საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი თბილისში დანიის ეროვნულ გუნდთან ჩაატარა, მეტოქე 62:60 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.
თამაშის დაწყებამდე 30 წუთით ადრე ცნობილი გახდა, რომ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი კამარ ბოლდუინი ტრავმის გამო ვერ მიიღებდა.
შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, პირველი მეოთხედი დანიამ 21:19 მოიგო. მეტოქე ქულების აღებას, ძირითადად, პერიმეტრიდან ცდილობდა, ასევე აქტიურები იყვნენ სამწამიან ზონაშიც. საქართველომ მეორე მეოთხედში დაცვაში მჭიდროდ თამაში დაიწყო, ქართველი კალათბურთელები დანიელებს გასაქანს არ აძლევდნენ, ხოლო შეტევაში ქულებს ფარის ქვეშიდან აგროვებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შეხვედრის პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი სამქულიანი ჩააგდო, ტაიმი მაინც დამაჯერებლად, 37:25 მოიგო. აღსანიშნავია, რომ მეორე მეოთხედში დანიამ მხოლოდ 4 ქულა მოიპოვა, ხოლო საქართველოსგან 18 მიიღო.
მესამე მეოთხედში დანიელმა მოთამაშეებმა პერიმეტრიდან ზუსტად თამაშს მოუმატეს, თუმცა დაცვაში ძალიან უჭირდათ საქართველოს კაპიტნის, თორნიკე შენგელიას შეჩერება. „ვირტუს ბოლონიას“ ქართველი კალათბურთელი საკუთარ ფართანაც დამაჯერებელი იყო, ერთ-ერთ მომენტში მან სილვესტერ ბერგ პედერსენს ძალიან ეფექტურად დაუფარა, თუმცა დაცვაში სათანადო თამაშის წყალობით მეოთხედი დანიამ 20:11 მოიგო.
უკანასკნელი მეოთხედი საქართველომ კარგად დაიწყო, მაგრამ კვლავ გაუჭირდა პერიმეტრის დაცვა, დანიელი უკანახაზელები სამქულიანებს ზუსტად ისროდნენ. ძალიან ინტენსიური და დაცვითი მატჩის ბოლო წუთზე მნიშვნელოვანი სამქულიანი დუდა სანაძემ ჩააგდო და საქართველოს ნაკრები ერთი წუთით ადრე 60:58 წინ გაიყვანა. 13 წამით ადრე საჯარიმო ხაზზე დანიელთა ცენტრი ლარსენი დადგა, რომელმაც ორივე ტყორცნა გამოიყენა. მატჩის საფინალო სირენამდე 6.1 წამით ადრე კი დუდა სანაძემ გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო.
საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე მეტი, 19 ქულა თორნიკე შენგელიას ჰქონდა. მის ანგარიშზე ასევე იყო 13 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება. 16 ქულაა დუდა სანაძის ანგარიშზე, 6 ქულით დაასრულა მატჩი რატი ანდრონიკაშვილმა, 4-ით – შერმადინმა, 4-ით – ფევაძემ, 5-ით – ოჩხიკიძემ, 6-ით ბურჯანაძემ, ხოლო 2-ით – ჯინჭარაძემ. დანიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი კი ლარსენი იყო – 14 ქულა.
შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამ გამარჯვებით ოფიციალურად მოიპოვა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური. ეს ევრობასკეტი საქართველოსთვის ზედიზედ მეექვსე იქნება, რომელზეც მონაწილეობა მიიღო. ქართველებმა პირველად 2011 წელს ლიეტუვაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე იასპარეზეს, სადაც მე-12 ადგილი მოიპოვა, რაც დღემდე საუკეთესო შედეგია.
2025 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთი ოთხ ქვეყანაში – ფინეთში, კვიპროსში, პოლონეთსა და ლატვიაში ჩატარდება. გათამაშების ფინალური ეტაპის წილისყრა 27 მარტს რიგაში გაიმართება, ხოლო ტურნირი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით შედგება.
ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩს 24 თებერვალს სტუმრად სერბეთის ნაკრებთან ჩაატარებს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.