კვირა, თებერვალი 23, 2025

ილონ მასკი სიცრუეს უწოდებს „როიტერის“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს, რათა წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის სიცრუეს უწოდებს „როიტერის“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმების იძულების მიზნით, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს.

„ეს სიცრუეა. „როიტერი” იტყუება. „ესოშიეითიდ პრესის” (ასოცირებული პროპაგანდის) შემდეგ მეორე ადგილზე არიან, დიდი ხნის განმავლობაში ტყუილი ახალი ამბების გავრცელების კუთხით“, – წერს ილონ მასკი.

„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს, რათა წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს. აშშ-ის მომლაპარაკებლები ზეწოლას ახდენენ კიევზე, რომ წვდომა მიიღონ კრიტიკული მნიშვნელობის წიაღისეულზე. როგორც სააგენტო წერს, ილონ მასკის კუთვნილი „სტარლინკის“ ინტერნეტის საკითხი მოლაპარაკებებში მას შემდეგ დაისვა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა თავდაპირველ შეთავაზებაზე, რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარატამენტის მდივანმა, სკოტ ბესენტმა წარუდგინა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კახა კალაძე – პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდების ხსოვნას, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას

პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდების ხსოვნას, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. „ქართველი იუნკრების გმირობა კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ ქართველი ერი არასდროს შეურიგდება ოკუპაციას, არასდროს დათმობს თავისუფლებას. მარადიული ხსოვნა იყოს 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული იუნკრების!“,- აღნიშნავს კახა კალაძე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან ერთად პარლამენტში იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიება.

ჩვენ რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც ოპოზიცია და „ენჯეოები“ გვეუბნებოდნენ, ომგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით, ვისი ტანკი იდგებოდა, ვისი ტყვია გაისვრიდა, არავის ეცოდინებოდა – შალვა პაპუაშვილი

ოპოზიციას ჩვენ არ ვყოფნით და ახლა ამერიკის ხელისუფლების კრიტიკაზე გადავიდა, გასაგებია. ჩვენს მაგალითზე ვიცით, რისკენ მოგვიწოდებდნენ ისინი ზუსტად სამი წლის წინ, ესკალაციისკენ, სანქციებისკენ, ცის ჩაკეტვისკენ, საზღვრების დაკეტვისკენ,. ამის ბოლოში რომ იყო გარანტირებულად ეკონომიკური კოლაფსი და უმაღლესი ალბათობით იყო სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან, ამას არ უნდა დიდი გეოპოლიტიკის ცოდნა, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, მმართველი პარტია რომ მოქცეულიყო ისე, როგორც ამას ოპონენტების ნაწილი მოუწოდებდა, ახლა ქვეყანაში რთული მდგომარეობა იქნებოდა. „გავიხსენოთ, ვინ როგორ იქცეოდა, რას აკეთებდა ოპოზიცია. ნახევარი იდგა აეროპორტში და უკრაინიდან გამოგზავნილ თვითმფრინავებს ელოდებოდა, მოხალისეები უნდა გავაგზავნოთ აქედან სახელმწიფოს სახელითო. მეორე ნახევარი იდგა რუსთაველზე, მათთან ერთად იდგნენ „ენჯეოს“ წარმომადგენლები და ზუსტად ამ დღეებში ამბობდნენ, რომ ბომბების ცეცხლი გვირჩევნია იმ სირცხვილის წვასო. ამას გვეუბნებოდნენ „ენჯეოები“ და ოპოზიცია. ჩვენ რომ მაშინ მოვქცეულიყავით ისე, როგორც ოპოზიცია, „ენჯეოები“ და ოპოზიციის ამომრჩეველი მიგვიწოდებდა, საქართველო ეკონომიკურად ჩამოიშლებოდა და ახლა ვიქნებოდით ომგამოვლილი ქვეყანა. რა ტიპის ქვეყანა ვიქნებოდით, ვისი ტანკი იდგებოდა და ვისი ტყვია გაისვრიდა ამ ქვეყანაში, არავის ეცოდინებოდა. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ იმ აჟიოტაჟს, რომელსაც ყოველ ჯერზე ტეხდნენ, არ ავყევით, შევძელით დღეს ვიყოთ ლიდერი ეკონომიკური განვითარების ტემპით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – ვხედავთ, როგორი უსუსურები აღმოჩნდნენ მთავრობები, რომლებიც უკრაინას აქეზებდნენ, მოლაპარაკებებზე თავისი ადგილი ვერ იპოვეს, რაშიც მაგრები ყოფილან, სხვისი წაქეზებაა

ვფიქრობ, ბრიუსელს დღეს უფრო მეტი საფიქრალი უნდა ჰქონდეს, ვიდრე იმ ცრუ ნარატივებზე მსჯელობა, რომელიც თავად ბრიუსელიდან მოდის ხოლმე ქართველი ხალხის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბრიუსელი უნდა დაკავდეს უკრაინის მხარდაჭერით, რადგან უკრაინელი ხალხის წინაშე ევროკავშირის ყველა დედაქალაქი ვალშია. „ვხედავთ, როგორი უსუსურები აღმოჩნდნენ ის მთავრობები, რომლებიც აქამდე უკრაინას აქეზებდნენ, ეუბნებოდნენ, ბოლომდე თქვენთან ვართო, როგორ ბოლომდეც არიან, გამოჩნდა. ამიტომ, ერთ რამეს ვისურვებდი, ნაცვლად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ცრუ ნარატივების გავრცელებისა, დემოკრატიის და ხალხის ნების უარყოფისა, დაკავდნენ იმ საკითხით, რომელიც სინამდვილეში ზუსტად მათი საფიქრალია. უკრაინელი ხალხის წინაშე ევროკავშირის ყველა დედაქალაქი ვალშია. ამ ვალს გადახდა უნდა. ხომ ხედავთ, როგორ ვითარდება მოვლენები. საუბარია სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და იქ თავისი ადგილი ვერ უპოვიათ ევროკავშირის დედაქალაქების წარმომადგენლებს. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი, რაშიც მაგრები ყოფილან, ესაა სხვისი წაქეზება, საქმე საქმეზე რომ მიდგება, აღმოჩნდება, რომ ზურგის გამაგრება არ შეუძლიათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სწორედ ეს ხალხი აქეზებდა საქართველოს რუსეთთან სიტუაციის ესკალაციაზე წასულიყო. „შეგახსენებთ, იგივე ხალხი გვაქეზებდა, რომ ესკალაციაზე წავსულიყავით რუსეთთან. ეს ხდებოდა ჯერ დახურულ კარს მიღმა და შემდეგ ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც აისახა. სად ვიქნებოდით?! სად იქნებოდნენ ამ ხელისუფლებების წარმომადგენლები, რა გვექნებოდა, „ტვიტერზე“ განცხადება? როგორც ეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა გააკეთა?! X-ზე დადებული პოსტი არის ჩვენ სანუგეშოდ?! ამას ვუხსნიდით მაშინ ყველას, რომ პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ ამ საკითხს, როცა გვეუბნებოდნენ – დააწესეთ სანქციები, ჩაკეტეთ ცა, საზღვრები, ის ხალხი ან აღარაა თავის თანამდებობაზე და ახლა თბილი ოთახიდან აკვირდება ამ მოვლენებს, ან აღმოჩნდა, რომ რაც შეუძლიათ არის, რომ სოციალურ ქსელით გაამხნეონ ესა თუ ის საზოგადოება და ხელისუფლება. ამან ჩვენი საზოგადოების ყველა წევრი უნდა დააფიქროს, რომ არაფერი უნდა დააყენო შენს ეროვნულ ინტერესზე მაღლა, არავის ტკბილი სიტყვა, თხოვნა-მუდარა არ არის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა. საქმე-საქმეზე რომ მიდგება და ვიღაცის ანგარიშის გაწევისთვის რაღაცას გააკეთებ, შემდეგ გაგიჭირდება, აღმოჩნდება, რომ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გარდა არაფერი აქვთ. სესხების მსგავსად, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი სესხი იყო დახმარება, ტაშის კვრა და წითელი ხალიჩები, რომელიც ახლა ომგამოვლილ ხალხს მოუწევს, გადაიხადოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – ზუსტად ხუთ თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ყველას შეუძლია, გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში

თუ ვინმეს უნდა რეიტინგის შემოწმება, ზუსტად ხუთ თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველას შეუძლია გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, თუ რატომ არ ნიშნავს ხელახალ არჩევნებს „ქართული ოცნება“ იმ ფონზე, როდესაც საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს სულელური აზრია, რომელიც მოსდით პოლიტიკოსებს. „ასეთი სულელური აზრი მოსდით პოლიტიკოსებს, თუმცა ეს მათი უფლებაა. დემოკრატიაა საქართველოში, ადამიანებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ სულელური აზრებიც. რაც შეეხება რეიტინგებს, თუ ვინმეს უნდა რეიტინგის შემოწმება, ზუსტად ხუთ თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველას შეუძლია გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში“,- განაცხადა პრემიერმა.

ვლადიმერ პუტინი – ჩვენი სტრატეგიული კურსი, შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და განვითარების შესახებ, უცვლელი რჩება

დღეს, მსოფლიოში სწრაფი ცვლილებების კონტექსტში, ჩვენი სტრატეგიული კურსი შეიარაღებული ძალების გაძლიერების და განვითარების შესახებ, უცვლელი რჩება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავი ქვეყანაში სამშობლოს დამცველის წლად გამოცხადდა. „ჩვენ გავაგრძელებთ არმიისა და საზღვაო ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მათ საბრძოლო მზადყოფნას, როგორც რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს, მისი სუვერენული აწმყოსა და მომავლის გარანტიას, მის პროგრესულ განვითარებას. იარაღისა და აღჭურვილობის საბრძოლო გამოყენების ანალიზის გათვალისწინებით, ჩვენ გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების შევსებას ახალი, თანამედროვე მოდელებით” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ბოლო სიახლეები