ორშაბათი, თებერვალი 24, 2025

ელინა ვალტონენი – ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველ ხალხს სხვაგვარი ბედი სურს საკუთარი თავისთვის და არა ის, რაშიც ახლა მთავრობაა ჩართული

ჩვენ ვახდენთ მონიტორინგს და ვხედავთ გასული კვირების და თვეების განმავლობაში, რომ ქართველ ხალხს სხვაგვარი ბედი სურს საკუთარი თავისთვის და არა ის, რაშიც ახლა მთავრობაა ჩართული, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ეუთო-ში ძალზედ შეშფოთებულები არიან არსებული სიტუაციის გამო.

„ამას ვამბობ, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ჩვენ ძალზედ შეშფოთებულები ვართ არსებული სიტუაციის გამო. ეუთო/ოდირის ანგარიშმა მისცა კარგი ინიციატივა ქართველ ხალხს, რათა მოითხოვონ ახალი არჩევნები“, – განაცხადა ვალტონენმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – ომის დაწყებამდე საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ის პრინციპები იყო, რაზეც საუბარია იმ რეზოლუციის პროექტშიც, რომელიც აშშ-მა წარადგინა და რომლის თანაინიციატორიც...

დღეს ჩვენ უკვე გვესმის მტკიცებით ფორმაში იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ამ ომის მთავარი მხარდამჭერები იყვნენ და რომლებიც ამ მხრივ გვერდში ედგნენ უკრაინას, განსაკუთრებით აშშ-ის ადმინისტრაციას ვგულისხმობ, რომ ამ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან“ განაცხადა. მისი თქმით, ომის დაწყებამდე საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ის პრინციპები იყო გატარებული, რომლებზეც ბევრი საუბრობს. „დღეს გავიდა სამი წელი მას შემდეგ, რაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ფართომასშტაბიანი ომი ევროპის კონტინენტზე და ამ სამი წლისთავზე ჩვენ შეგვიძლია, ხელისუფლებას შეუძლია, თვალი გაუსწოროს საკუთარ მოსახლეობას და თქვას, რომ ჩვენ ვიყავით ერთგული ჩვენი პრინციპების, ჩვენი ღირებულებების და რაც მთავარია, ამოსავალი მიზნისა, რასაც ჰქვია, ეროვნული ინტერესების დაცვა. რასაც დღეს, ამ დღეებში ჩვენ ვაკვირდებით, პრინციპში ბევრ რამეში ემთხვევა იმ პოზიციას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას თავიდანვე ჰქონდა. მე შეგახსენებთ, საზოგადოებასაც შევახსენებ, რომ 2022 წლის პირველ თებერვალს, ომის დაწყებამდე სამი კვირით ადრე საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ზუსტად ის პრინციპები იყო გატარებული, რასაც დღეს საუბრობს უკვე ბევრი, საუბრობს განსაკუთრებით აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია და რაზეც იყო საუბარი იმ რეზოლუციის პროექტში, რომელიც აშშ-მა წარადგინა და რომლის თანაინიციატორიც ვიყავით ჩვენ, ისრაელთან, უნგრეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. „რა იყო მთავარი 2022 წლის პირველ თებერვალს ჩვენ მიერ მიღებულ რეზოლუციაში. ეს იყო მოწოდება, რომ ყველა სახელმწიფოს ძალისხმევა არ დაეშურებინა, რათა თავიდან აგვერიდებინა ომი. დღეს ჩვენ უკვე გვესმის მტკიცებით ფორმაში იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ამ ომის მთავარი მხარდამჭერები იყვნენ და რომლებიც ამ მხრივ გვერდში ედგნენ უკრაინას, განსაკუთრებით აშშ-ის ადმინისტრაციას ვგულისხმობ, რომ ამ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა. ზუსტად ეს იყო მაშინ ჩვენი მოწოდება, რომ ყველას გაეკეთებინა ყველაფერი თავიდან ასარიდებლად. მაშინ გვახსოვს ჩვენ, გარეთ რა ხდებოდა, რომ ასე ვთქვათ, ყველა მოწოდებული იყო, რომ რაც შეიძლება, აგრესიული ყოფილიყო რიტორიკაში, მათ შორის, რუსეთთან მიმართებით ყოფილიყო რაც შეიძლება, აგრესიული. ამასთან უნისონში მოქმედებდა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“, რომლებიც მაშინ ამ რეზოლუციას ზუსტად ამის გამო იწუნებდნენ, რომ არ იყო საკმარისად აგრესიული, ასე ვთქვათ, შემტევი და ყველაფრის დამგმობი და ა.შ. აი, სამი წლის თავზე ჩვენ ვხედავთ, სად ვიმყოფებით და ჩვენ ამას მაშინვე ვამბობდით იმიტომ, რომ ეს არ იყო უბრალოდ თეორიები ჩვენთვის, როგორც ეს ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყნისთვის იყო“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ევროკავშირის ბევრი წევრისთვის შოკი იყო 2022 წლის 24 თებერვალი, როდესაც მათ შორიახლოს გაისმა ბომბების ხმები. „ეს ჩვენთვის ამ მხრივ, სამწუხაროდ, შოკი არ იყო, ვინაიდან ჩვენ ეს თავად გვქონდა გამოცდილი. ჩვენ გვაქვს ჩვენ თვითონ გამოვლილი ის უბედურება, რაც უკრაინელ ხალხს გადახდა თავს და ვიცით არამხოლოდ ის, თუ რა მოაქვს ომს. არამედ ისიც ვიცით, როგორ სრულდება ასეთი ომები. როდესაც აქლემები ჩხუბობენ, კოზაკი იჭყლიტება და ჩვენც მოვყევით რამდენჯერმე ასეთ გეოპოლიტიკურ პერიპეტიებში. ჩვენ გვახსოვს, რომ 2008 წლის ომი სულ რამდენიმე თვის დამთავრებული იყო, 2009 წლის მარტში გვახსოვს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მიერ ლავროვისთვის გაწვდილი გადატვირთვის წითელი ღილაკი; რამდენიმე თვე გავიდა ამის შემდეგ და გვახსოვს 2010 წლის 9 მაისს წითელ მოედანზე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, პოლონეთის და თქვენ წარმოიდგინეთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები როგორ აბარებდნენ აღლუმს რუსეთის პრეზიდენტს. მაშინ, როდესაც საქართველოში ომი სულ რამდენიმე თვის დასრულებული იყო. სწორედ ამიტომ ვეუბნებოდით ჩვენ მაშინ ჩვენს უკრაინელ მეგობრებსაც, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ნანახი გვაქვს, არაერთხელ გვაქვს ნანახი. ვიცით, რას ნიშნავს ბომბების ცეცხლი, რომელსაც „ენჯეოს“ ბევრი წარმომადგენელი და ოპოზიცია ითხოვდა მაშინ, რომ ერჩივნათ ბომბების ცეცხლი. ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ბომბების ცეცხლი და ისიც ვიცით, როგორ სრულდება ეს ყველაფერი. ჩვენ ვხედავთ, ახლა უკვე მიდის სხვადასხვა პირობებზე საუბარი ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ვხედავთ ევროკავშირის იმ დედაქალაქების წარმომადგენლებს, რომლებსაც ყიჟინა ჰქონდათ გამართული, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს, პოსტსაბჭოთა ხელისუფლებების წარმომადგენლებს, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, მაგრები არიან წაქეზებაში და ძალიან სუსტები არიან, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება და მათი გასაკეთებელია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სერიოზული მოლაპარაკებები მაქვს პუტინთან ომის დასრულებასა და მსხვილ პროექტებთან დაკავშირებით – დონალდ ტრამპი

სერიოზული მოლაპარაკებები მაქვს ვლადიმერ პუტინთან ომის დასრულებასა და ეკონომიკური განვითარების მსხვილ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც განხორციელდება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიდის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. ტრამპი დღეს გამართულ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრას ეხმაურება. მისი თქმით, შეხვედრაზე ყველამ გამოხატა სურვილი, რომ ნახონ უკრაინაში ომის დასასრული. „დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შემომიერთდა ოვალურ კაბინეტში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე სასაუბროდ. შეხვედრა მოიწვია „დიდი შვიდეულის“ ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, კანადის გუბერნატორმა, ჯასტინ ტრუდომ, რუსეთ-უკრაინის ომის მესამე წლისთავზე, რომელიც, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, არასოდეს დაიწყებოდა. ყველამ გამოხატა სურვილი, რომ ნახონ ამ ომის დასასრული. მე ხაზგასმით ვისაუბრე შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის „წიაღისეულის შეთანხმების“ მნიშვნელობის შესახებ, რომელიც, ვიმედოვნებთ, ძალიან მალე გაფორმდება! ეს გარიგება, რომელიც არის „ეკონომიკური პარტნიორობა“, უზრუნველყოფს, რომ ამერიკელი ხალხი დაიბრუნებს უკრაინაში გაგზავნილ ათობით მილიარდ დოლარს და სამხედრო აღჭურვილობას. ამავდროულად, დაეხმარება უკრაინის ეკონომიკას ზრდაში, რადგან ეს სასტიკი ომი დასასრულისკენ მიდის. ამავდროულად, მე სერიოზული მოლაპარაკებები მაქვს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ომის დასრულებასა და, ასევე, ეკონომიკური განვითარების მსხვილ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც განხორციელდება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიდის!“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ორმა ანალიტიკურმა პორტალმა „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ გიორგი მიქაუტაძე „ლიონის“ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლიგა 1-ის 23-ე ტურში ერთმანეთს გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ და ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ შეხვდნენ. მატჩი პარიზელებმა 3:2 მოიგეს. ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ორივე გუნდის რიგებში კვარაცხელია დაასახელა, ხოლო ორი ანალიტიკური პორტალის მიხედვით, „ლიონის“ რიგებში ყველაზე მაღალი შეფასება მიქაუტაძემ დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მოედანზე მხოლოდ მატჩის ბოლოს, მე-80 წუთზე შეუშვა. მიუხედავად ამისა, სწორედ მისი შესანიშნავი მოქმედებების შემდეგ „ლიონს“ შეხვედრის გადარჩენის შანსი მიეცა. გიორგიმ შესვლისთანავე საგოლე გადაცემა შეასრულა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. შემდეგ სამჯერ სცადა კარის აღება და მის შეჩერებას ვერ ახერხებდნენ.  Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 7.8 ქულა დაუწერა, ხოლო Flashscore-მა – 7.4 ქულა.

თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი – ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას

ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, – ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ ეთერში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა განაცხადა. „ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. მე ვერ ვხედავ, რომ შეერთებულ შტატებს სურდეს, უკრაინა გაწევრიანდეს ნატო-ში და შემდეგ ამერიკელი სამხედროები იყვნენ ვალდებულები, მეხუთე მუხლის ფარგლებში წავიდნენ პირდაპირ უკრაინის დასაცავად“, – განაცხადა მაიკ უოლცმა. ამასთან, უოლცმა განაცხადა, რომ აშშ აბსოლუტურად ერთგულია ნატო-სადმი და ნატო-ს წევრებთან შეთანხმების მეხუთე მუხლთან დაკავშირებით, თუმცა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები არის „სხვა საუბარი“. როგორც უოლცმა აღნიშნა, აშშ სრულად დაუჭერს მხარს, თუ საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო უზრუნველყოფენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, რადგან საქმე ეხება ევროპის უსაფრთხოებას.

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ შეიძლება, უკრაინა 2030 წლამდეც გაწევრიანდეს ევროკავშირში, თუ გააგრძელებს იმავე სისწრაფითა და ხარისხით მუშაობას

„ბიბისის“ ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ჰკითხეს, როდის შეიძლება, მისცენ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების უფლება. ფონ დერ ლაიენის თქმით, გაწევრიანების პროცესი „დამსახურებებზეა დაფუძნებული“ და გაწევრიანება სასარგებლო უნდა იყოს როგორც გაწევრიანების მსურველი ქვეყნისთვის, ისე ევროკავშირისთვისაც. ევროკომისიის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ევროკავშირი თავს იკავებს ზუსტი თარიღის დასახელებისგან, როდის შეიძლება, უკრაინა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რადგანაც ასეთ შემთხვევაში გაწევრიანების თარიღის დასახელება, შესაძლოა, სხვა კანდიდატმა ქვეყნებმაც მოითხოვონ. ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინა კარგად მუშაობს და შეიძლება „2030 წლამდეც გაწევრიანდეს ევროკავშირში“, თუ ქვეყანა გააგრძელებს „იმავე სისწრაფითა და იმავე ხარისხით მუშაობას“.

ბოლო სიახლეები