უკრაინაში ყოველი მეხუთე ბავშვი ამბობს, რომ ომის ესკალაციის შემდეგ, ოჯახის ახლო წევრი ან მეგობარი დაკარგა. გაერო-ს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) აღნიშნავს, რომ „ომმა სიკვდილი და ნგრევა უკრაინელი ბავშვების ცხოვრების განუყრელ ნაწილად აქცია“.
21 თებერვალს გამოქვეყნებულ იუნისეფის ანგარიშში ნათქვამია: „2024 წელს უკრაინის ომში მოკლული ბავშვების რაოდენობა, 2023 წელთან შედარებით, 50 პროცენტზე მეტით გაიზარდა. 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, საერთო ჯამში, 2520-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა“.
უკრაინაში ომის მესამე წელი ბავშვებისთვის კიდევ უფრო მომაკვდინებელი გახდა, ვიდრე წინა ორი წელი იყო.
თუმცა, გაერო-ს ბავშვთა ფონდის შეფასებით, რეალური მაჩვენებელი უფრო მაღალია, „რადგან ანგარიშში შესულ მონაცემებში მხოლოდ გაერო-ს მიერ დადასტურებული დაღუპული ბავშვების სტატისტიკაა ასახული“.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში, 1600-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება და თითქმის 790 სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა“, – ნათქვამია დოკუმენტში.
უკრაინის ომმა ბავშვებსა და მოზარდებს შორის სერიოზული დანაკარგები და გაჭირვება გამოიწვია, რამაც მათ განვითარებასა და კეთილდღეობაზე უდიდესი უარყოფითი გავლება მოახდინა.
„სამი წლის პერიოდში მიღებული ცხოვრებისეული გამოცდილება ღრმა კვალს ამჩნევს ბავშვების ჯანმრთელობასა და სწავლას, მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში. უკრაინაში კი ბავშვებს ამ სამი წლის მანძილზე მხოლოდ ომი უნახავთ. მშობლები აღნიშნავენ, რომ მათი შვილები თავს გამოფიტულად გრძნობენ როგორც ფიზიკურად,ისე ემოციურად, რაც ოჯახურ ცხოვრებაზეც აისახება“, – წერს იუნისეფი.
გარდა ამისა, სამწლიანი ომის შედეგად, დაზიანდა ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის აუცილებელი ძირითადი სერვისები. ამიტომ, უკრაინაში მოზარდობის ასაკი განსაკუთრებით მძიმე პერიოდია.
იზოლაცია ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუარესებს
„როგორც მოზარდების თითქმის მესამედმა განაცხადა, თავს ისე სევდიანად ან უიმედოდ გრძნობნენ, რომ ჩვეული აქტივობები შეწყვიტეს. ასეთი განწყობები უფრო ხშირად გოგონებში ფიქსირდება“, – ნათქვამია მოხსენებაში.
უკრაინაში ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს იზოლაცია ამძიმებს.
ბევრი ბავშვი საათობით იმყოფება სარდაფებსა და თავშესაფრებში, რის გამოც კომუნიკაციისა და სწავლის შესაძლებლობას კარგავს. ბავშვების დაახლოებით 40% მხოლოდ დისტანციურად სწავლობს ან ესწრება როგორც ღია, ასევე დისტანციურ გაკვეთილებს.
იუნისეფის შეფასებით, „ომმი მოზარდების ცოდნაზე ძალიან უარყოფითი გავლენა მოახდინა: კითხვის უნარ-ჩვევებში ბავშვები საშუალოდ ორი წლით, მათემატიკის უნარ-ჩვევებში კი ერთი წლით ჩამორჩნენ“.
გაერო-ს ბავშვთა ფონდი უკრაინელ პარტნიორებთან მუშაობს „ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარების უზრუნველსაყოფად, რაც გულისხმობს ჯანდაცვის, სუფთა წყლის, ფულადი დახმარების, განათლებისა და ბავშვთა დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას ფრონტის წინა ხაზთან ახლოს მდებარე რეგიონებში“.
ამ მიზნით, „მან შეაკეთა და აღადგინა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელები, ასევე უზრუნველყო ბავშვებიანი ოჯახების წვდომა საწვავზე და ტანსაცმელზე, რათა მძიმე ზამთრის პირობებში, მათ გათბობის საშუალება ჰქონოდათ“.
ამავდროულად, იუნისეფი მუშაობს ვლადიმირ ზელენსკის მთავრობასთან, რათა „მხარი დაუჭიროს ქვეყნის გრძელვადიან აღდგენას და განვითარებას სოციალური ერთობის შენარჩუნებით, ბავშვებისა და მათი ოჯახების მომსახურების სისტემების გაძლიერებით, ასევე ბავშვების სოციალური დაცვის უზრუნველყოფით და მათთვის ჯანდაცვისა და განათლების დროული და ხარისხიანი სერვისების მიწოდებით“.
6.8 მილიონზე მეტი დევნილი
ამჟამად მსოფლიოში რეგისტრირებულია 6,86 მილიონი უკრაინელი დევნილი, რომელთაგან თითქმის მილიონი პოლონეთში ცხოვრობს.
პორტუგალიაში 46 823 უკრაინელი დევნილია, რომელთაგან 19 პროცენტი (10 393 პირი) არასრულწლოვანია.
დევნილი ბავშვებისთვის სწავლასთან ხელმისაწვდომობა გამოწვევად რჩება, რადგან სასკოლო ასაკის დევნილთა ნახევარი ჩარიცხული არ არის მიმღები ქვეყნების ეროვნული განათლების სისტემებში, რაც გავლენას ახდენს მათ შესაძლებლობაზე, ისწავლონ და ურთიერთობა ჰქონდეთ თანატოლებთან, ასევე განავითარონ ის ძირითადი უნარები, რომლებიც საკვანძო იქნება ომის შემდგომ უკრაინის აღდგენისთვის.
ძალადობა შიშსა და ტანჯვას იწვევს
„სიკვდილი და ნგრევა, ძალიან დიდი ხანია, უკრაინელი ბავშვების ცხოვრებაში მუდმივ რეალობად იქცა“, – განაცხადა იუნისეფის აღმასრულებელმა დირექტორმა, კეტრინ რასელმა.
„ძალადობის ასეთი მაღალი დონე უზარმაზარ შიშსა და ტანჯვას იწვევს და ბავშვის ცხოვრების ყველა ასპექტს არღვევს“, – აღნიშნა მან.
კეტრინ რასელის თქმით, „ბავშვები ყოველთვის უნდა იყვნენ დაცული ომის შედეგებისგან, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად“.
„უკრაინელ ბავშვებს, ყველაზე მეტად, მდგრადი მშვიდობა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობა სჭირდებათ “, – დასძინა იუნისეფის აღმასრულებელმა დირექტორმა.