ორშაბათი, თებერვალი 24, 2025

რა თქვა მეუფე შიომ დღევანდელ ქადაგებაში

„მხოლოდ ისინი ხდებიან საუკუნო ნეტარების ღირსნი, ვინც მიწიურ ცხოვრებაში იჩენდა მოწყალებას მოყვასთა მიმართ“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ხორციელის კვირას, საშინელი სამსჯავროს ხსენების დღეს იქადაგა სამების ტაძარში.

შიო მუჯირის თქმით, მოწყალება არის ნაყოფი იმ თავგანწირული სიყვარულისა, რომელიც საფუძვლად უნდა ედოს ყოველი ქრისტიანის ცხოვრებას.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირას, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

გვიახლოვდება დიდი მარხვა და ამიტომ წმინდა ეკლესია, რომელიც გვამზადებს მარხვისთვის და მოგვიწოდებს ღვთივსათნო ცხოვრებისკენ, დღეს გვიკითხავს იგავს სახარებიდან საშინელი სამსჯავროს შესახებ. ეს სამსჯავრო იქნება საშინელი, ვინაიდან მსაჯული არის ყოვლისმცოდნე ღმერთი, რომელიც აღწევს ადამიანის სულის სიღრმემდე და მისგან არ დაიფარება ჩვენ მიერ ჩადენილი არცერთი საქმე, არცერთი წარმოთქმული სიტყვა, საიდუმლო აზრი თუ გრძნობა. ეს ყველაფერი გამოაშკარავდება საშინელ სამსჯავროზე, ცხადი გახდება ანგელოზებისა და ადამიანების წინაშე. წარმოიდგინეთ, როგორი სირცხვილი დაგვეუფლება, რა შიში და ძრწოლა შეგვიპყრობს უკანასკნელი განაჩენის მოლოდინში! მაშინ ეტყვის უფალი მის მარჯვნივ მყოფებს: „მოდით, კურთხეულნო ჩემი მამისა, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან“ (მთ. 25,34). ასევე ეტყვის მათ, ვინც მისგან მარცხნივ არის: „წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისთვის და მისი ანგელოზებისთვის“ (მთ. 25,41). და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართლები – მარადიულ სიცოცხლეში, მარადიულ ნეტარებაში. აი, ასე დასრულდება კაცობრიობის ისტორია სახარების მიხედვით.

როგორც ხედავთ, ამ იგავში თითქოს დავიწყებულია ადამიანთა სხვა საქმეები და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოწყალებას. მხოლოდ ისინი ხდებიან საუკუნო ნეტარების ღირსნი, ვინც მიწიურ ცხოვრებაში იჩენდა მოწყალებას მოყვასთა მიმართ. ეს ბუნებრივი და სამართლიანია, რადგან მოწყალება არის კეთილი ნაყოფი ადამიანის ზნეობრივი ცხოვრებისა. მოწყალება არის ნაყოფი იმ თავგანწირული სიყვარულისა, რომელიც საფუძვლად უნდა ედოს ყოველი ქრისტიანის ცხოვრებას. ამიტომ არცერთი სათნოება ისე არ ფასობს, როგორც მოწყალება. უფალი ხარობს, როდესაც გული შეგვტკივა გლახაკთა და ღარიბთა გასაჭირის გამო, როდესაც ვიჩენთ თანაგრძნობას, თანალმობას სხვათა უბედურების ჟამს და მწუხარების დროს.

„წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი“ (მთ. 9,13), – ეუბნება უფალი ამპარტავან ფარისევლებს. „ნეტარ არიან მოწყალენი, რამეთუ ისინი შეწყალებულნი იქნებიან“ (მთ. 5,7), – ამბობს უფალი მთაზე წარმოთქმულ ქადაგებაში. ამ იგავიდან ზოგიერთი არასწორ დასკვნას აკეთებს, ვინაიდან აქ მარტო მოწყალებაზეა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული, ასე ფიქრობენ, რომ ქველმოქმედება და ამ იგავში ჩამოთვლილი საქმეები საკმარისია იმისთვის, რომ გავმართლდეთ საშინელ სამსჯავროზე და იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვის როგორ სწამს, რამდენად სწორად აღიარებს დოგმატებს, ეკლესიის სწავლებას და ა.შ. ამას შესანიშნავ პასუხს სცემს წმინდა იოანე ოქროპირი. ის ამბობს, რომ როგორც რწმენა მკვდარია საქმეების გარეშე, ასევე საქმეებიც მკვდარია რწმენის გარეშე. თუ შენ მართებულად აღიარებ დოგმატებს, მაგრამ არ ზრუნავ კეთილ საქმეებსა და შენს ცხოვრებაზე, ეს დოგმატები სარგებელს არ მოგიტანს; და პირიქით, თუ ზრუნავ კეთილი საქმეების კეთებაზე, მოწყალებაზე, მაგრამ მოიკოჭლებ დოგმატებში და უგულებელყოფ მათ, ესეც არავითარ სარგებელს არ მოგიტანს.

ამიტომ აუცილებელია, ჩვენი სულიერი სახლი ორივე მხრივ იყოს მყარი. უფალი ამბობს: „ვინც მოისმენს ჩემს სიტყვებს და შეასრულებს, იმას ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც თავისი სახლი ააშენა კლდეზე. ეკვეთნენ მას ქარები მაგრამ, ვერაფერი უქნეს“ (მთ. 7, 24-25). ხედავთ, როგორ უნდა უფალს, რომ ჩვენი სულიერი ცხოვრება ყოველმხრივ გამართული იყოს?! სიტყვაც ვისმინოთ, შევითვისოთ და საქმეებიც აღვასრულოთ, ხოლო ვინც მხოლოდ ერთ მხარეს აქცევს ყურადღებას და მეორეს უგულებელყოფს, იმაზე რას ამბობს უფალი? „ვამსგავსო კაცსა უგუნურსა, რომელმაც თავისი სახლი ააშენა ქვიშაზე. ეკვეთა მას ქარიშხალი და მაშინვე წაიქცა“ (მთ. 7,26-27). აი, რა მნიშვნელობა აქვს ორივე მხრივ ჩვენს სულიერ ცხოვრებას, ღვთის სიტყვას და ეკლესიის სწავლებას, რომელიც ეფუძნება ღვთის სიტყვას. უფალი ამბობს: “ვინც… არ იწყნარებს ჩემს სიტყვებს, ჰყავს განმკითხველი. სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს” (ინ. 12, 47-48).

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, მოვემზადოთ და ვიფხიზლოთ. ვეცადოთ, რომ ღვთის სიტყვაც შევიმეცნოთ და შევითვისოთ და საქმითაც აღვასრულოთ ის. თუ ასე მოვაწყობთ ჩვენს ცხოვრებას, მაშინ ამ მიწიურ ცხოვრებასაც გავივლით უსაფრთხოდ და მარადიული ცხოვრებისთვისაც მოვიმზადებთ დიდ კადნიერებას, რისი ღირსიც გაგვხადოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თვისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, რამეთუ მას მხოლოსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“, – ნათქვამია შიო მუჯირის ქადაგებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ არ შექმნის კოალიციას ულტრამემარჯვენე პარტიასთან „ალტერნატივა გერმანიისთვის“

კონსერვატიული ბლოკის, „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მისი ბლოკი არ შექმნის კოალიციას ულტრამემარჯვენე პარტიასთან „ალტერნატივა გერმანიისთვის“. ამის შესახებ მერცმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა. „ჩვენ ეს არჩევნები ძალიან ნათლად მოვიგეთ. მე მიზნად დავისახავ, შევქმნა მთავრობა, რომელიც წარმოადგენს მთელ ქვეყანას და რომელიც გადაჭრის ქვეყნის პრობლემებს. არ არის საიდუმლო, რომ მირჩევნია მხოლოდ ერთი კოალიციური პარტნიორი. ჩვენ ეს ვთქვით არჩევნებამდე და ხალხმა, ვინც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მისცა ხმა, ეს იცოდა“, – თქვა მერცმა. შეგახსენებთ, რომ, ეგზიტპოლის ბოლო მონაცემებით, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან-სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს 28,6 პროცენტით. ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეორე ადგილზეა 20,4 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) კი 16,3 პროცენტი აქვს. გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის მემარცხენე-ლიბერალურმა, „კავშირი-90“/„მწვანეებმა“ 12,3 პროცენტი მიიღეს. „მემარცხენე პარტია“ 8,5 პროცენტს აგროვებს, მემარცხენე-პოპულისტური „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ (BSW) – 4.9 პროცენტს, ხოლო ლიბერალური „თავისუფალი დემოკრატიული პარტია“ (FDP) – 4.7 პროცენტს.

რა მდგომარეობაა დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გზებზე – განახლებული ინფორმაცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი - საჩხერე - ჭიათურა - ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გიორგი ვოლსკი „სამშობლოს ღალატის“ მუხლზე: ეს საკითხი გაცილებით უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანია. ეს მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დრამატული პროცესები განვითარდა საქართველოში

ეს საკითხი გაცილებით უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანია. ეს მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დრამატული პროცესები განვითარდა საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, სისხლის სამართლის კოდექსიდან „სამშობლოს ღალატის“ მუხლის ამოღებაზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“. „როდესაც ომის წინა პერიოდში მან ინტენსიური კონსულტაციები გამართა მაკკეინის გუნდთან, რომელიც იყო პრეზიდენტობის ერთ-ერთი პრეტენდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დღევანდელი გადმოსახედიდან მე ვფიქრობ, რომ სწორედ მაშინ დაიგეგმა ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ინტერესებში არ შეიძლება, ყოფილიყო. სააკაშვილმა შეცვალა თავისი პოზიცია, დაშალა მოლაპარაკების ფორმატები და გადავიდა ისეთ ქმედებაზე, რომელიც აშკარა იყო, რომ დამთავრდებოდა რუსეთის შემოჭრით, აშკარა იყო, რომ რუსეთი დაიპყრობდა იმ ტერიტორიებს, რომელიც დღეს მას აქვს ხელში ჩაგდებული, მაგრამ არავინ არ მოელოდა იმას, რომ სააკაშვილი ხელს მოაწერდა დოკუმენტს, სადაც იქნებოდა ნათქვამი, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ბრალია. როგორ შეიძლება, ასეთი ვითარებაში არ გქონდეს მუხლი, რომელიც წინასწარ განზრახვით იყო ამოღებული საკანონმდებლო სივრციდან. რადგან ზუსტად იცის მანაც და ყველამ, ვინც ამაში მონაწილეობას იღებდა, ვინც იმ რეზოლუციას აწერდა ხელს, სადაც საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება, ჯარისკაცები კინაღამ საერთაშორისო ტრიბუნალისკენ გაამგზავრეს. რასაკვირველია, ეს ყველაფერი არის ის, რასაც სამშობლოს ღალატი შეიძლება ეწოდოს. კანონი უნდა არსებობდეს და უნდა იყოს მტკიცე დამადასტურებელი ფაქტები იმისთვის, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დონალდ ტრამპი – როგორც ჩანს, კონსერვატიულმა პარტიამ გერმანიაში მოიგო მნიშვნელოვანი არჩევნები, დიდი დღეა გერმანიისა და აშშ-ისთვის, ვულოცავ ყველას, კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გერმანიის არჩევნებს ეხმაურება. „როგორც ჩანს, კონსერვატიულმა პარტიამ გერმანიაში მოიგო ძალიან მნიშვნელოვანი და მეტად მოსალოდნელი არჩევნები. ამერიკის მსგავსად, გერმანიის ხალხი დაიღალა უაზრო დღის წესრიგით, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და იმიგრაციის საკითხებში, რომელიც წლების განმავლობაში დომინირებდა. ეს არის დიდი დღე გერმანიისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით. ვულოცავ ყველას, კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება!!!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ, ეგზიტპოლის ბოლო მონაცემებით, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს 28,6 პროცენტით. ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეორე ადგილზეა 20,4 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) კი 16,3 პროცენტი აქვს. გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის მემარცხენე-ლიბერალურმა, „კავშირი-90“/„მწვანეებმა“ 12,3 პროცენტი მიიღეს. „მემარცხენე პარტია“ 8,5 პროცენტს აგროვებს, მემარცხენე-პოპულისტური „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ (BSW) – 4.9 პროცენტს, ხოლო ლიბერალური „თავისუფალი დემოკრატიული პარტია“ (FDP) – 4.7 პროცენტს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. "ვეხმიანებით ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს 23 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა, გიორგი პაპაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ განხორციელებული შეწყალების აქტის შედეგად დატოვა საპატიმრო. გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და პირდაპირ ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და პრეზიდენტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. მოვუწოდებთ აღნიშნულ ტელეკომპანიას, გამოასწორონ შეცდომა და თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ბოლო სიახლეები