გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა რუსეთთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანია, რომლის ფარგლებშიც გერმანიაში საარჩევნო გაყალბების შესახებ ცრუ ბრალდებები ვრცელდება.
„პოლიტიკოს“ ცნობით, სოციალურ მედიაში გავრცელებულ გაყალბებულ ვიდეოებში ნაჩვენებია, რომ ლაიფციგში საარჩევნო ბიულეტენებზე თითქოსდა არ არის მითითებული ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კანდიდატი.
კიდევ ერთ ვიდეოში ნაჩვენებია მანქანა, რომელიც, გავრცელებული ცნობით, ანადგურებს იმ ბიულეტენებს, რომლებზეც პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვისაა” შემოხაზული.
ოფიციალურმა პირებმა და უსაფრთხოების სააგენტომ დაადასტურეს, რომ ორივე ვიდეო ყალბია და ამომრჩეველთა შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.
„ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც ბუნდესტაგის არჩევნებზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. ამ დეზინფორმაციული ძალისხმევის მახასიათებლები მიუთითებს Storm-1516-ზე – რუსეთთან დაკავშირებულ გავლენის ოპერაციაზე, რომელიც აქტიური იყო წინა არჩევნებზეც“, – განუცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა „პოლიტიკოს.“
გამოცემის ცნობით, Storm-1516 არის რუსეთთან დაკავშირებული ცნობილი ჯგუფი, რომელმაც ადრეც გაავრცელა არჩევნებთან დაკავშირებული სიცრუე, მათ შორის 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. როგორც „პოლიტიკო“ წერს, ჯგუფი ეყრდნობა ყალბ საინფორმაციო ვებგვერდებს და სოციალური მედიის ანონიმურ ანგარიშებს შეცდომაში შემყვანი ნარატივების გასავრცელებლად, რაც მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის შერყევას.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება.