ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საუბრები უკრაინასა და მთელ ევროპაზე გაიმართოს უკრაინისა და ევროპის მონაწილეობით,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
„დღეს ჩვენ ვაგრძელებთ საერთაშორისო საქმიანობას პარტნიორებთან ახალი და მეტად სასარგებლო მოლაპარაკებებით. ევროპაში მხარდაჭერა გაიზრდება და თანამშრომლობა გაძლიერდება. ამ მომენტში ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საუბრები უკრაინასა და მთელ ევროპაზე გაიმართოს უკრაინისა და ევროპის მონაწილეობით. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, განსაკუთრებით ამ საქმეში მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს რამდენიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა, მათ შორის ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, ალბანეთისა და საბერძნეთის ლიდერებს.
„უსაფრთხოების გარანტიები არის ის, რაც აერთიანებს უმრავლესობას. ევროპას, ამერიკას და ჩვენს ყველა პარტნიორს მსოფლიოში სჭირდება საერთო გაგება იმისა, თუ როგორ უზრუნველვყოთ, რომ პუტინმა ვეღარასდროს მოატყუოს ვინმე და რომ რუსეთმა ვეღარ მოუტანოს სიკვდილი სხვა ერებს – უკრაინიდან და ევროპიდან დაწყებული, სირიით, ახლო აღმოსავლეთითა და აფრიკით დამთავრებული. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი განადგურება და სიცოცხლის დაკარგვა, რაშიც ბრალი რუსეთს მიუძღვის – რუსულ არმიას, მათ სპეცსამსახურებს, მათ დაქირავებულ მებრძოლებს. მსოფლიოს სჭირდება გარანტიები და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მხარს უჭერს ამ ძალისხმევას. ამ მომენტში ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ყველა პარტნიორთან უსაფრთხოების გარანტიებზე და მხარდაჭერის კონკრეტულ ფორმებზე – ქმედებებზე, დახმარებაზე, გადაწყვეტილებებსა და გზავნილებზე. სრულმასშტაბიანი ომის მესამე წლისთავის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ყველა უკრაინელმა დაინახოს, რომ მსოფლიო ჩვენთან ერთად დგას, რჩება ძლიერი და იცავს გაერო-ს წესდების ფუნდამენტურ მიზნებსა და პრინციპებს ერების სუვერენიტეტის, ყოველი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიოში ყველა ერის აგრესიისგან დაცვის შესახებ. სამართლიანობა არ უნდა იყოს ცარიელი სიტყვა, ის მნიშვნელოვანია ყველა ერისთვის. მადლობა ყველას, ვინც უკრაინასთან ერთად დგას, რადგან ეს ნიშნავს სიმართლესთან დგომას.”- განაცხადა ზელენსკიმ.