებთ, არ მოსწონთ ე.ი. ეს არის ბრძოლის სწორი გზა. ხვალ სხვადასხვა ლოკაციიდან იმართება მსვლელობები. „ლელო“ წარმოდგენილი იქნება მარჯანიშვილიდან გამართულ მარშში. იმედი მაქვს, ხვალ ბევრი მოქალაქე გამოვა და ხელისუფლებას ეტყვის, რომ არ ეშინია“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ოზურგეთის სოფელ კონჭკათში მამაკაცი დაიღუპა – არსებული ინფორმაციით, ის მეზობელს სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდაში ეხმარებოდა და ნგრევას ემსხვერპლა

გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მეზობელს სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც ბეტონის ფილა დაეცა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები. ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაღუპულია ადგილობრივი, შუახნის მამაკაცი, რომელიც მეზობლის დასახმარებლად გადავიდა და ნგრევას ემსხვერპლა.

ბოლო სიახლეები